ლაშა ხუციშვილი: II კვარტალში, I კვარტალთან შედარებით 85,000-ით მეტი ადამიანია დასაქმებული. უმუშევრობის დონის ზრდის ძირითადი გამომწვევი მიზეზი სამუშაო ძალის ზრდაა, რაც ეკონომიკური აღდგენის სწრაფ ტემპს მიანიშნებს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: ფინანსთა მინისტრი ძირითად აქცენტს 2021 წლის I და II კვარტლების შედარებაზე აკეთებს. თუმცა, უმუშევრობის სტატისტიკის ანალიზისას, სხვადასხვა კვარტლის ერთმანეთთან შედარება მანიპულაციურია, რადგან დასაქმების დინამიკა მაღალი სეზონურობით გამოირჩევა და როგორც წესი, პირველ კვარტალში, პასიურობის ტენდენცია იკვეთება. გარდა ამისა, 2021 წლის პირველ კვარტალში, მეორე კვარტალთან შედარებით, ძალაში იყო კორონავირუსთან დაკავშირებული ბევრად მკაცრი შეზღუდვები და ბუნებრივია, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრების, მათ შორის, დასაქმების მაჩვენებლების ტექნიკური ზრდა მოსალოდნელი იყო და ბუნდოვანია, შრომით ბაზარზე პროგრესი რამდენად არსებითია. რეალურად დასაქმების ტექნიკურმა ზრდამ (რეგულირების ცვლილების შოკმა) მხოლოდ სეზონურობის ეფექტი გააძლიერა.
ამავდროულად, 2021 წლის II კვარტალში, I კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონის ზრდა ძირითადად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის ზრდით აიხსნება, რადგან დასაქმება არ შემცირებულა. თუმცა, როგორც აღინიშნა, სხვადასხვა კვარტლების ერთმანეთთან შედარება მანიპულაციურია. 2021 წლის II კვარტალში, წინა წლის II კვარტალთან შედარებით კი, უმუშევართა რაოდენობა ჯამურად 67.2 ათასით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდაში, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების გავლენა (23 ათასი ადამიანი) არსებითია და დასაქმების კლებით გამოწვეული ეფექტის უგულებელსაყოფად ან მეორეხარისხოვან ამხსნელად მიჩნევისთვის გონივრული საფუძველი არ არსებობს, რასაც მინისტრი საკუთარ განცხადებაში აკეთებს.
შემცირებული დასაქმების პირობებში, ასევე გაუგებარია, სამუშაოს მაძიებელთა უმუშევართა რაოდენობის ზრდის ხარჯზე მატების ეკონომიკის აღდგენის სწრაფი ტემპის ინდიკატორად ინტერპრეტირება, ლოგიკური მსჯელობის რა ჯაჭვს ეფუძნება.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის მანიპულირება.
ანალიზი
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, სამუშაო ძალის სტატისტიკასთან დაკავშირებით განაცხადა: „მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დასაქმების მაჩვენებელი, პირველ კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში 85 000 მეტი ადამიანია დასაქმებული. უმუშევრობის დონის ზრდის გამომწვევი ძირითადი მიზეზია მეთოდოლოგიურად სამუშაო ძალის ზრდა, მეტმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი სამუშაოს დაწყების, ვიდრე გასულ კვარტალში ან თუნდაც გასულ წელს, რაც თავის მხრივ ეკონომიკური აღდგენის სწრაფ ტემპს მიანიშნებს“.
2021 წლის მეორე კვარტალში, ამავე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 84.9 ათასი ადამიანით გაიზარდა. თუმცა, სხვადასხვა კვარტლის ერთმანეთთან შედარება არარელევანტურია, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ დასაქმების სტატისტიკა მაღალი სეზონურობით გამოირჩევა. წარსულში, აღნიშნულთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრს“ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონია. საქსტატისვე განმარტებით, ზოგადად, პირველი კვარტალი დასაქმების შედარებით დაბალი ტემპებით გამოირჩევა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პანდემიური კონტექსტი.
გრაფიკი 1: დასაქმების მაჩვენებლები 2018-2021 წლებში, I და II კვარტლები, ათასი ადამიანი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2021 წლის პირველ კვარტალში, მეორე კვარტალთან შედარებით, ძალაში იყო კორონავირუსთან დაკავშირებული ბევრად მკაცრი შეზღუდვები, ვიდრე პირველ კვარტალში და ბუნებრივია, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრების, მათ შორის, დასაქმების მაჩვენებლების ტექნიკური ზრდა მოსალოდნელი იყო და ის სავარაუდოა, უბრალოდ შეზღუდული აქტივობის დაშვების გავლენა იყოს და არა ეკონომიკაში ფუნდამენტური ცვლილებების. შესაბამისად, აღნიშნული ცვლადის ინდიკატორად გამოყენება შინაარსს მოკლებულია.
ცხრილი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები, ათასი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 23 ათასი ადამიანით არის შემცირებული. 2021 წლის მეორე კვარტალში, უმუშევრობის დონემ 22.1% შეადგინა, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 3.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო პირველ კვარტალთან შედარებით - 0.2 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე წარმოადგენს უმუშევართა პროცენტული წილს შესაბამისი ასაკის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში [1]. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ უმუშევრობის დონე, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ზრდის პარალელურად იზრდება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება ან იზრდება, არითმეტიკულად, უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდას სამუშაო ძალის მონაწილეობის (აქტიურობის) დონის ზრდა იწვევს. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ძალაში ჩართული ადამიანები სამუშაოს ვერ პოულობენ და დასაქმებაც მცირდება, უმუშევრობის დონის ზრდის ახსნა სამუშაო ძალის ზრდით მხოლოდ ნაწილობრივ არის შესაძლებელი. 2021 წლის II კვარტალში, I კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონის ზრდა სრულიად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის ზრდით იხსნება, თუმცა მსგავსი შედარება დასაქმების სეზონურობის გათვალისწინებით, ნაკლებად რელევანტურია. 2021 წლის II კვარტლის წინა წლის II კვარტალთან შედარებით, უმუშევართა რაოდენობა 67.2 ათასით გაიზარდა. მათ შორის, არსებითია დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების (23 ათასი ადამიანი) გავლენა. შესაბამისად, დასაქმების კლებით გამოწვეული ეფექტის უგულებელყოფის ლოგიკური საფუძველი არ არსებობს.
[1] სამუშაო ძალა (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა) – დასაქმებული და უმუშევარი მოსახლეობა.