იტვირთება

კახა კალაძე: ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დაიწყება

ვერდიქტი: არ შესრულდა

რეზიუმე: მიწისზედა მეტროს პროექტი მოქმედმა მერმა 2018 წელს დააანონსა. მაშინ კალაძე აცხადებდა, რომ მეტროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დაიწყებოდა და ეტაპობრივად, 2020-2021 წლებში, დასრულდებოდა. დღეის მდგომარეობით, პროექტის მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაა ჩატარებული და მისი შემდგომი ბედი, გაურკვეველია. კახა კალაძე პროექტის განუხორციელებლობას კოვიდპანდემიით ხსნის. დაპირების მიხედვით, მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, მაშინ, როდესაც კორონავირუსი ჯერ კიდევ არ არსებობდა. შესაბამისად, კახა კალაძის დაპირება მიწისზედა მეტროსთან დაკავშირებით, არ შესრულდა.

ანალიზი

მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტი 2018 წელს „მწვანე პოლიტიკა-ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე წარადგინა. მაშინ კახა კალაძე აცხადებდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დაიწყებოდა.

მიწისზედა მეტროს ხაზი მეტროსადგურ „სამგორიდან“, აეროპორტის გავლით, ლილოს ბაზრობამდე, 8 ახალი სადგურის: „სამგორი 2“, „კახეთის გზატკეცილი“, „ისთ პოინთი“, „ორხევი“, „აეროპორტის დასახლება“, „აეროპორტი“, „ლილოს დასახლება“, „ლილოს ბაზრობა“, მშენებლობას გულისხმობდა.

მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოდან უნდა დაწყებულიყო და ახალი ხაზი ეტაპობრივად, 2020-2021 წლის განმავლობაში, უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში. პროექტის სავარაუდო ღირებულება 90 მლნ აშშ დოლარი იყო, საიდანაც 30 მლნ აშშ დოლარი ვაგონების შესაძენად, დანარჩენი თანხა კი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაიხარჯებოდა. მეტროს მოცდის სავარაუდო დროდ 10 წუთი სახელდებოდა, რომელიც ეტაპობრივად შემცირდებოდა. მეტროს ახალი ხაზით ყოველდღიურად 200 000 ადამიანს უნდა ესარგებლა. პროექტის მეორე ეტაპზე თბილისი მიწისზედა მეტროთი რუსთავს უნდა დაკავშირებოდა.

მიწისზედა მეტროს პროექტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კითხვები იმთავითვე არსებობდა. ჩვენ აქ დეტალების განხილვაში არ შევალთ. ერთს აღვნიშნავთ, რომ, როგორც კალაძე აცხადებდა, მიწისზედა მეტრო დღიურად 200 000 ადამიანს მოემსახურებოდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში არსებულ მეტროს ორივე ხაზს ყოველდღიურად დაახლოებით 250-300 000 მგზავრი გადაჰყავს. ასევე კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ორხევი-ლილო-აეროპორტის ზონიდან ან ამ ზონისკენ გადაადგილება ჯამში, 130 971 მგზავრი იყო, საიდანაც მოტორიზებული საშუალებით (ავტომობილი, მოტოციკლი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით) გადაადგილება 73 715 მგზავრს შეადგენდა. შესაბამისად, ახალ მიმართულებაზე მგზავრთა ნაკადის მოსალოდნელი ყოველდღიური რაოდენობა (200 000 მგზავრი), გადაჭარბებული იყო (პროექტთან დაკავშირებით ურბანული ლაბორატორიის მერ გამოთქმული სხვა შენიშვნები იხ. აქ).

მიმდინარე წლის მარტში თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აცხადებდა, რომ მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა, თუმცა, მერიამ ავსტრიულ კომპანიას მეტროს პროექტირება არ დაუკვეთა.

მისი ინფორმაციით, მიწისზედა მეტროს პროექტი რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელებულიყო. პირველ ეტაპზე ჩატარდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, შემდეგ პროექტირება და მშენებლობა. მერის მოადგილის ინფორმაციით, იმ დროისთვის ჯერ გადაწყვეტილი არ იყო, პროექტი საერთოდ განხორციელდებოდა, თუ - არა.

ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 12 მლნ ლარზე მეტი დაჯდა.

„ფაქტ-მეტრმა“ მიწისზედა მეტროს პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამოითხოვა.

მათი პასუხის მიხედვით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ თბილისის აღმოსავლეთ საზღვრის აგლომერაციაში სუბურბანული რკინიგზის განვითარების საპროექტო მომსახურებისთვის ხელშეკრულება კომპანია „ILT Consulting Engineers Georgia LLC”-თან გააფორმა. ხელშეკრულება რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა, საიდანაც დღეის მდგომარეობით დასრულებულია წინასწარი კვლევის ეტაპი (მიზანშეწონილობის კვლევავ -feasibility study). მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შემდგომი ეტაპის განხორციელება დროებით შეჩერებულია.

თვითონ კახა კალაძეც პროექტის განუხორციელებლობას კოვიდპანდემიით ხსნის. მისი განცხადებით, პანდემიის გამო, ბოლო ორი წელი იყო ურთულესი და მერიას მოუწია დაგეგმილი პროექტების გაჩერება.

განხილულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კახა კალაძის დაპირება მიწისზედა მეტროს პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით, არ შესრულდა. უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, პროექტი სამომავლოდაც არ განხორციელდება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3377 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი