იტვირთება

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბუნებრივად გამომუშავებული იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინაციის შედეგად შეძენილი. აღნიშნული ინფორმაცია, მართალია, რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა კვლევასა და ანგარიშს ეყრდნობა, თუმცა ხშირად ცალკეული დეტალების უგულებელყოფითა და კონტექსტის დამახინჯებით, გავრცელებული Facebook-პოსტები, საბოლოო ჯამში, ვაქცინაციის მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებენ.

ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ხანგრძლივ და ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე ფაიზერის ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტი. იმავე კვლევაში ნათქვამია, რომ საუკეთესო დაცვას ბუნებრივი იმუნიტეტი და ვაქცინის ერთი დოზა იძლევა. გასათვალისწინებელია, რომ კვლევას ჯერჯერობით რეცენზია არ გაუვლია და შემდგომი შემოწმებით შესაძლოა, შედეგები შეიცვალოს კიდეც.

ბუნებრივი და ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტის შესახებ მსჯელობა აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 აგვისტოს MedRxiv.com-ზე ისრაელში Maccabi Healthcare Services-ის მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი, არარეცენზირებული (pre-print) შედეგები გამოქვეყნდა.

კვლევაში Maccabi Healthcare Services სისტემაში მყოფი 674 000 სრულად ვაქცინირებული და 105 000 ინფიცირებული (63 000 არავაქცინირებული, ხოლო 42 000 ინფიცირებიდან 3 თვეში Pfizer-ის ერთი დოზით აცრილი) პაციენტის ჩანაწერები განიხილეს. კვლევამ დაადგინა:

1) ადამიანებს, რომლებსაც იანვარსა და თებერვალში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა ჰქონდა მიღებული (16 000 ადამიანი), მათ COVID-19-ით თავიდან ინფიცირების ალბათობა 13-ჯერ მეტი იყო, ვიდრე იმ ადამიანების, ვინც იანვარ-თებერვალში COVID-19 გადაიტანეს და არავაქცინირებული იყვნენ (16 000 ადამიანი).

2) 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლამდე, COVID-19-ის სხვადასხვა ვარიანტით დაინფიცირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებთან შედარებით, სრულად ვაქცინირებული პირები 6-ჯერ უფრო მეტად ინფიცირდებოდნენ და 7-ჯერ უფრო მეტად განიცდიდნენ სიმპტომურ დაავადებებს.

3) კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ხანგრძლივად და ძლიერად იცავს ადამიანს დელტა ვარიანტისგან გამოწვეული ინფექციის, სიმპტომური დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციისგან, ვიდრე Pfizer-ის ორი დოზის მიღების შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი. ასევე, წარსულში ინფიცირებულმა და ვაქცინის ერთი დოზით აცრილმა ადამიანებმა, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ დამატებითი დაცვა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ მონაცემების შესწავლა 2021 წლის ივნის-აგვისტოს პერიოდში მიმდინარეობდა, როდესაც ისრაელში კორონავირუსის დელტა ვარიანტი დომინირებდა. კვლევა მალევე გამოქვეყნდა და მას შემოწმება არ გაუვლია, რჩება იმის ალბათობა, რომ მასში გარკვეული სახის შეცდომები იყოს დაშვებული. მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ფაქტორი (ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაინფიცირების/ვაქცინაციის დრო) თავისუფლად შესაძლებელია, რომ სხვა გარემოებები, რასაც რეალურად შედეგებზე გავლენა ექნებოდათ, ყურადღების მიღმა დარჩენილიყო. მაგალითად, კვლევაში ინფიცირებულ ადამიანებს შორის შესაძლებელია, უსიმპტომო პაციენტები არ იყოს დაფიქსირებული, რადგან მათ ტესტირების და შესაბამისად, ინფიცირების აღმოჩენის ნაკლების მიზეზი ექნებოდათ. ასევე, კვლევაში არ არის გათვალისწინებული, სოციალური დისტანციის კონტროლი და პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც რეალურად ინფიცირების რისკზე გავლენას ახდენს.

ისრაელის კვლევის შედეგებს წონას მატებს როკფელერის უნივერსიტეტის ახალი კვლევა, რომელიც ყურადღებას სხეულის ვირუსებისგან დაცვის მოლეკულურ დონეზე, მეხსიერების B უჯრედებზე ამახვილებს. B-უჯრედები ანტისხეულების გაქრობის შემდეგ ვირუსის „გეგმას“ იმახსოვრებენ და როდესაც ორგანიზმში ინფექცია აღმოჩნდება, მის წინააღმდეგ ანტისხეულებს ქმნიან. B-უჯრედების წარმოქმნა ბუნებრივი ინფიცირებისა და ვაქცინაციის შედეგადაც ხდება. ანგარიშის თანახმად, ვაქცინის შედეგად ორგანიზმში მოცირკულირე ანტისხეულების უფრო დიდი რაოდენობა წარმოიქმნება, ვიდრე ბუნებრივი ინფიცირების შემთხვევაში. ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ ბუნებრივი ინფიცირებისგან წარმოქმნილი მეხსიერების B-უჯრედები შესაძლოა mRNA ვაქცინებით წარმოქმნილ უჯრედებს აღემატებოდეს. როკფელერის უნივერსიტეტის გუნდმა დაადგინა, რომ ბუნებრივი ინფიცირების შედეგად წარმოქმნილი მეხსიერების B უჯრედები უფრო მდგრადია, რადგან ისინი განვითარებას რამდენიმე თვის განმავლობაში აგრძელებენ, მაშინ როცა ვაქცინით წარმოქმნილი B-უჯრედები ორი თვის შემდეგ ცვლილებას წყვეტენ. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი იმუნიტეტით წარმოქმნილი მეხსიერების B-უჯრედები ვირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგაც უკეთეს დაცვას უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ დასახელებული კვლევაც წინასწარია და დამატებითი კვლევებით, შემდგომში საერთო სურათი შესაძლოა შეიცვალოს.

ბუნებრივი იმუნიტეტს დამატებული ვაქცინის იმუნიტეტის სარგებელი

როგორც უკვე აღინიშნა, ისრაელის კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის, რომ წარსულში ინფიცირებული და ვაქცინის ერთი დოზით აცრილი ადამიანები, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ დამატებითი დაცვას იძენენ.

ვაქცინაციის სარგებელს ხაზი გაუსვა აგვისტოში ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ კენკუტის პაციენტებზე ჩატარებულმა კვლევამ. კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც 2020 წელს COVID-19-ით დაინფიცირდნენ და შემდგომში არ აცრილან, რეინფიცირების 2-ჯერ მაღალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, რომლებიც ინფიცირების შემდეგ ვაქცინირებული იყვნენ. თუმცა, მკვლევრებმა აღნიშნეს ისიც, რომ ვაქცინირებული ადამიანები, სავარაუდოდ, ტესტირებას ნაკლებად მიმართავდნენ, რაც რეინფიცირების რიცხვების რაოდენობაზე გავლენას მოახდენდა და შეცვლიდა.

ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის (Oregon Health and Science University) გუნდის მიერ 2021 წლის აპრილში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაციამ ბუნებრივი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში ანტისხეულების საპასუხო რეაქცია ვირუსის ვარიანტების წინააღმდეგ გააძლიერა. იმავე დასკვნამდე მივიდა მერილენდის ჯანდაცვის მუშაკთა მცირე რაოდენობაზე ჩატარებული კვლევაც, რომ წარსულში ინფიცირებული და მოდერნას თუ ფაიზერის ვაქცინის ერთი დოზით აცრილი ადამიანები დამატებით დამცველობას იძენდნენ.

ბუნებრივ და ვაქცინის მიერ გამომუშავებულ იმუნიტეტზე საუბრისას, გასათვალისწინებელია, რომ სხვა კვლევები ვაქცინის მიერ გამომუშავებულ იმუნიტეტს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. National Institute for Health-ის გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ი-რნმ ვაქცინის საპასუხოდ წარმოქმნილი ანტისხეულები, ბუნებრივი ინფექციისგან შეძენილ ანტისხეულებთან შედარებით, COVID-19-ის ვარიანტების უფრო ფართო სპექტრს ამოიღებს მიზანში, რომელთაც სასიცოცხლო მნიშვნელობის სპაიკ პროტეინის ნაწილში „ერთი ასო“ (one letter) ცვლილება ექნებათ.

დღეისათვის, ცალსახაა ის, რომ COVID-19-ით ინფიცირებამ ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს, ხოლო ინფექციის წინააღმდეგ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ეფექტურია, თუ ვაქცინით გამომუშავებული, ჯერჯერობით დადგენილი არ არის. დღეისათვის უცნობია, თუ რამდენ ხანს იცავს ადამიანს ბუნებრივი იმუნიტეტი, მით უმეტეს, ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნის პირობებში. შესაბამისად, მხოლოდ ბუნებრივ იმუნიტეტზე კონცენტრირება და ვაქცინაციაზე უარის თქმა მაღალი რისკის შემცველია.

როკფელერის მოლეკულური იმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, პროფესორ მიშელ ნუზენცვაიგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ინფექციის შედეგად შესაძლოა უფრო მეტი რაოდენობით ანტისხეული გამომუშავდეს ორგანიზმში, ვიდრე ვაქცინით, ასევე შესაძლებელია, რომ ბუნებრივმა ინფიცირებამ ადამიანის გარდაცვალებაც გამოიწვიოს: „მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივმა ინფექციამ შეიძლება გააძლიეროს ანტისხეულები უფრო ფართო პოტენციალით, ვიდრე ვაქცინამ. ბუნებრივმა ინფექციამ შესაძლოა, მოგკლას კიდეც. ვაქცინა კი ამას არ იზამს და ინფექციისგან გამოწვეული სერიოზული დაავადებებისა და გარდაცვალებებისგან გიცავთ“.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3364 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი