იტვირთება

ანა დოლიძე: [ქართულმა ოცნებამ] 2020 წელს გააუქმა მოთხოვნა, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატებს უნდა წარედგინათ ნარკოტესტის ცნობა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კოდექსში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვებოდა. თუმცა უკვე პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნულ პირს ნარკოლოგიური შემოწმება კენჭისყრიდან 7 დღის განმავლობაში უნდა გაევლო.

დასახელებული ცვლილება მხოლოდ ერთჯერადი აქტი იყო და როგორც განმარტებით ბარათში იყო აღნიშნული, იმით იყო განპირობებული, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პარლამენტის წევრობის კანდიდატად დაახლოებით 9 000 პირი იყო დარეგისტრირებული. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულების შემთხვევაში, ამ პირთა დიდ ნაწილს შესაბამისი დაწესებულებისთვის ერთდროულად მიმართვა მოუწევდათ, რაც ამ დაწესებულებაში მათ თავშეყრას გამოიწვევდა. ეს კი, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მეტად სარისკო და საფრთხის შემცველი იყო.

ცვლილება რომ ერთჯერადი იყო და მისი განმაპირობებელი ფაქტორი, ანა დოლიძისთვის, რა თქმა უნდა, ცნობილი იქნებოდა. იგი ვიდეო-მიმართვაში მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას და მნიშვნელოვან გარემოებას, როგორიცაა ის, რომ პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში, ამ პირებს ნარკოშემოწმება კენჭისყრიდან 7-დღიან ვადაში უნდა გაევლოთ, ყურადღების მიღმა ტოვებს, რაც შთაბეჭდილებას ქმნის, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, საარჩევნო კოდექსი შესული ცვლილება, მართლაც ვიღაცის ინტერესს ემსახურებოდა.

განხილულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ანა დოლიძის განცხადებას აფასებს, როგორც მცდარი.

ანალიზი:

თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნოდ მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის გავლისკენ მოუწოდა. „ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პროპაგანდა, რომ „ნარკოტიკი კლავს“ და „არა ნარკოტიკს“. უბრალოდ, რატომ არ არის ეს კანონში გათვალისწინებული, არ ვიცი. პარლამენტში, დეპუტატობის კანდიდატებს ამის აუცილებლობა აქვთ, რომ ნარკოლოგიურიდან წარმოადგინონ ცნობა. მერობის კანდიდატებს რატომ არ აქვთ, არ ვიცი. შესაბამისად, პირველი მე ვარ. გამოვდივარ ინიციატივით და ყველა კანდიდატს ვიწვევ, ჩავაბაროთ ნარკოტესტი, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რამდენად სუფთები ვართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ გააჩინა კითხვები, მმართველ პარტიას რომელი კანდიდატის, კერძოდ გიორგი გახარიას, საწინააღმდეგო რამე კომპრომატი ხომ არ გააჩნდა.

კახა კალაძის აღნიშნულ ინიციატივას მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი და მერობის კანდიდატი ანა დოლიძე საკუთარი facebook-გვერდის საშუალებით გამოეხმაურა და განაცხადა: „შარშან 14 სექტემბერს კახა კალაძის გენმდივნობის დროს მისმა პარტიამ ვიღაცის გადასარჩენად და დასაცავად გააუქმა მოთხოვნა, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატებს უნდა წარედგინათ ნარკოტესტის ცნობა. ანუ ახლა რასაც ითხოვს კალაძე, შარშან გაუუქმა ყველა დეპუტატს, ეტყობა ვიღაცის ინტერესების გადასარჩენად „ქართულ ოცნებაში“, რომ არ გამოვლენილიყო ვიღაცის და შეიძლება ძალიან ბევრი ხალხის ნარკოდამოკიდებულება, მოუხსნეს დეპუტატებს ეს. მაშინ იყო კახა კალაძე გენმდივანი და მაშინ არ იყო ჯანსაღი ცხოვრების წესი დასაცავი ფასეულობა და ერთ წელიწადში გახდა?“

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენას საარჩევნო კოდექსი ავალდებულებს. საარჩევნო კოდექსის 115-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, პარტიულ სიას, რომელიც საარჩევნო სუბიექტმა ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა უნდა წარუდგინოს, სხვა ცნობებთან ერთად, ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ ცნობაც უნდა დაერთოს.

უკვე პარლამენტის წევრი კი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 23-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულია, ყოველწლიურად სამედიცინო და ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს.

2020 წლის არჩევნების წინ, საარჩევნო კოდექსში ცვლილება მართლაც შევიდა. 2020 წლის 18 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებით (პრიმა მუხლი 2032), საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს კანონით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვებოდა. თუმცა პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში, პირი ვალდებული იყო შესაბამისი კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში გაევლო ნარკოლოგიური შემოწმება ცესკოს მიერ ამ კანონის საფუძველზე განსაზღვრულ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებაში და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმავე ვადაში წარედგინა იმ საარჩევნო კომისიაში, სადაც იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა.

დასახელებული ცვლილება მხოლოდ ერთჯერადი აქტი იყო და როგორც განმარტებით ბარათში იყო აღნიშნული, იმით იყო განპირობებული, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პარლამენტის წევრობის კანდიდატად დაახლოებით 9 000 პირი იყო დარეგისტრირებული. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულების შემთხვევაში, ამ პირთა დიდ ნაწილს შესაბამისი დაწესებულებისთვის ერთდროულად მიმართვა მოუწევდათ, რაც ამ დაწესებულებაში მათ თავშეყრას გამოიწვევდა. ეს კი, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მეტად სარისკო და საფრთხის შემცველი იყო.

როგორც აღვნიშნეთ, დასახელებული ცვლილება საარჩევნო კოდექსში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შევიდა, რისი განმაპირობებელიც კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, შესაბამის დაწესებულებაში დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრის თავიდან აცილება იყო. ანა დოლიძე ვიდეო-მიმართვაში მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას და მნიშვნელოვან გარემოებას, როგორიცაა ის, რომ პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში, ამ პირებს ნარკოშემოწმება კენჭისყრიდან 7-დღიან ვადაში უნდა გაევლოთ, ყურადღების მიღმა ტოვებს, რაც შთაბეჭდილებას ქმნის, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, საარჩევნო კოდექსი შესული ცვლილება, მართლაც ვიღაცის ინტერესს ემსახურებოდა.

განხილული მასალიდან გამომდინარე ნათელია, რომ ქართულ ოცნებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენის ვალდებულება დეპუტატებისთვის არ გაუუქმებია. მან ეს ვალდებულება კანდიდატებისთვის, კოვიდვითარებისა და კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით მოხსნა, ხოლო პარლამენტში არჩეული წევრების მანდატის ცნობის წინაპირობად ნარკოლოგიური ცნობა ძალაში დარჩა. ამასთან, ანა დოლიძე ავითარებს დაუსაბუთებელ თეორიას ქართული ოცნების წევრთა შესაძლო ნარკოდამოკიდებულების შესახებ. საბოლოოდ კი - მერის არჩევნებზე კანდიდატებისთვის ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ არ არსებობს და, შესაბამისად, ამ ორ საკითხზე კახა კალაძის მიერ დაფიქსირებული პოზიციები ურთიერთშედარებადი არ არის. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3364 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი