იტვირთება

31 აგვისტოს Facebook- მომხმარებელმა ირაკლი გოგავამ სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ევროკავშირის და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. პოსტს ამ დრომდე 176 გაზიარება აქვს. გამზიარებლებს შორის არიან ღიად ანტიდასავლური და პრორუსული განწყობების მქონე პირები და ორგანიზაციები, მათ შორის, ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ოჯახების მსოფლიო კონგრესის (WCF) ქართულენოვანი ფეისბუქ-გვერდი.

პოსტში ავტორი აღნიშნავს, რომ 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხს [1], რომელიც საქართველოს უნდა მიეღო, ევროკავშირისგან მოჰყვებოდა ვალდებულება, რისი „მთავარი აზრი იყო სასამართლოს ისეთი რეფორმის გატარება, როდესაც მოსამართლეებს უცხოელები შეარჩევდნენ და შემდგომ გააკონტროლებდნენ“.

აღნიშნული მტკიცებიდან სიმართლეს შეესაბამება მხოლოდ ის, რომ მაკროფინანსური დახმარების მთავარი წინაპირობა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას შეეხებოდა, დანარჩენი კი მცდარი ინფორმაციაა.

მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირისგან და მისი წინაპირობა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით

2020 წლის 25 მაისს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მაკროფინანსური დახმარების [2] - 150 მილიონამდე ევროს სესხის სახით გამოყოფის - გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული რესურსიდან პირველი ტრანში 75 მლნ ევროს ოდენობით თითქმის უპირობოდ [3] იქნა გამოყოფილი და ის საქართველომ უკვე აითვისა.

რაც შეეხება ასათვისებელი რესურსის მეორე ნაწილს - 75 მლნ ევროს, მისი მიღების წინაპირობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განისაზღვრა, რომელთა შორის მთავარი, სასამართლო სისტემის რეფორმას უკავშირდებოდა. კერძოდ, სასამართლო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პირობა დოკუმენტში შემდეგნაირად აისახა:

„სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, სასამართლო რეფორმის ორი, 2017 და 2019 წელს განხორციელებული, პაკეტის შესაბამისად:

1) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით;

2) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;

3) უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა;

4) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.

სასამართლო სისტემის ნაწილში მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები მოგვიანებით ზუსტად აისახა „შარლ მიშელის დოკუმენტში“, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში მომზადდა და რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 28 ივლისს დატოვა.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების ჩანაწერებიდან, საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეების უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შერჩევას და, მით უფრო, მათ კონტროლს, არც ერთი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მტკიცება, თითქოს ევროკავშირისგან მისაღები 75 მლნ ევროს ოდენობის სესხს მიღების წინაპირობა სასამართლოს ისეთი რეფორმის გატარება იყო, რომლის თანახმადაც, საქართველოში მოსამართლეებს უცხოელები შეარჩევდნენ და შემდგომ გააკონტროლებდნენ, წარმოადგენს დეზინფორმაციას.

აღსანიშნავია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ შეთანხმების დატოვებამდე დაიწყო „შარლ მიშელის დოკუმენტის“ წინააღმდეგ მოქმედება და სასამართლო სისტემის რეფორმის ნაწილში გათვალისწინებული პირობები დაარღვია (იხ. ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატიები - ბმული 1 ; ბმული 2).

ამის შემდეგ, მმართველმა გუნდმა ჯერ 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გავიდა. 31 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირიდან მისაღები 150 მლნ-იანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის - 75 მლნ ევროს დახმარებაზე, საქართველომ უარი თქვა.

მალევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სინამდვილეში, ხელისუფლებამ ევროკავშირს განცხადების გაკეთება უბრალოდ დაასწრო და წარმოაჩინა, თითქოს თავად აცხადებს უარს იმ დახმარების მიღებაზე, რომლის გამოყოფას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, არც არავინ აპირებდა.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1]რომელიც საქართველოს უნდა მიეღო COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფარგლებში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში დასახმარებლად

[2] გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი, დაბალი (0.125%) საპროცენტო განაკვეთით

[3] საქართველოსა და IMF-ს შორის შეთანხმებული ვალდებულებების დაკმაყოფილების პირობით.


მსგავსი სიახლეები

3378 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი