იტვირთება

დეზინფორმაცია: ჯანმოს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინის სამი დოზაც არ იქნება საკმარისი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 12 სექტემბერს, Facebook-მომხმარებელმა გოჩა ჩუმაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის კორონავირუსის ვაქცინის ეფექტურობაზე საუბრობს. კერძოდ, მისი მტკიცებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ვაქცინის სამი დოზის გაკეთებაც არ იქნება საკმარისი და შესაძლოა, ათი დოზის გამოყენებაც საჭირო გახდეს. ამის დასტურად მას საფრანგეთი მოჰყავს, სადაც ნორმად ვაქცინის რვა დოზაა განსაზღვრული“. ჩუმაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ვაქცინის დოზების ზრდისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღიარებენ, რომ ეს ვაქცინები შესაძლოა ახალი შტამების მიმართ ეფექტური საერთოდ არ იყოს. რეალურად, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის მსგავსი განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც და მისი პრეზიდენტიც, არათუ ათამდე ვაქცინის დოზის, დღეისათვის ბუსტერ დოზების გამოყენების წინააღმდეგია. ამ წინააღმდეგობის მიზეზი - ვაქცინების ისედაც შეზღუდული რაოდენობიდან უმრავლესობის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოხმარებაა, მაშინ როდესაც ღარიბ ქვეყნებში ვაქცინების მიწოდების მნიშვნელოვანი პრობლემაა შექმნილი. ცნობისთვის, ვაქცინაციის პროცესში მესამე ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენების გარდა, სხვა დოზების გამოყენების განხილვაზე საუბარი, არც სხვადასხვა ავტორიტეტულ ჯანდაცვის ორგანიზაციაში და არც სახელმწიფოთა მთავრობებში, ამ დრომდე არ დაწყებულა.

ტედროს ადანოს გებრეისუსი ვაქცინების კანდიდატების გამოჩენის საწყისს ეტაპზევე ხაზს უსვამდა, რომ ვაქცინები პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნებოდა, თუმცა მხოლოდ ვაქცინა პანდემიას ვერ დაამთავრებდა. მისი თქმით, პანდემიასთან გასამკლავებლად კვლავ აქტიურად უნდა გაგრძელებულიყო ტესტირების პროცესი, დაფიქსირებული შემთხვევების იზოლირება და მოვლა, კონტაქტების მოძიება და მათი კარანტინში მოთავსება, ასევე საზოგადოების წახალისება და მოწოდება სიფრთხილის გამოჩენისკენ.

ვაქცინაციის დაწყების შემდეგ კი, ჯანმომ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება ვაქცინების უმრავლესობის მაღალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნების მიერ შესყიდვის თაობაზე, რადგან მსგავსი ქმედებით დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, რადგან ვაქცინების წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად, მისი სამართლიანად განაწილება პანდემიის მწვავე ეტაპის დასრულების მთავარ ბარიერს წარმოადგენდა.

მას შემდეგ რაც სხვადასხვა ქვეყანამ მოსახლეობის ვაქცინის მესამე დოზით - ე.წ. ბუსტერით, აცრაზე დაიწყო საუბარი (მათ შორის აგვისტოს დასაწყისში ისრაელს მესამე დოზით უკვე 500 000-მდე ადამიანი ჰყავდა აცრილი), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბუსტერების გამოყენების თაობაზე დროებითი მორატორიუმის დაწესების მოწოდება გააჟღერა. ჯანმო აგვისტოში ქვეყნებს ბუსტერ დოზების სექტემბრის ბოლომდე გამოყენებაზე უარის თქმისა და ამ დოზების სხვა ღარიბი, დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის გადაცემისკენ მოუწოდებდა. გებრეისუსის თქმით, ის მიესალმება იმუნიტეტის გაძლიერებას, თუმცა გაძლიერებული იმუნიტეტი მნიშვნელობას კარგავს, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპი შენარჩუნებულია ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის გამო. სექტემბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მორატორიუმი კოვიდვაქცინების ბუსტერ დოზების გამოყენებაზე წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.

რაც შეეხება საფრანგეთში ვაქცინის დოზების დაწესებულ ნორმას, ქვეყანაში ვაქცინის დოზებზე რაიმე ზღვარი დაწესებული არ არის და ვაქცინაცია ჩვეულებრივ ვაქცინის ორი დოზით მიმდინარეობს. საფრანგეთში ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის 27 დეკემბერს, ფაიზერის ვაქცინით დაიწყო. 2021 წლის 15 სექტემბრის მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 74,1% ვაქცინის ერთი დოზით არის აცრილი, ხოლო 70,2% კი სრულად ვაქცინირებულია. მიმდინარე წლის აგვისტოში, საფრანგეთმა კორონავირუსის ბუსტერ დოზებით ხანდაზმულებისა და მოწყვლადი ჯგუფის წევრების აცრა დაიწყო, თუმცა ქვეყანას მთლიანი მოსახლეობის ბუსტერ დოზებით აცრის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. ბუსტერების გამოყენების გადაწყვეტილება ასევე სხვა ქვეყნებშიც მიიღეს:

ისრაელი - ბუსტერ დოზით აცრა 60 წელზე უფროს ასაკობრივ ჯგუფში ივლისის ბოლოს დაიწყო, ახლა კი ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდა და 12 წელზე ზემოთ ადამიანებს მოიცავს;

გერმანია - ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინების ბუსტერ დოზებით აცრა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის სექტემბერში დაიწყება.

ამერიკის შეერთებული შტატები - ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის საკონსულტაციო კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, ბუსტერული დოზებით მოიცავენ 65 წელზე უფროსი და მოწყვლადი ადამიანების ჯგუფებს. მთლიანი მოსახლეობის ბუსტერ დოზით ვაქცინაცია ჯერჯერობით არ იგეგმება.

ლუქსემბურგი - ბუსტერები გამოიყენებოდა სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, 14 სექტემბრის განკარგულებით კი ჯგუფი გაფართოვდა და მოიცვა - 75 წელზე უფროსი ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებნი და დიალიზზე მყოფი ადამიანები;

დიდი ბრიტანეთი - 16 სექტემბერს ბუსტერ დოზით 50 წელზე უფროსი ასაკის ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების ვაქცინაცია დაიწყო.

ხოლო პოსტში გაჟღერებული მტკიცება, რომ ვაქცინები ვირუსის ახალი ვარიანტების მიმართ ეფექტური არაა, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. რეალურად, SARS-CoV-2 ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და დღეისთვის არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მათ წინააღმდეგ ნაკლებ ეფექტურობას აჩვენებს, როგორც ეს დელტა ვარიანტის შემთხვევაში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, დღემდე WHO-ის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა ძალზე ეფექტურია მძიმე დაავადებებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.

ამრიგად, პოსტში მოცემული მტკიცება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის განცხადებით, ვირუსის წინააღმდეგ არც სამი დოზის გამოყენება იქნება საკმარისი და შესაძლოა ათამდე დოზის გამოყენება გახდეს საჭირო, სიმართლეს არ შეესაბამება და დღეს არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობის დისკრედიტაციას ემსახურება.

------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3377 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი