იტვირთება

დეზინფორმაცია: ევროკავშირის სესხის სანაცვლოდ საქართველოს ავღანელი ლტოლვილები უნდა მიეღო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12 სექტემბერს ონლაინ მედია სააგენტომ „თვალსაზრისი“ დეზინფორმაციული შინაარსის ბლოგი გამოაქვეყნა, რომლის ავტორიც ლაშა ამირეჯიბია. ამირეჯიბი საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შემოყვანის გეგმაზე საუბრობს, გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ის 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან COVID-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებაში დასახმარებლად უნდა მიეღო.

„ჩემთვის წყაროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აგრეთვე ნახსენები იყო ის 75 მილიონი დოლარი, რის სანაცვლოდაც ჩვენს ქვეყანას უნდა მიეღო ავღანელი ლტოლვილები, რაზეც ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა“, - წერს ავტორი.

ინფორმაცია, რომ 75 მილიონი ევროს ოდენობის თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ავღანელი ლტოლვილები უნდა მიეღო, სინამდვილეს არ შეესაბამება. შესაბამისად, უნდა შეფასდეს, როგორც ყალბი ამბავი.

ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხის მიღების წინაპირობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განისაზღვრა, რომელთა შორის მთავარი, სასამართლო სისტემის რეფორმას უკავშირდებოდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია მსგავს თემაზე). მემორანდუმით ავღანელი ლტოლვილების საქართველოში მიღება გათვალისწინებული არ იყო.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემის ნაწილში მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები მოგვიანებით ზუსტად აისახა „შარლ მიშელის დოკუმენტში“, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში მომზადდა და რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 28 ივლისს დატოვა.

31 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ 75 მლნ ევროს დახმარებაზე (ევროკავშირიდან მისაღები 150 მლნ-იანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის) საქართველომ უარი თქვა.

მალევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სინამდვილეში ხელისუფლებამ უბრალოდ დაასწრო ევროკავშირს განცხადების გაკეთება და წარმოაჩინა, თითქოს თავად აცხადებდა უარს იმ დახმარების მიღებაზე რომლის გამოყოფასაც, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, არც არავინ აპირებდა.

რაც შეეხება, საქართველოს მიერ ავღანელი ლტოლვილების მიღების საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით მანიპულაციები რუსული სამთავრობო არხებიდან გავრცელდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსული სააგენტოების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში ავღანელი ლტოლვილების შეფარება დროებითი ღონისძიებაა: „საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, კერძოდ, სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდში, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, აზიის განვითარების ბანკსა და ავღანეთში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე, რომელთა საქართველოში ევაკუაცია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება. ეს პირები საქართველოში მხოლოდ რამდენიმე საათით რჩებიან და ამის შემდგომ. ისინი დანიშნულების ქვეყნებში მიემგზავრებიან“.

---------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3377 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი