პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქის მერობის კანდიდატად მელქონ მაკარიანი წარადგინა. მაკარიანი პოლიტიკაშია 2012 წლიდან არის ჩართული. თავდაპირველად ის „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი იყო, შემდგომ კი - 2014 წელს, საკრებულოში კახა კუკავას ბლოკის დეპუტატი იყო, 2017 წელს კი საკრებულოში დეპუტატად უკვე პარტია „ქართული ოცნებიდან“ იყო არჩეული. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს ის „ქართული ოცნების“ ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატ სამველ მანუკიანის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო. მაკარიანი „ფაქტ-მეტრთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პროგრამა მიზანმიმართულად არ გააჩნია. ძირითად დაპირებებს კი სოფლებში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტებისას აჟღერებს, დეტალებს სოციალურ ქსელში არ ავრცელებს. მისი სიტყვებით, სოფლის მაცხოვრებლები ამ შეხვედრებს თუ არ ესწრებოდნენ, ერთმანეთისგან მაინც გაიგებენ, თუ რა საკითხები იყო განხილული.
მელქონ მაკარიანის სახელი გაჟღერდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში, სადაც ის გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ სუს-ის აგენტად მოიხსენია. ინტერვიუში ჩვენ მას ამ ბრალდების შესახებაც დავუსვით კითხვა.
საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი იყავით აქამდე. როგორ შეაფასებთ თქვენს საქმიანობას საკრებულოში?
ბიუჯეტის ფარგლებში ყველა დაგეგმილი აქტივობის მაქსიმალურად განხორციელების და კონტროლის შესაძლებლობა გვქონდა. ჩვენ მაკონტროლებელი ორგანო ვართ. ჩემი საქმიანობის ფარგლებში, კონტროლს ვახორციელებდი. არც ერთი პროექტი არ დარჩენილა ჩვენი კონტროლის მიღმა. სანამ არ მივიდოდით ადგილზე და ყველა დეტალს არ გავეცნობოდით, არც ერთ პროექტს არ ვადასტურებდით. იყო ასევე პრობლემებიც, თუმცა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის. ამ შემთხვევებშიც, ყველაფერს ვსწავლობდით და პრობლემას ვაგვარებდით. ჩვენი მიზანი იყო ერთი: რომ თითოეული თეთრი სწორი დანიშნულებისთვის ყოფილიყო დახარჯული.
რატომ გადაწყვიტეთ იბრძოლოთ ახალქალაქის მერობისთვის?
უპირველეს ყოვლისა, როგორც აღვნიშნე, ჩემი გუნდი ყოველთვის ხედავდა ჩემს პერსპექტივას და აქტიურობას. ამ წლების მანძილზე მე მქონდა ძალისხმევა ჯავახეთის, ახალქალაქის და სოფლების განვითარებისთვის და ამ საქმეში ჩემი წვლილი მინდა რომ მქონდეს.
რა პრობლემები არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და როგორ აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას?
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უმეტესი სოფლების პრობლემებს გავეცანი, ვყოფილვარ ადგილზე, გავეცანით ხალხს და არსებულ პრობლემებს. ძირითადი პრობლემები დაკავშირებულია დასალევ და სარწყავ წყალთან, გზებთან, ჯერ კიდევ არის სოფლები, რომლებიც გაზიფიცირებულიც კი არ არის. ასეთი 22 სოფელია. არ გვინდა მოსახლეობა მოვატყუოთ, დაახლოებით გვაქვს პასუხი და მალევე ეს პრობლემა მოგვარდება.
მაინც რომ დააკონკრეტოთ, რომელ სოფლებში მოგვარდება წყლის და გაზის პრობლემა და როდის იქნება ეს?
მაგალითად, გამოცხადებული ტენდერის შედეგად უკვე მზად არის შემსრულებელთან ხელშეკრულება: ორწლიანი პროექტის ფარგლებში სოფლები სულდას, დადეშის, მიასმიკიანის და ბოზალის წყლის პრობლემის მოგვარებისთვის 1,5 მილიონზე მეტი თანხა დაიხარჯება. ასევე, სოფელ კარწახში 400 000 ლარის ფარგლებში ტენდერი არის გამოცხადებული, სამუშაოები დაწყებულია. ამასთან ერთად, არის სოფლები სადაც სამუშაოები დაგეგმილია მომდევნო წლის ბიუჯეტში.
რას იტყვით მუნიციპალიტეტის აუთვისებელ რესურსებზე და თქვენი გუნდის მმართველობის პირობებში რატომ ვერ იქნა ათვისებული?
უკვე იმ დონემდე ვართ მისული, რომ ტურიზმის განვითარების ჭრილშიც, პერსპექტივები გვაქვს. გვაქვს საინტერესო ლოკაციები, ასევე დასვენების ზონები, რომლებიც ცნობილი არ არიან საზოგადოებისთვის. უნდა ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ განვავითაროთ ეს ადგილები. ასევე, ისტორიული ახალქალაქის ციხე, რომლის შესახებ ბევრჯერ იყო ნათქვამი, თუმცა ამ საქმეში კორონავირუსმა შეგვიშალა ხელი, ამიტომაც გადავდეთ. იმედია, მალევე შევძლებთ სამუშაოების განახლებას.
მუნიციპალიტეტს თუ აქვს გრძელვადიანი განვითარების გეგმა და არჩევის შემთხვევაში, როგორ აპირებთ ამის განხორციელებას?
მუნიციპალიტეტს განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს და არჩევის შემთხვევაში ამ 4- წლიან პერიოდს მაქსიმალურად გამოვიყენებ. მთავარი აქცენტი ტურიზმზე, დასვენების ზონებსა და ჩვენი ახალგაზრდობის დასაქმებაზე უნდა გაკეთდეს. ახალგაზრდების და ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლების ჩართულობისთვის, საინტერესო პროექტების განსახორციელებლად შესაბამისი გარემო უნდა შევქმნათ.
რაიმე კონკრეტული პროგრამის შესახებაა საუბარი და თუ კი, იქნებ უფრო დაწვრილებით გვესაუბროთ მის შესახებ?
კონკრეტული პროგრამა არ არის, ჩვენ დავდივართ სოფლებში, ვეცნობით ადგილობრივების პრობლემებს და შესაბამისად, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რა საჭიროებები აქვს უმრავლესობას. არ მინდა, რომ ეს საკითხი გადაწყდეს ერთპიროვნულად, ეს უნდა იყოს პირდაპირ მოსახლეობასთან შეთანხმების გზით.
სოციალურ ქსელებში თქვენს ოფიციალურ გვერდებზე ვხედავთ ხოლმე პუბლიკაციებს კამპანიის ფარგლებში სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ, თუმცა დეტალები, თუ რა დაპირება მიეცით მოსახლეობას, ან საარჩევნო პროგრამა, ვერ ვნახეთ. სად შეგვიძლია ვიხილოთ თქვენი საარჩევნო პროგრამა?
ჩვენ კონკრეტულად წინასაარჩევნო პროგრამა არ გაგაჩნია. რატომ, ჩემი და ჩემი გუნდის მიდგომა ასეთია. წინასაარჩევნოდ ჩვენი მოსახლეობის თქმით, ტკბილი სიტყვით, კანდიდატები ატყუებენ მოსახლეობას, ოღონდაც არჩეულ იქნან. ამიტომ ჩემთვის უკეთესია ჩავიდე ცალ-ცალკე სოფლებში, გავეცნო არსებულ პრობლემებს. ამის შემდეგ მე გავითვალისწინებ თუ პრიორიტეტულად რომელ სოფელში და როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება, ამ საქმის დაწყება, შედეგად კი - ადგილობრივი მოსახლეობა დაინახავს და კმაყოფილი დარჩება.
ამ შემთხვევაში, რომელიმე სოფლის X წარმომადგენელი, ვინც, ვთქვათ არ ყოფილა ადგილზე თქვენი ვიზიტის დროს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს თუ ვის მისცეს ხმა, თუ არც პროგრამა არის, არც თქვენს გვერდზე აქვეყნებთ მასალებს შეხვედრებთან და თქვენ მიერ გაცემულ დაპირებებთან დაკავშირებით?
სოფლის მაცხოვრებლებს ყოველდღიური კონტაქტი და კავშირი აქვთ ერთმანეთთან და პირდაპირ შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ ეს ინფორმაცია. სოფლის მოსახლეობის უმეტესობა ძალიან დადებითადაა განწყობილი ჩვენ მიმართ. ჩემთვისაც, როგორც სოფლის მაცხოვრებელს, კარგადაა ცნობილი როგორ ხდება ეს ყველაფერი. ახალგაზრდობიდან მახსოვს, როცა ჩამოდიოდნენ სოფლებში, ამ გზით ყველა პასუხს ვიღებდით - რაზე ვისაუბრეთ, რა დაპირებები გამოითქვა და ასე შემდეგ.
თქვენი სახელი გაჟღერდა გვარამიას გადაცემაში, როგორც სუს-ის ერთ-ერთი აგენტის. ამასთან დაკავშირებით თქვენი კომენტარი გვაინტერესებს.
მე სინამდვილეში არ მაინტერესებს არც ეგ გადაცემა, არც გვარამია, და არც ინფორმაცია. ეგენი ახლა ხავსს ეჭიდებიან, ოპოზიციის ერთადერთი მიდგომა ამჟამად არის ტყუილების გავრცელება. მე საჯარო მოხელე ვარ, ვემსახურები ჩემს სახელმწიფოს და არანაირი კავშირი სუს-თან არ მაქვს.