იტვირთება

მუსიკოსი, პროდიუსერი, ავტორ-შემსრულებელი კახაბერ ცისკარიძე გასული საუკუნის 90-იანებში ქართული ფოლკლორის გათანამედროვებით გახდა პოპულარული. ის მუსიკაში ახალი მიმდინარეობის დამფუძნებელია.ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს და ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. როგორც „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას აღნიშნავს, თავისუფალი, აპოლიტიკური და ევროპული სტილის მერი იქნება.

-რა გინდათ პოლიტიკაში, რატომ შედგით ფეხი ამ ველზე?

-ვერ გეტყვით, რომ პოლიტიკაში ფეხი შევდგი, უფრო პოლიტიკა შემეხო თინეიჯერობის დროს, ჯერ კიდევ 90-იანებში. პოლიტიზებული ვართ მთელი ქვეყანა. თუმცა არანაირი ამბიცია არ მაქვს, რომ პოლიტიკოსი ვარ. პირიქით, ჩემი მთავარი მიზანია, ბათუმის მერის თანამდებობა გამოვიყვანო პოლიტიკოსის პოზიციიდან. მინდა ხალხს გავაგებინო, რომ ბათუმის მერი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს. ქალაქის მერს ვხედავ, როგორც ქალაქის კონცეპტის დამგეგმავს, თავისუფალ, დამოუკიდებელ და აპოლიტიკურ ადამიანს.

წინა თვითმმართველობის არჩევნებზე 1% ავიღე. არ მაქვს ფაქტები, თუმცა ვფიქრობ, ხმა უფრო მეტმა ადამიანმა მომცა, მაგრამ არ მყავდა დამკვირვებლები და ჩემს ხმებს ვერავინ დაიცავდა. სწორედ მათი მხარდაჭერის საფუძველზე გავაგრძელე პროექტი, რომელიც ოთხი წლის წინ „ჩაირთო“ და მე ასე დავარქვი „კახაბერი - კახა მერი“. დღეს უფრო მეტი მხარდამჭერი მყავს და ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომელმაც პირადად დაიარა ქალაქის ქუჩები და შეაგროვა ხელმოწერები. ასევე ერთადერთი ვარ, რომელიც გამოვედი, ბათუმის ცენტრალურ პარკთან, ადრე რომ „პიონერთა პარკი“ ერქვა, ჩამოვჯექი და გამვლელ-გამომვლელს ვუხსნიდი, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციისთვის ხელმოწერები მჭირდებოდა. ასე მივიღე ეს ხელმოწერები, ყველაზე ორგანული და გულწრფელი მოსახლეობისგან.

-ალბათ, გესმით, რომ მერობისთვის იბრძვიან, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რომელსაც აქვს უზარმაზარი ადამიანური და ფინანსური რესურსი და მეორე მხრივ, უკვე მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ოპოზიციური კანდიდატი, რომელსაც ამ ეტაპზე რამდენიმე პარტია უჭერს მხარს. თქვენ რა რესურსით შედიხართ ამ ბრძოლაში?

-მე თავისუფლად და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების მხარდაჭერის იმედი მაქვს. აბსოლუტურად არააგრესიული ფორმა მაქვს არჩეული. ამ პროცესს უფრო მარათონს ვუწოდებ და არა - ბრძოლას. ველოდები, რომ უფრო მეტი ადამიანი გაიზრდება და გაითავისებს თავისუფლების შეგრძნებას, რომელსაც მე ვთავაზობ.

-ქალაქის პრობლემებს იცნობთ და იცით, რა სურთ ბათუმელებს ქალაქის მერისგან?

-ეს ძალიან ადვილია. კანდიდატებს შორის პირველი პრეცედენტი შევქმენი და როგორც რეპორტიორი, გავედი ქალაქის ქუჩებში. ვხვდები ადამიანებს, ვაცნობ ჩემს ხედვებს. ყველას ვეკითხები, ჩემს ადგილას რომ იყოს, როგორც პირველი დამოუკიდებელი კანდიდატი, არჩევნებამდე რას გააკეთებდა. მოსახლეობა თავის აზრს გამოხატავს. შემდეგ ვთხოვ, ჩამომითვალოს სამი საკითხი, რომლებიც ყველაზე პრობლემურია. ასე ვიღებ ინფორმაციას.

-და რომელ პრობლემებს ასახელებენ ყველაზე ხშირად?

-ერთი დღის განმავლობაში, რაც ეს დავიწყე, პირველი რიგის პრობლემად მშენებლობებს ასახელებენ. არასტანდარტული მშენებლობები ბათუმის მოსახლეობას ძალიან აწუხებს. თუმცა, ამის გარდა, ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღება საგანმანათლებლო სფეროს უნდა მიექცეს. ყველას, ვისაც რაიმე განათლების მიღება უნდა, ეს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და მაქსიმალურად დაუფინანსდეს. უამრავი პროგრამაა, რომლების განხორციელებაც შეიძლება. იგივე გაცვლითი პროგრამები, უცხოეთიდან ჩამოვლენ, აქედან წავლენ და ეს ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. მე ვარ გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი პირველი მონაწილე. 1993 წელს მოვხვდი აშშ-ში. ამან საერთოდ შეცვალა ჩემი შეხედულებები განათლების შესახებ.

-თქვენ არ საუბრობთ იმ ყოფით პრობლემებზე, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, მაგალითად, გზები, სანიაღვრე სისტემები, დასუფთავება, დასაქმება და სხვა. ხომ იცით, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, ამ საკითხებზე ზრუნვა მოგიწევთ?

-უკვე რამდენი წელია, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ამდენი ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ, 21-ე საუკუნეში, ამ თემებზე მსჯელობა, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის გასაოცარია. ეს პრობლემები რომ გვაქვს, ფაქტია. მათი მოგვარების მიზნით ჰყავს მერიას ამდენი თანამშრომელი. კვალიფიციური კადრები სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ ეს პრობლემები არ არსებობდეს. ვფიქრობ, საკითხავი ისაა, რატომ არ ყოფნის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი ბიუჯეტი ამ პრობლემების მოგვარებას. მე მაქვს ერთი იდეა, რომელსაც ახლა პირველად თქვენთან გავაჟღერებ: ჩემი მერობის შემთხვევაში, აუცილებლად დავიწყებ პროექტს „რეალური მერია“. ეს იქნება გადაცემა, რომელიც მოიცავს ქალაქის ყველა პრობლემის განხილვას. მერიაში შემავალი ყველა სტრუქტურის წარმომადგენელი და კონკრეტულ პრობლემაზე პასუხისმგებელი პირები იქნებიან ამ გადაცემის მონაწილეები, ანგარიშს ჩააბარებენ ხალხს და არა - კაბინეტში მერს. გადაცემას ეყოლება თანაწამყვანები ჟურნალისტების სახით, ასევე მოვიწვევთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოქალაქეებს. გადაწყვეტილებები ჩუმად კაბინეტებში არ უნდა მიიღებოდეს. იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, თავისუფალი ვიქნები ყოველგვარი პარტიული მითითებებისგან და ანგარიშვალდებული ვიქნები მხოლოდ ქალაქის მოსახლეობასთან. სხვა არავის წინაშე ვალი არ მაქვს. მე პოპულარული გამხადა ჩემმა ქალაქმა და ხალხმა. ასე რომ, მათ ვუწევ ანგარიშს. ამ მიზანს მოემსახურება ეს გადაცემაც.

-პროგრამა თუ გაქვთ, რომელსაც მოსახლეობას გააცნობთ?

-მალე დაიბეჭდება. წინა ადგილობრივ არჩევნებზეც გვიან დაიბეჭდა ერთი ბროშურა, რომელშიც ოთხ ძირითად მიმართულებაზე კეთდება აქცენტი და ახლაც ვინარჩუნებ ამ მიმართულებებს. ესენია: კულტურა და ხელოვნება; ტურიზმი, რომელიც მიბმულია კულტურისა და ხელოვნების მიმართულებაზე და ოთხივე სეზონს მოიცავს; თანამედროვე მეცნიერება და ტექნოლოგია; გაჭირვებული ოჯახების გაძლიერება, ანუ ბათუმში აღარ უნდა უჭირდეს არც ერთ ოჯახს. ამ ყველაფერ იმიტომ ვაჟღერებ, რომ იქნებ ვინმემ მაინც განახორციელოს.

ქართული კულტურა და ხელოვნება ძალიან გამორჩეული და ღირებულია. ეს მთავარი მიზიდულობის ობიექტად უნდა ვაქციოთ. ამას მოჰყვება ტურიზმის კიდევ უფრო გააქტიურება და თუ ინფრასტრუქტურა შესაბამისი გვექნება, ყველა სეზონზე უამრავი ადამიანი ჩამოვა. როგორც მერი, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს პირადად ვთხოვ, რომ შემეცნებით-გასართობი ფესტივალები ბათუმში ჩაატარონ. აქ საუბარია როგორც ტექნოლოგიების, ახალი მიღწევების, ისე მათი კულტურის წარმოჩენაზე. აქ ჩამოსვლაზე უარს არავინ იტყვის. ჩვენც შევძლებთ, რომ ჩვენი მიღწევები გავიტანოთ იმ ქვეყნებში. ერთადერთი პრობლემა, რომელზეც აქამდე არავის უფიქრია, არის წვიმიანი ამინდისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურის შექმნა. ასეთ შემთხვევაში, ტურისტი დროის გატარებას საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეძლებს. არის ქალაქები, სადაც ადამიანები წვიმის დროს ისე გადაადგილდებიან, რომ არ სველდებიან. ეს არ არის რთული პროექტი, ელემენტარულად შეიძლება, რომ ყველა პირველ სართულს ჰქონდეს გადახურვა ტროტუარის სიგანეზე. ქალაქი უნდა განვავითაროთ, როგორც ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი, ტურიზმი გვქონდეს ოთხივე სეზონზე. ეს ბათუმის, მისი მოსახლეობის შემოსავლებს გაზრდის.

-თქვენ თქვით, რომ მოსახლეობა ერთ-ერთ პრობლემად ქაოსურ მშენებლობებს ასახელებს. თვითონ თუ მოგწონთ ის მშენებლობები, რომლებიც ქალაქში მიმდინარეობს, ან უკვე დასრულებულ ობიექტებზე რა აზრის ხართ?

-რა თქმა უნდა, არ მომწონს. ფაქტია, რომ რაც უკვე გვაქვს, იმას არაფერი ეშველება და ვერავის ვერ შევპირდები, რომ დავანგრევ. მშენებლობები სტანდარტების მიხედვით უნდა განხორციელდეს, თავისი რეკრეაციული ზონებით, პარკინგებით, სახლებს შორის შესაბამისი მანძილის დაცვით. ბუნებრივია, ქალაქი სიმაღლეში წავა, რადგან ტერიტორია პატარაა. თუ რამე უკვე გადაწყვეტილია, იმას ვერავინ ვერ გააჩერებს, მაგრამ ახალი გადაწყვეტილებების მიღებისას, აუცილებელია, რომ დავიცვათ არსებული რეგულაციები და სტანდარტები. ერთიანი კონცეფცია უნდა არსებობდეს და ეს ფაქტორები მშენებლობის დროს გათვალისწინებული იყოს. ნებართვების გაცემა პრობლემად კი არ უნდა ვაქციოთ, არამედ სტანდარტებს მივუახლოოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემას მოსახლეობასაც შეუქმნის და თვითონ ბიზნესსაც. უბრალოდ, ბინა აღარ გაიყიდება, თუ ცხვირწინ მეორე სახლი დგას. მზე, ზღვა, ჰაერის გამტარობა არის ჩვენი ქალაქის ხიბლი და თუ ამას დაკარგავს, ბევრი სხვა პრობლემა იჩენს თავს. მე ვთვლი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორიც არის ქალაქის განაშენიანება, პასუხისმგებლობა ყველა ბათუმელზე უნდა იყოს გადანაწილებული და ისინი პროცესებში მაქსიმალურად იყონ ჩართული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პასუხისმგებლობა ამომრჩეველმა არჩევნების დღესვე აიღოს თავის თავზე, მივიდეს საარჩევნო ყუთთან და ხმა მისცეს თავის რჩეულს საკუთარი ნებით და არა ვინმეს მითითებით. თუ არჩევნებზე 60% არ მივიდა, ნიშნავს, რომ 40%-ს, რომელიც ძირითადად, ადმინისტრაციული რესურსი იქნება, შეუძლია, ქალაქის მომავალი გადაწყვიტოს.

მოქალაქეების ჩართულობით უნდა განვითარდეს ბათუმის ყველა უბანი, შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით. თვითონ მოსახლეობამ უკეთესად იცის, რისი გაკეთება იქნება იქ მნიშვნელოვანი, რა მისცემს მის უბანს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას. თუ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, ყველა უბანში გაჩნდება ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი, იქ გაიხსნება სხვადასხვა ობიექტი, დასაქმდებიან ადამიანები და ექნებათ შემოსავალი. მერიის ვალდებულება უნდა იყოს, ამ მოსახლეობისთვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მიცემა და მშენებლობების რაღაც კონცეფციაში მოქცევა, რომ ქალაქს მიმზიდველობა არ დაეკარგოს.

-თქვენ ხართ ხელოვანი, ავტორ-შემსრულებელი, მართავთ მრავალათასიან კონცერტებს, მათ შორის, უცხოეთში და რას აპირებთ, თუ მერად აგირჩევენ, გააგრძელებთ ამ საქმიანობას?

-ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. მე დღესაც დაგეგმილი მაქვს კონცერტები, გასტროლები. ჩემი პროექტი ახლაც მოქმედია ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ვფიქრობ, თუ მერად ამირჩევენ, ჩემი საქმიანობით ბათუმს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოვუტან. მაგალითად: ტურიზმის დეპარტამენტიდან ბევრად უფრო ნაკლები ფული დაიხარჯება რეკლამაზე, რომელიც ისე არ მუშაობს, როგორც უნდა იმუშაოს. წარმოიდგინეთ, როცა ადამიანი მერობამდე უკვე შემდგარი და წარმატებული მუსიკოსია, მსოფლიოს მასშტაბით თავისი ექსკლუზიური მუსიკის მქონე, ორი საათის განმავლობაში ატარებს კონცერტს. ეს უკვე ქალაქის რეკლამაა და ახალი მიზიდულობის გამომწვევი ფაქტორია. ამაში ფულს ქალაქის ბიუჯეტი კი არ გადამიხდის, არამედ ის ქვეყანა, სადაც კონცერტს გავმართავ. ეს ნიშნავს, რომ იმავე ქალაქში ბათუმის პოპულარიზაციას გავაკეთებ, თან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გარეშე. ამ პროექტის გაჩერებას არ ვაპირებ და საერთოდ, წარმომიდგენია, რომ მე ევროპული ტიპის მერი ვიქნები. ყველა არტისტი წამომყვება იმაზე, რომ ჩემი ქალაქის პოპულარიზაცია მოახდინოს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3306 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი