იტვირთება

მიხეილ სააკაშვილი: უმუშევრობის დონით საქართველო მსოფლიოს პირველ ხუთეულშია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: ILO-ს მონაცემებით, ტექნიკურად საქართველო უმუშევრობის დონით, 186 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულს შორის მე-13 ადგილს იკავებს. აღნიშნული სტატისტიკა საქართველოს შემთხვევაში უმუშევრობის დონის 2020 წლის მაჩვენებელს, უმეტეს შემთხვევაში კი 2020 წლამდე, ანუ პანდემიამდე პერიოდის მონაცემებს ასახავს. სხვადასხვა წლის მონაცემების, მით უმეტეს, პანდემიამდე და შემდგომი პერიოდის, ერთმანეთთან შედარება რეალურ სურათს ამახინჯებს და მანიპულაციურია. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების ერთმანეთთან შედარება, უმუშევრობის აღრიცხვის განსხვავებული მეთოდოლოგიის გამო, ასევე არამართებულია.

ანალიზი

გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „საქართველო არის მსოფლიოს პირველ ხუთეულში, ოთხ აფრიკულ ქვეყანასთან ერთად, უმუშევრობის მაღალი დონით“.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, ტექნიკურად, საქართველო უმუშევრობის დონით, 186 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულს შორის მე-13 ადგილს იკავებს. აღნიშნული სტატისტიკა საქართველოს შემთხვევაში უმუშევრობის დონის 2020 წლის მაჩვენებელს, სხვა ქვეყნები შემთხვევაში კი, უმეტესად, 2020 წლამდე, ანუ პანდემიამდე პერიოდის [2019 წლის და 2014-2018 წლების] მონაცემებს ასახავს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, გლობალურად, პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისსა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უმუშევრობის დონეზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა. 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით, 18.5%-მდე გაიზარდა. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა წლის მონაცემების ერთმანეთთან შედარება არამართებულია, პანდემიამდე და შემდგომი პერიოდის ერთმანეთთან შედარება, რეალურ სურათს კიდევ უფრო ამახინჯებს და მანიპულაციურია. მაგალითისთვის, აღნიშნულ სტატისტიკაში საქართველოში უმუშევრობის დონე მცირედით [0.2 პროცენტული პუნქტით] აღემატება სომხეთის მაჩვენებელს, რადგან სომხეთის შემთხვევაში აღებულია 2019 წლის, ანუ პანდემიამდე არსებული მაჩვენებელი. რეალურად კი, 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე უფრო დაბალი [17.6%] იყო, ვიდრე სომხეთში [18.3%].

წყარო: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)

სხვადასხვა ქვეყნის მონაცემის ერთმანეთთან შედარება, უმუშევრობის აღრიცხვის განსხვავებული მეთოდოლოგიის გამო, ასევე არამართებულია. ILO-ს უმუშევრობის სტატისტიკის ახალი სტანდარტი, რომელიც ყველა ქვეყანაში არ არის დანერგილი, უმუშევრობის დონის ტექნიკურ ზრდას და დასაქმების დონის მაჩვენებლის შემცირებას განაპირობებს. ამასთან, რიგ ქვეყნებში (მაგალითად აფრიკულ ქვეყნებში) სადავოა, უმუშევრობის დონის სტატისტიკა რეალურ სურათს რამდენად შეესაბამება.

ILO-ს მიერ შემოთავაზებული უმუშევრობის დათვლის ახალი სტანდარტი ოფიციალურად 2018 წლის ოქტომბერში, შრომის სტატისტიკოსთა მე-20 საერთაშორისო კონფერენციაზე, შევიდა ძალაში. რიგ ქვეყნებში ის უკვე დაინერგა, თუმცა არა ყველაში. საქართველო ILO-ს მიერ შემოთავაზებულ ახალი სტანდარტზე გასულ წელს გადავიდა და უმუშევრობა/დასაქმების სტატისტიკის გადაანგარიშება მოხდა. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის აღრიცხვის ახალი სტანდარტი ქვეყანაში არსებულ ვითარებას, უფრო რეალურად ასახავს. ახალი მეთოდოლოგიით, თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირება მოხდა, ნაწილი უმუშევართა კატეგორიაში, ნაწილი კი სამუშაო ძალის მიღმა გადავიდა. შედეგად, უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო სამუშაო ძალა, ანუ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შემცირდა, რასაც უმუშევრობის დონის მკვეთრი ზრდა მოჰყვა. ძველი მეთოდოლოგიით 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 11.6%-ს შეადგენდა, ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშების შედეგად, უმუშევრობის მაჩვენებელი 17.6%-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ILO-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით, პოლიტიკოსები ხშირად მანიპულირებენ. რეალურად კი, მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგის განსაზღვრისთვის, აუცილებელია, რომ ქვეყნები უმუშევრობის სტატისტიკას მსგავსი მეთოდოლოგიით აღრიცხავდნენ. ამასთან შესადარებლად იდენტური წლები უნდა ავიღოთ. „ფაქტ-მეტრი“ იზიარებს იმ პოზიციას, რომ უმუშევრობა ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, თუმცა მტკიცება, რომ უმუშევრობის დონით საქართველო მსოფლიოს პირველ ხუთეულშია, ტექნიკურადაც კი სიმართლეს არ შეესაბამება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3378 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი