იტვირთება

ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, მერობის კანდიდატად გორში, კონსტანტინე ანანიაშვილი წარადგინა. ის წლების განმავლობაში ძალოვან უწყებაში მუშაობდა, „ქართული ოცნების“ დატოვებამდე კი გახარიამ მთავრობის რეგიონული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. ამჟამად, ის პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრია და გორის მუნიციპალიტეტის მერობისთვის იბრძვის.

რატომ გადაწყვიტა მშობლიურ ქალაქში კენჭისყრა, რა გეგმები აქვს გორში მერად არჩევის შემთხვევაში და თუ იქნება მეორე ტური აპირებს, თუ - არა მთავარ ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობას, ამ და სხვა საკითხებზე „ფაქტ-მეტრის“ შეკითხვებს პარტიის „საქართველოსთვის“ გორის მერობის კანდიდატი, კონსტანტინე ანანიაშვილი პასუხობს.

ბატონო კოტე, როგორ მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები, რა პრობლემები იკვეთება მათი საუბრებიდან თქვენთან შეხვედრის დროს?

ჩვენ დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრები, ეს კარდაკარ პრინციპითაც არის, სხვადასხვა სახის შეხვედრები გვაქვს და ვისმენთ პრობლემებს. უამრავი პრობლემაა, როგორც ქალაში ისე სოფლად. პრობლემები არის ინდივიდუალური. ძირითადი პრობლემა სოფლებში დღემდე არის წყალმომარაგება. ეს ეხება, როგორც სასმელ წყალს, ისე სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგებას. ასევე საგზაო ინფრასტრუქტურაა სოფლებში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა. ზოგან დამატებით არის სივრცეების მოწყობის საჭიროება. ზოგან უკვე არის და განვითარებას საჭიროებს. ჩვენი ხედვა არის, რომ თანაბრად უნდა განვითარდეს ყველა სოფელი. არ უნდა იყოს პრიორიტეტად მრავალრიცხოვანი სოფლები, უნდა იყოს თანაბარი სივრცეების შექმნა და ინფრასტრუქტურული და სხვა სახის სამუშაოები უნდა ნაწილდებოდეს თანაბრობის პრინციპით.

თქვენ რას ჰპირდებით მოსახლეობას მერად არჩევის შემთხვევაში?

მოსახლეობას ვპირდები, რომ ჩემი მხრიდან, არცერთი ცრუ დაპირება არ იქნება გაჟღერებული. მოსახლეობის განცხადებით, არის ბევრი დაპირება, მაგრამ საარჩევნო შეხვედრების შემდეგ უკვე კომუნიკაციის პრობლემაა, მერი იქნება ეს თუ წარმომადგენელი. მე ვპირდები მათ, რომ ვიქნები მუნიციპალიტეტის თითოეული მოქალაქის მერი. ჩემი ძირითადი ხედვა არის, რომ მერის წარმომადგენლების და მუნიციპალიტეტის სამსახურების საქმიანობა უნდა იყოს უფრო ეფექტური. დღეს წამოვიდა საუბრები სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან, მუნიციპალური სამსახურების რეორგანიზაციაზე და ა.შ. მთავარი - უნდა გაკეთდეს ანალიზი, რამდენად ეფექტურად მუშაობს ესა თუ ის მუნიციპალური სამსახური და მოხდეს აღნიშნული სამსახურების ოპტიმიზაცია. ეს არ ნიშნავს იქ დასაქმებული ხალხის მასიურ გათავისუფლებას, ასე არ უნდა იყოს აღქმული, მაგრამ აქცენტი უნდა გაკეთდეს პროფესიონალიზმზე. ჩემი ხედვა იქნება მონიტორინგი, სწორი მუშაობის შესახებ. რამდენად ეფექტურად მუშაობენ ისინი. ორიენტირებულები უნდა იყვნენ მოქალაქეებისთვის ეფექტური და დროული სერვისების მიწოდებაზე. ჩვენ გვაქვს ხედვა, რომ მოხდეს მუნიციპალური სამსახურების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა და ცხელი ხაზის მეშვეობით მოქალაქეს მარტივად შეეძლოს ამა თუ იმ სერვისის მიღება. დღეს მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ რაღაც ერთი კონკრეტული პრობლემა აქვს და არ იცის ვის მიმართოს, მენეჯმენტი უნდა იყოს ისე დალაგებული, რომ მარტივად იყოს შესაძლებელი არსებული სერვისების მიღება.

ამისთვის სოფლებში მერს ჰყავს თავისი წარმომადგენელი, ასევე საკრებულოს არჩეული დეპუტატები მუშაობენ ადგილზე. ეს ადამიანები არ ჩანან ხალხში, თუ უბრალოდ მოქალაქეები არ არიან ინფორმირებულები ვის მიმართონ და როგორ შეუძლიათ პრობლემების მიტანა ამ წარმომადგენლების დახმარებით ხელისუფლებამდე, რაშია პრობლემა თქვენი აზრით?

სოფლებში წარმომადგენლები უნდა იყვნენ მოქალაქეთა პრობლემების მოსმენასა და მოგვარებაზე ორიენტირებულები და მხოლოდ მოსმენით არ უნდა შემოიფარგლებოდნენ. მერის წარმომადგენელიც და საკრებულოს დეპუტატიც მოქალაქეებთან აქტიურად უნდა მუშაობდნენ. დღეს სოფლებში უამრავი პრობლემაა და წარმომადგენლის ადგილზე მუშაობა უმნიშვნელოვანესია, თუ რამდენად სწორად და დროულად მიაქვს ხელისუფლებამდე მოქალაქეთა პრობლემები. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ზუსტად ამაზე იქნება კონტროლი, რამდენად ეფექტურად და სწორად მუშაობს ესა თუ ის სამსახური.

ბატონო კოტე წლების განმავლობაში სამართალდამცავ უწყებაში იყავით და ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოში მუშაობა რამ გადაგაწყვეტინათ, საერთოდ რატომ გაგიჩნდათ გორის მერობის სურვილი?

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის თებერვალში მაშინდელი პრემიერის აპარატში მოხდა ჩემი დანიშვნა რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, სადაც ჩემი პროფილი იყო ზუსტად რეგიონების მიმართ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაცია, პრობლემების მოძიება, დამუშავება და ა.შ. სამწუხაროდ, 1 თვე მომიწია ამ სამსახურში მუშაობა. მე დავინახე თუ რამდენად ფართო სამუშაოებია გასაწევი მხოლოდ და მხოლოდ სწორი მენეჯმენტით. აქ საუბარია არსებული სამსახურების ეფექტიანობის გაზრდაზე.

ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. არ არის მარტივი - იყო მუნიციპალიტეტის მერი, იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენი მოსახლეობის წინაშეა. მოსახლეობას, შეხვედრების დროს მე ყოველთვის ვეუბნები ერთს, რომ ყველა პრობლემა ერთდროულად ვერ მოგვარდება, შეუძლებელია, მაგრამ მოქალაქეებთან აქტიური ჩართულობით, მუშაობით და კომუნიკაციით, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ პრიორიტეტები, სად რა სამუშაოებია გასაწევი პირველ ეტაპზე. ამ სამუშაო პროცესებში, ჩართული იქნება თითოეული მოქალაქეც და იქნება სრული კოორდინაცია. ეს არ იქნება მხოლოდ არჩევნებისთვის შეთავაზება. მე და ჩემი გუნდი ამ პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ვიქნებით ჩართული არჩევნების შემდგომ პერიოდშიც.

რამდენად მნიშვნელოვანი არჩევნებია, თქვენთვისაც უტოლდება, თუ - არა ის რეფერენდუმს?

პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები. მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, მაგრამ სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია საწყისი ჩვენი გუნდისთვის, პარტიისთვის, რომ შემდგომ არჩევნებში უფრო აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში.

როგორია მოლოდინები ადგილობრივ დონეზე, ფიქრობთ, თუ - არა, რომ გორში გარდაუვალია მეორე ტური?

ვერ გეტყვით ესე წინსწრებით. ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნებში გამარჯვებისათვის, ამ გამარჯვების ინდიკატორი არის ჩვენი შეხვედრები და მოსახლეობის განწყობა ჩვენ მიმართ, როგორც კონკრეტულად გიორგი გახარიას მიმართ, ასევე ჩემ მიმართ. მეორე ტურიც შესაძლებელია. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ოპონენტს პატივს ვცემ, კონკრეტულად, არ მინდა ხაზგასმა, მაგრამ არსებული ადმინისტრაციული რესურსიდან და დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მთავარი ოპონენტი იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.

იმ შემთხვევაში, თუ კი მეორე ტურში თქვენი ოპონენტი იქნება ლადო ხინჩეგაშვილი, უშვებთ, თუ - არა შესაძლებლობას, რომ მოლაპარაკებები აწარმოოთ მთავარ ოპოზიციურ ძალასთან, ნაციონალურ მოძრაობასთან?

ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი პროგრამა და ზუსტად ამ პროგრამის ფარგლებში ველაპარაკებით მოქალაქეებს. სწორედ ამ პროგრამიდან და ჩვენი ხედვიდან გამომდინარე გვაქვს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის მხარდაჭერის იმედი. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ვაპირებთ და არც დღის წესრიგში განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს.

ცესკოს თუ ენდობით, როგორია თქვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით?

ეს უნდა ვნახოთ, მუშაობის პროცესში. დღესდღეობით რაც ხდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ, ზეწოლა, დაშინება და მსგავსი ფაქტები, ეს არის ერთი მხარე და ვნახოთ. თუ იქნება მოქალაქეთა ნება გამოხატული, თუ იქნება არჩევანის საშუალება, ჩვენ არ ვართ დესტრუქციული ძალა, არევაზე ორიენტირებული, ჩვენ ვართ ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, შესაბამისად, მივიღებთ იმ რეალობას, რაც იქნება, მაგრამ აქ მთავარია ადამიანის, მოქალაქის ნება იყოს გამოხატული თავისუფალ რეჟიმში.

დაშინება და შანტაჟი ახსენეთ თქვენს მხარდამჭერებზე და რას ფიქრობთ, ეს არის „ქართული ოცნების“ ნაცადი ხერხი, რაც ადრეც „მუშაობდა“ წინასაარჩევნოდ, თუ ახლა უბრალოდ თქვენ მიმართ აქვს ადგილი მსგავს ფაქტებს? თქვენ ძალოვან უწყებაში მუშაობდით და იქნებით ინფორმირებული.

თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ მსგავსი შემთხვევები. ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ შემდგომ არ ყოფილა ასეთი ფაქტები ინდივიდუალურად, როგორც ახლა ადამიანებს აშინებენ და ზეწოლას ახდენენ.

იარაღის ჩადებაზეც იყო საუბარი თქვენი პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიმართ, იგივე ფაქტს არ ჰქონია ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემდგომ, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ?

არა, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა.

უნდა გკითხოთ კიდევ ერთ გავრცელებულ აზრზე, რომელიც მუსირებს საზოგადოებაში, რომ თქვენ ხართ „ოცნება 2“, საუბარი მიდის იმაზეც, რომ ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც შეატყო, რომ „ოცნება“ სუსტდებოდა, დაიწყო ერთგვარი გადალაგების პროცესი.

ახლა ჩვენ ვართ მომსწრე და ვართ ასეთ რეჟიმში, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ჩვენ ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი და პირიქით, სხვადასხვა ოპოზიციური ძალები ამბობენ, რომ ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ პროექტი. ჩვენ მოქალაქეებთან შეხვედრის დროსაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე, ქვეყნის წინსვლაზე და უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობაზე. ზუსტად მუნიციპალიტეტია ის ძლიერი რგოლი, რომელიც უნდა იყოს ძლიერი ქვეყნის ერთ-ერთი ელემენტი.

მე, როგორც რიგითი ამომრჩეველი, როგორ უნდა მივხვდე, რომ თქვენ ხართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და არ ხართ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გაგრძელება? ხშირად ისმის, რომ არ აკრიტიკებთ არც ბიძინა ივანიშვილს და არც მმართველი გუნდის სხვა ლიდერებს, რაც საზოგადოებაში გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

ეს არის ჩვენი დღის წესრიგი, სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის არავის წინააღმდეგ და ზუსტად ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, რომ ყოველგვარი ლანძღვის გარეშე, ყოველგვარი დესტრუქციის გარეშე არის შესაძლებელი ქვეყნის განვითარება. არ არის აუცილებელი, რომ ვლანძღოთ და ამის ხარჯზე გარკვეული დივიდენდები დავაგროვოთ, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგი.

ანუ ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილს თქვენი პარტიის ჩამოყალიბებაში არანაირი როლი არ აქვს?

ჩვენმა ლიდერმა ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გააკეთა განცხადება. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამიჯნულია ყოველგვარი პოლიტიკური პროცესებისგან და ამის შესახებ საზოგადოებაში ღიად არის გაცხადებული.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მისი ჩამოსვლის შემთხვევაში პროცესების განვითარება ქვეყანაში?

მსგავსი საუბრები წინა პერიოდებშიც იყო. შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე, რითაც არის ის დღეის მდგომარეობით პასუხისგებაში მიცემული, უნდა აღსრულდეს და მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. პოლიტიკურ პროცესებზე აისახება იმ კუთხით, რომ რაღაც გააქტიურება იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, დანარჩენი უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს და შევხედავთ.

დავუბრუნდეთ ისევ გორზე საუბარს, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი იყო ერთ-ერთი აქტუალური თემა გასულ ადგილობრივ არჩევნებზე, 2017 წელს. იყო მოლოდინი, რომ ორი მუნიციპალიტეტის (ქალაქის და თემის) გაერთიანებით თანხები დაიზოგებოდა, მაგრამ პირიქით მივიღეთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, ფიქრობთ, თუ - არა, რომ გორმა უნდა დაიბრუნოს ეს სტატუსი და თქვენ თუ გახდით გორის მერი, როგორ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას?

გორთან ერთად 7 ქალაქი იყო, სადაც შერწყმა მოხდა მუნიციპალიტეტების. ჩვენ უნდა ვიფიქროთ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. ისტორიულად, გორი დაკავშირებული იყო თავის მიმდებარე სოფლებთან. ეს ერთი ორგანიზმი იყო, როგორც ეკონომიკური კუთხით, ისე გეოგრაფიული თვალსაზრისით ძალიან მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ამ შერწყმით არაფერი პრობლემა არ არის. მართვის კუთხით ერთიანი ქოლგის ქვეშ უნდა იყოს როგორც ქალაქი, ისე სოფელი. სწორი დაგეგმარებით და სამომავლო პერსპექტივით უნდა განვითარდეს, როგორც ქალაქი, ისე სოფელი. ამაზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ. დღეს ეს რეალობა გვაქვს არსებული კანონმდებლობით. უფლების მხრივ არანაირად შეზღუდული არ არის გორი სხვა საშუალებებით. მთავარია, ჩვენ სწორად განვავითაროთ. შევქმნათ ქალაქში ახალი სივრცეები. ჩვენ საინტერესო ხედვა გვაქვს პროგრამაში თუ როგორ განვავითაროთ ქალაქი, მეტი ინტერესი რომ გაჩნდეს ტურისტის, ვიზიტორის და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქალაქში რამდენიმე დღეზე გათვლილი სერვისი შევთავაზოთ. იქიდან გამომდინარე, რომ გორი თბილისთან ძალიან ახლოსაა, დღეს ამ სერვისებს ვერ ვთავაზობთ და ამას უნდა ზუსტად განვითარება. განვითარდება ატენის ხეობა, სადაც მოწესრიგდება და ბოლომდე მივიყვანთ საგზაო ინფრასტრუქტურას, წყლის მომარაგებას, რაც ავტომატურად განავითარებს კერძო სექტორს. მუნიციპალიტეტის ძირითადი მიზანი, დანიშნულება და დღის წესრიგი უნდა იყოს - მეტი ხელშეწყობა ადგილობრივ ბიზნესს. სადაც ეს პრობლემები გადაიჭრება, იქ ავტომატურად გაჩნდება ახალი სივრცეები და ახალ-ახალი სიცოცხლეები, როგორც სოფლად, ისე ქალაქად. ატენის ხეობაში უამრავი პოტენციალია ტურიზმის განვითარების კუთხით. ასევე ვგეგმავთ გორის ციხის რეაბილიტაციას და მიზიდულობის გაზრდას. ასევე ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ინტერესი გაჩნდება გორის ციხის მონახულების. ეს ავტომატურად განავითარებს მიმდებარე უბნებში სიძველეების აღდგენით, კერძო სექტორს.

ამ იდეების განხორციელების პროცესში როგორ წარმოგიდგენიათ მერად არჩევის შემთხვევაში გუბერნატორთან ან სხვა ზემდგომ უწყებებთან ურთიერთობა, რომლებსაც „ქართული ოცნების“ წევრები წარმოადგენენ.

ჩვენი მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ პრობლემას კომუნიკაციაში. ჩვენი ინტერესი და საზრუნავი იქნება უკეთესი ჩვენი მუნიციპალიტეტი. დავიგეგმებით და პრობლემას ვერ ვხედავ.

მაგალითად, გუბერნატორმა რომ გთხოვოთ, მისი კადრები მოადგილეებად დანიშნოთ, გაითვალისწინებთ, თუ - არა მის რეკომენდაციას?

არა, მე მეყოლება ძალიან კარგი და საინტერესო კადრები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ეფექტურად გაუძღვებიან მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

გვახსოვს, რომ სწორედ გიორგი ხოჯევანიშვილის გუბერნატორობის პერიოდში, მისი რეკომენდაციით დაინიშნნენ მერის მოადგილეებად, ამჟამად თქვენი პარტიის წევრები, პაატა ივანიშვილი და ერასტი ელიჯარაშვილი.

გასაგებია, ჩვენ მოქმედი მერისგან მოვისმინეთ განცხადებები, რომ ეს მისი კანდიდატურები იყო.

არ იყო ასე რეალურად?

ვერ გეტყვით, ბატონმა კოტემ (გორის მოქმედი მერი) თქვა, რომ მისი ინიციატივით და რეკომენდაციით მოხდა აღნიშნული პირების დანიშვნა. არ აქვს ამას მნიშვნელობა, აქ მთავარია, რამდენად ეფექტურად და სწორად ვმართავთ ქალაქს. თვითმმართველობის მართვაში ჩარევა და ზემოქმედება არ არის მისაღები.

ბატონო კოტე, თქვენ როგორ გეგმავთ გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მართვას ეფექტურად? თქვენი მერობის პერიოდში როგორ წარმოგიდგენიათ გორის განვითარება?

მიწისქვეშა გადასასვლელები არის სერიოზული პრობლემა დღეს ქალაქში, რომელიც არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. შესაბამის სერვისებს შევთავაზებთ, რომ მათ გაუმარტივდეთ უსაფრთხო გადაადგილება ქალაქში.

მინდა შევეხო ჭალის დასახლებას, სადაც მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა, იქ იტბორება სარდაფები და ზიანს ნახულობენ ჩვენი მოქალაქეები. ამ დასახლებაში დაახლოებით 17 ჰექტარი მიწის ფართობი, უნდა იყოს ათვისებული, ახალი ეკონომიკური სივრცე უნდა შევქმნათ, სადაც სხვადასხვა მიმართულებები განვითარდება. ასევე კომბინატის დასახლებას აქვს განვითარების პერსპექტივა. რაც უმთავრესია - დამუშავების პროცესშია ქალაქის გენერალური გეგმა. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, დავასრულებთ ამ გეგმას და ვიზრუნებთ რომ ამ გეგმის მიხედვით განვავითაროთ ჩვენი ქალაქი.

მაქვს ასევე ასეთი ხედვა, რომ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული სხვადასხვა შენობები, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღევანდელი ანალიზით, ეს შესაძლებელია, ოპტიმალურია და მიზნობრიობა ამის იქნება, რომ ეს შენობა-ნაგებობები გამოვიყენოთ ბიზნესისთვის და მივცეთ კონკრეტულ ეკონომიკურ საშუალებებს განვითარების საშუალება. აღნიშნული სახელმწიფო უწყებები გავიდეს ქალაქიდან ოდნავ მოშორებით და ამ კუთხითაც დაიტვირთოს ახალი სივრცეები.

ქალაქის მთავარ მოედანთან დაკავშირებით მაქვს საკმაოდ საინტერესო ხედვა. მოქალაქეების აქტიური ჩართულობით დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტს განვახორციელებთ. უნდა მოვაწყოთ "მშვიდობის ხეივანი", ამის პროექტსაც წარმოვადგენთ თუ როგორი უნდა იყოს. მოგეხსენებათ, აგვისტოს ომის დროს ზუსტად ჩვენი მოედანი იყო ის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ჩამოვარდა კასეტური ბომბი, რასაც ადამიანებიც შეეწირნენ. ეს იქნება, როგორც მონუმენტი, რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს. ეს იქნება მშვიდობის სიმბოლო, გარშემო ნარგავებით და ეს იქნება ქალაქისთვის ახალი სიმბოლური ადგილი, მშვიდობის, განვითარების და ხვალინდელი დღის.

ტურიზმის ხელშეწყობისთვის კი უნდა ვიზრუნოთ, რომ უფლისციხის ტერიტორია და სტალინის სახლ-მუზეუმი გადაეცეს გორის მუნიციპალიტეტს. უფრო მეტად ეფექტურად მოვუვლით და განვავითარებთ, არსებულ ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ და მივხედავთ ყველა იმ სივრცეს, რაც მოგვცემს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალებას.

რაც თქვენ ახსენეთ თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში წერია სწორედ. ამ დოკუმენტით გაწერილია მუნიციპალიტეტებისთვის იმ ობიექტების გადაცემა, რაც გეოგრაფიულად მათ ტერიტორიებზე მდებარეობს.

დეცენტრალიზაციის კუთხით, დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც გარკვეული წლების წინ ახალი იყო თვითმმართველობა მოსახლეობისათვის. ნელ-ნელა შევეჩვიეთ, ვისწავლეთ აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობა, ჩართულობა და დღეს არის ის დრო, როდესაც უნდა ვიფიქროთ მეტ დეცენტრალიზაციაზე. მარტივად უნდა იყოს ხელმისაწვდომი მუნიციპალიტეტისთვის მის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების მართვაც, შემდგომ პრივატიზებაც. აქ საინტერესოა მიწების და საძოვრების მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარება და ეკონომიკური მიზნით გამოყენება. ბევრი დეტალია, რომლის დელეგირებაც უნდა მოხდეს, ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტზე, რათა უფრო გაიზარდოს მუშაობის ეფექტურობა.

რა იქნება ამომრჩევლისთვის თქვენი მთავარი გზავნილები არჩევნებამდე 2 კვირით ადრე?

ჩემი მთავარი გზავნილი იქნება პასუხისმგებლობა, რაც მე მაქვს დაკავშირებული ამ პროცესთან და მუნიციპალიტეტის მართვასთან. ნებისმიერი მოქალაქისთვის იქნება ღია ჩემი სამუშაო ოთახი. პრობლემის მოსასმენად, შენიშვნის მოსაცემადაც მზად ვიქნები და ბევრ საინტერესო საკითხს მოქალაქეებთან ერთად გადავწყვეტ. მოხდება ყველა პრობლემის ეტაპობრივად შესწავლა, გადაჭრის გზების მოძიება მოსახლეობასთან ერთად, ეტაპობრივი მოგვარება და არცერთი ცრუ დაპირება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3378 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი