მელიქ რაისიანი ახალქალაქში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატია. რაისიანი 60 წლისაა, პარლამენტის დეპუტატი 3-ჯერ იყო - ორჯერ „საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან“ და 2004-2008 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. შემდეგ კი, რაისიანის თქმით, „ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის და ჯავახეთში ნაცმოძრაობის მიერ მოსახლეობაზე ზედმეტი წნეხის გამო“ პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა, რის შედეგად მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და სომხეთს აფარებდა თავს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, პოლიტდევნილის სტატუსით, საქართველოში დაბრუნდა. ამჟამად, რაისიანი ისევ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარული დეპუტატობისთვის იყრიდა კენჭს. „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში ამბობს, რომ ნაცმოძრაობის მიერ ჩამოყალიბებული სუს-ის სისტემის განადგურება მხოლოდ და მხოლოდ ნაცმოძრაობას შეუძლია.
რატომ გადაწყვიტეთ იბრძოლოთ მერობისთვის?
ვინ, თუ არა მე? პოლიტიკა ჩემი ცხოვრების საქმეა, 30 წელია პოლიტიკაში ვარ. ჩვენ ვმსჯელობდით იმაზე, ახალქალაქში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატისთვის დაგვეჭირა მხარი, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ იყო და ამიტომ, მე ვიყრი კენჭს. ჯავახეთში ჩვენი პარტიის გარდა ყველა დანარჩენი სუს-ის აგენტია. ის არეულობა, რაც ხდება ამჟამად ჯავახეთში, არა მხოლოდ ჩვენი ხალხის ან ქართულ-სომხური კეთილმეზობლური ურთიერთობების, არამედ პირდაპირ ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სადაც ყველგან პოლიციის შენობა გამჭვირვალეა, მხოლოდ ჩვენთან არის უზარმაზარი ღობე. ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ფარგლებში ყოველთვის ვცდილობდი ადგილობრივი სომხების იდენტობის შენარჩუნებასთან პარალელურად, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ თანასწორი მოქალაქეები ვყოფილიყავით. ჩემი მიზანია, ვიყოთ ძლიერი საქართველო, ღირსეული მოქალაქეებით“.
თქვენს მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო გარემოს როგორ შეაფასებთ?
იმის თქმაც საკმარისია, რომ ბიზნესმენებს ამხელა თანხის შემოწირულება აიძულეს. ამასთან ერთად, ჩვენი ნინოწმინდის მერობის კანდიდატს იუსტიციის სამინისტროდან წერილი მოუვიდა, რომ შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეობა წაართვან, რადგან ორი პასპორტი აქვს. „ქართული ოცნების“ კონკრეტულ პირებს ვიცნობ ახალქალაქის საკრებულოში, ვისაც ასევე მის მსგავსად ორი მოქალაქეობა აქვთ. მაჟორიტარმა სამველ მანუკიანმა კი, არჩევნებზე კენჭისყრამდე, სომხეთის საელჩოში მოქალაქეობის ანულირებაზე განცხადება შეიტანა, და ორ საათში საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა. ამასთან ერთად, უძლიერესი წნეხია ჩვენი სიის წარმომადგენლებზე, შვიდმა კანდიდატმა ცესკოს მიმართა მათი მონაწილეობის გაუქმებისთვის. რატომ უნდა მომხდარიყო ასე, ახალქალაქს ამჟამად პარტიული სია არ გააჩნია. ყველას ველაპარაკე, დავინტერესდი რატომ მიდიან, და მიპასუხეს, რომ აიძულეს, დაემუქრნენ ნათესავებს და ახლობლებს.
რა პრობლემები არის თქვენს მუნიციპალიტეტში და როგორ მოაგვარებთ არჩევის შემთხვევაში?
ყველაზე დიდი პრობლემა არის სპეცსამსახურები. აქედან გამომდინარე, მიწებს და ბიუჯეტს ისინი ანაწილებენ. არც ერთ ტენდერში, არც ერთ ადგილობრივ ბიზნესმენს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. ბიუჯეტი იხარჯება სრულიად უკანონოდ, ესაა ერთ-ერთი დიდი პრობლემა. რაც შეეხება იმას, თუ რას გავაკეთებ: პოლიციის შენობის ღობე უნდა მოვხსნათ, უნდა იყოს გამჭვირვალე, წყლის სისტემის,მოასფალტების საკითხი უნდა მოგვარდეს. უხარისხოდ გაკეთებულ ასფალტზე ვინ აგებს პასუხს?
რა აუთვისებელი რესურსები არის მუნიციპალიტეტში, როგორ ხედავთ მათ ათვისების გზას?
თქვენ იცით, რომ ჯავახეთის მოსახლეობა ძირითადად გასვლითი სამუშაოებითაა დაკავებული, თუმცა დღემდე არანაირი ინვესტიცია არ მომხდარა. უამრავი ბიზნესმენი არის, მათ ინვესტიციებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. შესაძლებელი იქნებოდა ერთი-ორი მილიონის შემოტანა მუნიციპალიტეტში. მაგრამ არ აძლევენ საშუალებას. თუ ვინმეს მოუნდება რაიმე ინვესტიციის განხორციელება, სუს-ი აკვირდება, თუ მათ მიდგომებს არ შეესაბამება კონკრეტული პირი, პირდაპირ ამბობენ „პერსონა ნეჟელაწელნა“ (არასასურველი პერსონა) და უკრძალავენ საქართველოში შემოსვლას. ყველაზე მთავარი ადამიანური რესურსია, ბიზნესმენები და მათი ინვესტიციები. ამასთან ერთად, შესაძლებელია სოფლის, ექსტრემალური და ლანდშაფტური ტურიზმის განვითარება, ულამაზესია ჩვენი მხარე.
თქვენი მუნიციპალიტეტი, თქვენივე სიტყვებით, განსაკუთრებულია. რა აწუხებს ყველაზე მეტად ადგილობრივებს?
ჩვენ ვებრძვით, რომ თანასწორი მოქალაქეები გავხდეთ, სახელმწიფო ენა უნდა ვისწავლოთ - 21-ე საუკუნეა, ამისთვის ათასი ტექნოლოგია და საშუალება არსებობს. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ესმოდა ეს ყველაფერი, იყო ზურაბ ჟვანია. მეუბნებოდა „მელიქ აქ არც შუქი არის, არც გაზი, არც გზა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სწორი იმპულსი და რეაგირება და ყველაფერიც განვითარდება აქ“. რა უნდა გითხრათ ხალხზე, ვინც ხელისუფლებას ხმების 80%-ს აძლევს? ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ ჩვენ არც ადამიანად გვთვლიან, ბიზნესმენებს აიძულებენ ამხელა შემოწირულება გადასცენ ხელისუფლებას. ჯავახეთის სომხებს უდიდესი პრობლემები აქვთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ზუსტი განცდა იმისა, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუმრად ვიქნებით აღქმული.