იტვირთება

15 სექტემბერს ანტივაქსერულმა Facebook-ანგარიშმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები გამოაქვეყნა ვიდეო-მასალა - „აუცრელის სისხლი VS აცრილის სისხლი“. თანდართული აღწერის მიხედვით, დოქტორი ფეგი ერთმანეთს აუცრელის და აცრილის სისხლს ადარებს. როგორც პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, აცრილის სისხლში აღმოჩენილია თვითმზარდი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც აგრესიულად იზრდება. ავტორის თანახმად, ეს არის გრაფენის ჰიდროგელის ნანოტექნოლოგია, რომელიც სხეულში იზრდება და საკუთარ ქსელს ქმნის. მასალის მიხედვით, აცრილის სისხლში თეთრი სისხლის უჯრედები (ლეიკოციტები) თითქმის მთლიანად განადგურებულია. Facebook-ანგარიში კომენტარებში ამტკიცებს, რომ აცრილებს სისხლის „კოაგულაცია ემართებათ“ და საჭიროებენ სისხლის გამათხელებელს. Facebook-მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული კომენტარების თანახმად, კი ვაქცინა კლავს, ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ აიცრან. პოსტს 735 გაზიარება აქვს.

რა არის ნივთიერება გრაფენი?

გრაფენის ოქსიდი არის ნანომასალა, რომელიც გრაფიტის დაჟანგვის გზით მიიღება. გრაფენისა და გრაფენის ოქსიდის გამოყენება სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით იგეგმება. Meedan’s Health Desk-ის თანახმად, პოტენციურად ამ ნაერთის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინებში, სადაც ის ისეთი რაოდენობით იქნება კონცენტრირებული, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. თუმცა სამედიცინო ექსპერტების განცხადებით, იმის დასადგენად, იქნება, თუ - არა ნაერთი სრულიად უსაფრთხო და ეფექტური ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის, კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო. რაც შეეხება COVID-ის დღეს არსებულ ვაქცინებს, დასახელებული ნივთიერება არცერთი მათგანის შემადგენლობაში არ ფიგურირებს.

ამასთან ერთად, Pfizer-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, კიანა გაზვირმა Reuters-თან იმეილ მიმოწერის დროს აღნიშნა, რომ „გრაფენის ოქსიდი Pfizer-BioNTech-ის წარმოების დროს არ გამოიყენება“. Moderna-ს კორპორაციული საკითხების მთავარმა ოფიცერმა, რეი ჯორდანმა კი Reuters-თან განაცხადა: „შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი პროდუქცია გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს.“ შესაბამისად, მტკიცება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინა გრაფენის ოქსიდს შეიცავს, ყალბი ამბავია.

პოსტში მოცემული ვაქცინების - Pfizer-ისა და Moderna-ს, ინექცია ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი დოზა ორგანიზმს იმუნური რეაქციის გამომუშავებაში ეხმარება, ხოლო მეორე დოზა ვირუსის წინააღმდეგ გამომუშავებულ იმუნიტეტს უფრო მეტად აძლიერებს. აღსანიშნავია, რომ მოცემული ვაქცინების ინექციის დროს გამოყენებული პირველი და მეორე დოზა, როგორც ქიმიური შემადგენლობით, ისე დოზირების მხრივ, აბსოლუტურად იდენტურია.

ვაქცინაციასა და სისხლის შედედებას შორის კავშირი:

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციის შემცველი მტკიცებები, თითქოს ვაქცინა ადამიანის სისხლზე უარყოფითად ზემოქმედებს და თრომბის წარმოქმნას იწვევს. მართალია, მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის პერიოდში აცრილ ადამიანებში თრომბის განვითარების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის (CDC-ის) ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამის ალბათობა ძალიან დაბალია. ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) დასკვნით, AstraZeneca-ს ვაქცინის (იგივე Vaxzevria) ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენებს შორის - თრომბის (სისხლის კოლტების) წარმოქმნა, რომელსაც თან თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი ახლავს, უნდა იყოს შეყვანილი (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). CDC-ისა და FDA-ის ერთობლივი განცხადების თანახმად, Johnson&Johnson-ის ვაქცინისთვის თრომბოციტოპენია და თრომბოზი შეფასებულია, როგორც ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა. რაც შეეხება ი-რნმ ვაქცინებს, Meedan Health Desk-ის ჯანდაცვის ექსპერტების თანახმად, არსებული კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ კავშირი ი-რნმ ვაქცინებსა და სისხლის შედედებას შორის არ არსებობს. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ვაქცინის სარგებელი, შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკებს საგრძნობლად აღემატება.

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3380 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი