ელდარ მუსტაფაევი 2006-2010 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო. სხვადასხვა დროს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანიზაციისა და კეთილმოწყობის კომისიის თავმჯდომარის, ასევე, ფრაქცია ,,მეგობრობის“ თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ის 2006 წელს იყო სოფელ ახკულის არასრული საშუალო სკოლის დირექტორი, სადაც მანამდე, 1999-2005 წლებში, სამხედრო საქმის პედაგოგად მუშაობდა. ელდარ მუსტაფაევი 1996-1990 წლებში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს რეფერენტი იყო.
ამ ეტაპზე ელდარ მუსტაფაევი მარნეულის მერობის კანდიდატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ის „ფაქტ-მეტრთან“ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების საკუთარ ხედვებსა და სამომავლ გეგმებზე საუბრობს.
რატომ გადაწყვიტეთ, მარნეულის მერობისთვის იბრძოლოთ?
დღეს ჩვენს ქვეყანაში და ასევე, მარნეულში არის უამრავი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დაგროვდა და ჩვენს მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. მე, როგორც მარნეულელს, ეს მართლა მაწუხებს და მიმაჩნია, რომ თითოეულმა მარნეულელმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უკუსვლის და ნგრევის ჟამი დასრულდეს. ვხედავთ, რომ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, ემსახუროს ჩვენს მუნიციპალიტეტს, ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. დროა, ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ყველამ გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
მე გახლდით მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმ გუნდიდან, რომელმაც 2003 წელს ამოიყვანა ქვეყანა ჭაობიდან და დღესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შესწევს მისი გადარჩენის ძალა. სწორედ ამ მიზეზით და ამ მიზნით გადავწყვიტე, ჩემი კანდიდატურა შემეთავაზებინა მარნეულელებისთვის მერობის პოზიციაზე. ამის სტიმულს მაძლევს ის, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ხალხი ენდობა, რომელსაც წლების განმავლობაში უშენებია, ინვესტიციები მოუზიდავს. მე სტიმულს მაძლევენ ჩემი თანამოქალაქეები და ჩემი მარნეულელები. ყოველდღიურად, კამპანიის ფარგლებში, ვგრძნობ ჩვენი მოქალაქეებისგან სითბოს და იმედს. მინდა ვუთხრა თითოეულ მარნეულელს, რომ მე მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებ და არასდროს არ გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ხვალ, როცა საჯარო მოხელე აღარ ვიქნები, მომერიდოს მათთვის თვალებში ჩახედვა. მაქვს ამბიცია, ვიყო საუკეთესო მერი და ყველაფერს გავაკეთებ ამ მიზნის მისაღწევად.
რამდენად კარგად იცნობთ მარნეულის პრობლემებს, ამ პრობლემათაგან რომელს (რომლებს) მიიჩნევთ უმნიშვნელოვანესად?
ხელისუფლების უმოქმედობის გამო, მარნეულში დაგროვდა გზის, სასმელი და სარწყავი წყლის, განათების, გაზიფიცირების პრობლემები. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა მნიშვნელოვანია და საჭიროებს მოკლე ხანში მოგვარებას, რის საშუალებასაც ჩვენი ბიუჯეტი იძლევა. საჭიროა, მხოლოდ ხელისუფლების ნება და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემები დაჩქარებული ტემპით მოგვარდება. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეული არის აგრარული მუნიციპალიტეტი და ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილის შემოსავლის წყაროს აგრონომია წარმოადგენს, ორ მთავარ პრობლემას გამოვყოფ. ესენია: გაუფორმებელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებისა და სარწყავი წყლის პრობლემები.
მიმაჩნია, რომ ეს ორი პრობლემა არის საჩქაროდ მოსაგვარებელი, ვინაიდან იყო შემთხვევები, როცა გლეხს იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე დათესილი ჰქონდა მოსავალი და ასეთ მდგომარეობაში სახელმწიფომ გაუყიდა მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით. მოგეხსენებათ, გლეხები, ძირითადად, ბანკიდან აღებული სესხით მუშაობენ და ხელისუფლებამ ისინი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა, როცა დამუშავებული მიწის ნაკვეთები გაუყიდა. თითქმის ანალოგიური პრობლემის წინაშეა გლეხი, რომელსაც შეიძლება საკუთრებაში ჰქონდეს მიწის ნაკვეთი, მაგრამ მოსავალი გაუფუჭდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ექმნება სარწყავი წყლის პრობლემა. ხელისუფლება, ფაქტობრივად, მათ სწირავს და ეს მაშინ, როცა თვითონ სასახლეებსა და აგარაკებს იშენებენ. ეს ყველაფერი 2 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს.
თქვენ როგორ აპირებთ აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლას, გაქვთ, თუ - არა კონკრეტული გეგმა?
ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარება არის ძალიან მარტივი, თუ კი ჩვენს რაიონს ეყოლება ისეთი ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს მოქალაქეებზე და არა - საკუთარი კაპიტალის მომატებაზე. მაგალითად: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, ეკონომიკის სამინისტროსთან ჩემი შუამდგომლობით, დაკანონდება. გლეხს, რომელიც სარგებლობაში ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, სამინისტროსთან პირადად ვუშუამდგომლებ, რათა შესაძლებელი გახდეს მიწის ნაკვეთის შესყიდვა და საკუთრებაში გადაცემა. აგრეთვე არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარება, თუ არსებული არხები გაიწმინდება და იქ, სადაც ინფრასტრუქტურა მოგვცემს საშუალებას, ახალი არხები გაიჭრება. ეს ჩვენს მუნიციპალიტეტში აგრარულ სფეროს კიდევ უფრო განავითარებს და ჩვენი მოქალაქეების დოვლათი გაიზრდება.
როგორც ამბობთ, ეს სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემებია და მარნეულის მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიანი გეგმაც გაქვთ?
ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან გეგმას წარმოადგენს: სასმელი წყლით 24-საათიანი მომარაგება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით; გამომდინარე იქიდან, რომ მარნეული გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით, გასტრონომიული ტურიზმის განვითარება; ინტეგრაციისა და ტოლერანტული გარემოს დამკვიდრება. ამ საკითხებზე მუშაობა ჩვენი გამარჯვებისთანავე დაიწყება. ისედაც ბევრი დრო დაიკარგა და მეტი დასაკარგი დრო ჩვენ არ გვაქვს.
რას ფიქრობთ დეცენტრალიზაციის შესახებ, იცნობთ, თუ - არა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2020-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტს?
დეცენტრალიზაცია ნიშნავს გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას. საქართველოს კონსტიტუციითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიით, აღიარებულია პრინციპი, რომლის თანახმად, თვითმმართველ ერთეულს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღებისას ფართო დისკრეცია და მოქმედების მეტი თავისუფლება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, კანონის ფარგლებში, მმართველობა ადგილობრივი სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განახორციელოს. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2020-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი ქონების მესაკუთრე გახდება შესაბამისი მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გაიზრდება და ადგილობრივი თვითმმართველობები მატერიალურად და ფინანსურად გაძლიერდება. დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში, განხორციელდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაზრდა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ქონების მართვა; სერვისების მიწოდება; განათლების, კულტურის, ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება; გარემოს დაცვა; მეურნეობა; სოციალური დაცვა და სხვა. ეს ყველაფერი კი მუნიციპალიტეტის გაძლიერების საფუძველია და მეტად მნიშვნელოვანია.
თქვენი აზრით, არსებობს მარნეულის მუნიციპალიტეტში აუთვისებელი რესურსები, რომელთა რაციონალურად გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს გააუმჯობესებდა?
გარდა აგრარული სფეროსი, მარნეულის მუნიციპალიტეტს აქვს კულტურული სფეროს განვითარების რესურსი. მაღალმთიან ზონებში, როგორიცაა წერაქვი, შაუმიანი, ხოჯორნი, ოფრეთი და ახკერპი, საზაფხულო ბანაკები განთავსდება. ასევე გვაქვს ძველი კულტურული ღირსშესანიშნაობები და შესაბამისი ბაზის მომზადების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ტურიზმის განვითარება.
ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის პერსპექტივებს თუ ხედავთ და რა მიმართულებით?
სხვადასხვა საკითხში, როგორებიცაა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, დასაქმების ხელშეწყობა და სხვა, შესაძლებელია ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა. ეს უნდა მოხდეს შესაბამის მუნიციპალიტეტთან ინდივიდუალურად, მიმართულებების მიხედვით.
შენიშვნა: ჩვენ ინტერვიუს ჩაწერა ვცადეთ აკმამედ იმამყულიევთან, რომელიც მარნეულის მერობის კანდიდატად პარტიამ „ევროპული საქართველო - თავისუფლებისთვის“ წარადგინა. ასევე დავუკავშირდით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს ქენან ომაროვს, თუმცა, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, თანამშრომლობა არ შედგა.