იტვირთება

ბადრი ჯაფარიძე: გახარიას დღეს ეპარება ეჭვი სამხარაულის ბიუროს დასკვნაში და როცა სჭირდებოდა, დაუბრკოლებლად იყენებდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბადრი ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დამოუკიდებლობასა და სათანადო მუშაობაზე, სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში კითხვები არაერთხელ გაჩენილა. თუმცა, არცერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას, მიუხედავად მისი მთავრობაში ყოფნისა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართ უნდობლობა არ გამოუხატავს. დღეისთვის კი, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი უკვე ოპოზიციაშია, ბიუროში მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს და, შესაბამისად, მის სანდოობაში ეჭვი შეაქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბადრი ჯაფარიძის განცხადება უნდა შეფასდეს, როგორც სიმართლე.

ანალიზი

13 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა, რის გამოც თმის ანალიზს ევროპაში ჩააბარებს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტი თავდაპირველად თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, ჩააბარა და იგივე ქმედებისკენ სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

გიორგი გახარიას მხრიდან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის გამოცხადებულ უნდობლობას პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, გიორგი გახარიას დღეს ეპარება ეჭვი სამხარაულის ბიუროს დასკვნაში, თუმცა როცა სჭირდებოდა, დაუბრკოლებლად იყენებდა. „გახარიას დღეს ეპარება ეჭვი სამხარაულის ბიუროს დასკვნაში, ობიექტურობაში და ამ დროს ის იყო დიდი ხნის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი და როცა სჭირდებოდა, სრულიად დაუბრკოლებლად იყენებდა სამხარაულის დასკვნებს. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც იცვლის თავის შეხედულებებს იმისდა მიხედვით, როგორი პოზიციები აწყობს, დაიკავოს იმ კონკრეტულ მომენტში“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

„ფაქტ-მეტრმა“ ბადრი ჯაფარიძის აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო არის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტიზას სხვადასხვა დარგში ახორციელებს. ბიურო თავის საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობით ხელმძღვანელობს და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის წინაშეა ანგარიშვალდებული.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დამოუკიდებლობასა და სათანადო მუშაობაზე, სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებიდან გამომდინარე, კითხვები არაერთხელ გაჩენილა, მათ შორის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობისა თუ შსს მინისტრობის პერიოდში. მიუხედავად ამისა, თავად გიორგი გახარიას ბიუროს სათანადო მუშაობაში ეჭვი აქამდე არასდროს შეუტანია.

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის/შსს მინისტრობის პერიოდის საქმეების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი, სადაც სამხარაულის ექსპერტიზის მუშაობამ კითხვები გააჩინა, 2019 წლის 20 ივნისის აქციას უკავშირდება. 20 ივნისის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მომზადების გაჭიანურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სტრასბურგში გაგზავნილი საქმის ნაწილი გახდა. როგორც ორგანიზაციამ განმარტა, გენერალურმა პროკურატურამ სამხარაულის ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, პირადი შემოწმების გარეშე, დანიშნა და 20 თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგაც, ბიუროს დასკვნები მომზადებული არ ჰქონდა. ამან კი გამოძიების და დაზარალებულთა სტატუსის განსაზღვრის პროცესი გააჭიანურა.

არაერთი კითხვა გააჩინა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმემაც, რომელზეც 2020 წლის 25 იანვარს პროკურატურამ, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო, გამოძიება შეწყვიტა. 2019 წელს საქმეზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევიდა.

მაჩალიკაშვილის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე კითხვის ნიშნები ჰქონდათ როგორც გარდაცვლილის ოჯახს, ისე საქმის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილსა და საქმეში ჩართულ დამოუკიდებელ ექსპერტს, მაია ნიკოლეიშვილს. ადვოკატი საუბრობდა, როგორც ბიუროს მიერ დასკვნის მომზადების ხელოვნურად გაჭიანურებაზე, ისე საქმისთვის ბუნდოვანების შეძენაზე.

გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში გარდაიცვალა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა. კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, დედამისის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი მე-6 საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის შესვლა გახდა, რაც პოლიტიკურ პროცესებთან იყო კავშირში.

საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა 2019 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე „დანაშაულის არარსებობის გამო“ გამოძიება შეწყდა.

ჯერ კიდევ გამოძიების დასრულებამდე, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ საქმის გაყალბებაში ჩართული იყო მთელი სისტემა, მათ შორის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც.

არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ და არც სხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას, მიუხედავად მისი მთავრობაში ყოფნისა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართ უნდობლობა არ გამოუხატავს. დღეისთვის კი, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი უკვე ოპოზიციაშია, ბიუროში მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს და მის სანდოობაში ეჭვი შეაქვს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3378 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი