იტვირთება

გიორგი ფუტკარაძე პროფესიით ეკონომისტია და მრავალი წელია, რაც კერძო სექტორში საქმიანობს. ყურადღების ცენტრში 2020 წლის სექტემბერში მოექცა, როცა ფიტნესკლუბ Reformerfitness-ში შესულ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებს არ დაემორჩილა და კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული შეზღუდვების მიუხედავად, მუშაობას განაგრძობდა.

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ გახლავთ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც გიორგი ფუტკარაძე ბათუმის მერობის კანდიდატად წარადგინა.

რატომ გადაწყვიტა პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვა, აქვს, თუ - არა ქალაქის მერისთვის დამახასიათებელი უნარები და საერთოდ, როგორ წარმოუდგენია ქალაქის განვითარება, ამის შესახებ „ფაქტ-მეტრს“ გიორგი ფუტკარაძე თვითონ ესაუბრა.

-რატომ გადაწყვიტეთ ამ პოლიტიკურ შეჯიბრებაში ჩაბმა თქვენ, ადამიანმა, რომელიც კერძო სექტორში საკმაოდ წარმატებულად საქმიანობთ?

-ოთხი წელია, „გირჩის“ აქტიური მხარდამჭერი ვარ. შეძლებისდაგვარად, ვაფინანსებ და ჩემს შეხედულებებს საჯაროდ გამოვხატავ. 2018 წელს, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, „გირჩის“ სახელით ვპოზიციონირებდი. თუმცა პარალელურად სხვა სფეროში ვსაქმიანობდი.

ჩემი ხედვები წესრიგზე, რომელიც სახელმწიფოში, ადამიანებს შორის ურთიერთობებში უნდა არსებობდეს, განსხვავდება სხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ საზოგადოების წევრების შეხედულებებისგან. ჩემი მიზანი ისაა, რომ ხედვები, რომლებიც მე მაქვს, მერობის კანდიდატის პოზიციიდან, რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანო. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ახლავე მთელი ქალაქი გამიცნობს, ჩემს იდეებს აიტაცებს და მხარს დამიჭერს, მაგრამ მინდა, მოქალაქეებს ავუხსნა, როგორი წარმომიდგენია ეს ქალაქი, ადამიანის თავისუფლება.

-და როგორ წარმოგიდგენიათ?

-საერთოდ, მჯერა, რომ ადამიანი რაც უფრო თავისუფალია, მით უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებს როგორც საკუთარი, ისე სხვისი ინტერესების დასაცავად; რაც უფრო ნაკლებს ართმევს სახელმწიფო ადამიანს, მით უფრო მდიდრდება საზოგადოება; რაც უფრო დაცულია ადამიანის სიცოცხლე, საკუთრება, გამოხატვის თავისუფლება, მით უფრო სწრაფად ვაღწევთ კეთილდღეობასა და პროგრესს - ამ პრინციპების მჯერა და მინდა, რომ ავუხსნა იმ ადამიანებს, რომლებიც მე მომისმენენ. ვეცდები, რომ მათ გაუჩნდეთ ისეთი ხელისუფლების მოთხოვნა, რომელიც ადამიანს უყურებს როგორც ადამიანს და არა - როგორც მონას. ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ საუბრით არ გამოხატავს, არამედ - საკუთრებით, ჩაცმულობით, თუნდაც იმით, როგორი სახლი უნდა, რომ ჰქონდეს, როგორი გემოვნება აქვს. ერთადერთი დათქმა, რომელიც უნდა იყოს საზოგადოებაში, არის ის, რომ მე ჩემს ჩარჩოებში ვეტევი, არ გადმოვდივარ შენს საზღვარზე, არ ვიტაცებ შენს ქონებას, შენს ტერიტორიაზე არაფერს არ ვაშენებ. არც საზოგადოებრივ ტერიტორიაზე არ ვაშენებ. მაგალითად, ტროტუარი და ქუჩა არ უნდა მივითვისო, საერთო საკუთრებას უნდა მოვუფრთხილდე. თუ მინდა, რომ ჩემი საკუთრება დაცული იყოს, უნდა ვიცავდე თქვენი საკუთრების უფლებასაც. ჩემთვის როგორი მიუღებელიც უნდა იყოს სხვისი სახლის ფასადი თუ სიმაღლე, ნებისმიერ დროს ვეცდები, რომ მისი უფლება დავიცვა, თუ სხვის ჯანმრთელობას არ ვნებს. ამის გამო დავთანხმდი შემოთავაზებას, რომ მერობის კანდიდატი ვყოფილიყავი. ამ როლსა და ფუნქციას ვხედავ ჩემს თავში.

-თქვენს პოტენციურ ამომრჩეველში ბევრი გეგულებათ ისეთი, ვინც ამ პრინციპებს გაიგებს და დაიჯერებს?

-ამ იდეების რეიტინგი მზარდია. ახალგაზრდები სხვანაირად უყურებენ სამყაროს და როცა ვუხსნი, ხვდებიან, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - კოლექტიური მიზნების მიღწევა. თუ ადამიანის თავისუფლება და ფუნდამენტური უფლებები არ არის დაცული, შესაბამისად, ვერ იქნება დაცული კოლექტიურადაც. ეს იდეები ახლა არ დაბადებულა, ამ იდეებს იზიარებდნენ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ყველა ის ადამიანი, ვინც მეფის რუსეთსა და საბჭოთა კავშირის მმართველობას ეწინააღმდეგებოდა. მჯერა, რომ ეს იდეები საზოგადოებაში კიდევ უფრო პოპულარული ხდება. ასევე მჯერა, რომ ადამიანებს აზრი საუბრითა და დარწმუნებით უნდა შევაცვლევინოთ. თუ მე იმის უნარი არ მაქვს, რომ საუბრით დაგარწმუნოთ, არც იმის უფლება მაქვს, რომ ძალაუფლება ჩავიგდო და იმის გაკეთება გაიძულოთ, რაც მე სწორი მგონია.

-თუ მერად აგირჩევენ, დაგხვდებათ არაერთი პრობლემა, რომელთა მოგვარებასაც მოქალაქეები ითხოვენ და სანამ თქვენს შეხედულებებს გაავრცელებთ, მანამდე ამ პრობლემებზე უნდა იმუშაოთ. იცნობთ ამ პრობლემებს და გაქვთ მათი მოგვარების უნარი?

-საკითხი დადის იქამდე, რომ უნდა ვიცოდეთ, რა არის მერის ფუნქცია. მე სახელმწიფოს, ქალაქის მმართველების ფუნქციად წარმომიდგენია ის, რომ საჯარო საკუთრებაში არსებულ ქონებას მოუაროს. ადამიანები შევთანხმდით, რომ ჩვენი კონტრიბუცია შევიტანოთ საერთო საქმეში და რადგან ჩვენ სხვა საქმეები გვაქვს, ვშრომობთ, ბიზნესს ვქმნით და ვავითარებთ, ვიღაცებს საჯარო საკუთრების მოვლა დავავალეთ. თუ ჩვენ გვაქვს ყველას საკუთრებაში არსებული აუთვისებელი ტერიტორიები, მერიამ იქ საბაზისო ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას, ხოლო მოქალაქეებმა ის ქონება კერძო საკუთრებაში გადმოვიტანოთ და ისე განვავითაროთ, როგორც ბაზარი გვიკარნახებს. კერძო საკუთრებას ის უპირატესობა აქვს, რომ, როცა მე ჩემს დაგროვებულ სიმდიდრეს ვრისკავ და ინვესტიციას ვდებ, ჩემს ინტერესშია, რომ ადამიანებმა ნებაყოფლობით გადაიხადონ ფული, რათა ჩემმა ინვესტიციამ უკუგება მიიღოს. თუ ბევრი კონკურენტი მყავს, ვცდილობ, მათ ვაჯობო და მეტი ადამიანის გემოვნება და საჭიროება დავაკმაყოფილო, რომ ჩემმა ბიზნესმა დიდხანს იარსებოს.

და კიდევ, მერის ფუნქცია საერთოდ არ არის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც კერძო მესაკუთრის ხელშია. ძველ ბათუმში ბევრი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და ადამიანები ვერც თვითონ აკეთებენ ვერაფერს და ვერც ყიდიან. სახელმწიფო მოქალაქეებისგან ამოღებული გადასახადებით საზრდოობს და რამდენად სამართლიანია, რომ ძველ ბათუმში სხვისი სახლი ჩემი ფულით გაარემონტოს მთავრობამ? ყველაზე სამართლიანი ის იქნება, რომ ამ ადამიანებს საკუთრების განკარგვის უფლება არ შევუზღუდოთ. მაშინ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აუცილებლად ისეთი ადამიანის ხელში აღმოჩნდება, რომლისთვისაც მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. ჩვენ მოქალაქეებს ზედმეტი გადასახადებით ვაღარიბებთ, რაღაც სულელური ფუნქციებისთვის ფულს ვართმევთ.

-მაინც, რომელ სულელურ ფუნქციებში ვუხდით ფულს მერიას?

-მაგალითად, განათლება, კულტურა, სპორტი სახელმწიფოს საქმე არ არის. ხელოვანი ადამიანი მერიისგან ითხოვს დაფინანსებას სხვის ხარჯზე. ის ადამიანი თუ გაიაზრებს, რომ მოქალაქეებს თვითონ მოანდომოს, მის შემოქმედებაში ფული გადაიხადონ, ამ უსამართლობის თანამონაწილე არ გახდება. გაჭირვებული ადამიანი რომ იხდის გადასახადს და იმით ვიღაცის სიმღერა და კონცერტი ფინანსდება, ეს უსამართლობაა. როცა ადამიანი პროფესიას ირჩევს, რაღაც ისეთი უნდა გააკეთოს, შექმნას, რომ სხვა ადამიანებს ამაში ფულის გადახდა მოუნდეთ. ჩვენ ბევრ ფულს ვფლანგავთ და ის რომ საზოგადოებაში დარჩენილიყო, მოხვდებოდა წიგნის მაღაზიაში, რესტორანში, სალონში... ისინი დაასაქმებდნენ ადამიანებს, შესაბამისად, ადამიანები გამდიდრდებოდნენ. აქედან გამომდინარე, გაჩნდებოდნენ საზოგადოებაში მოქალაქეები, რომლებისთვისაც ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რაღაც ღირებულებას წარმოადგენს, გამოისყიდდნენ შენობას, ჩაუტარებდნენ რესტავრაციას და შემოსავალს მიიღებდნენ.

-მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომელიმე ინვესტორის ხელში აღმოჩნდეს, რომელიც მას დაანგრევს და ჩადგამს მრავალბინიან კორპუსს. ასეთი შემთხვევებისგან დასაცავად არსებობს სწორედ ის კანონიც.

-სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ადამიანის გონებაში რაღაცას ენიჭება ღირებულება და ამაში იხდის ფულს. თუ კერძო საკუთრებაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფოს საერთოდ არაფერი მასთან არ ესაქმება. ჩემია და ვიღაც პეტრე არ არის ვალდებული, კერძო საკუთრების გარემონტებაში ფული იხადოს. თუ საუბარია საკულტო ნაგებობებზე, რომლებიც საჯარო საკუთრებაშია, მაშინ შევთანხმდით, რომ სახელმწიფოს ფულს ვუხდით და უნდა მოუაროს. მგონია, რომ სახელმწიფო ამაშიც არაეფექტურია და ესეც რომ იმათ ხელში გადავიტანოთ, ვისთვისაც ღირებულებას წარმოადგენს, უფრო მოვლილი იქნება.

როცა მე ვამბობ, რომ ამ საკითხში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს, იმას არ ნიშნავს, რომ მე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ მინდა. პირიქით, მიმაჩნია, რომ თუ ის რაიმე ღირებულებას წარმოადგენს, კერძო მესაკუთრე მას უფრო მეტად დაიცავს. მოქალაქეებს რომ სახელმწიფო არ აღარიბებდეს, ისინი თვითონ შეიძენდნენ ამ ძეგლებს და ეკონომიკურად მომგებიანად აქცევდნენ. მერამდენე წელია, უკვე ვეძებთ მერს, რომელიც ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას დაიცავს, რომელიც ქალაქის ურბანული განაშენიანების გეგმას მოგვცემს... ვერ ვპოულობთ და რაშია საქმე? ხომ არ დადგა დრო, რომ ასეთი მერები კი არ ვეძებოთ, არამედ ისეთი წესრიგი დავამკვიდროთ, ადამიანებმა ერთმანეთთან შეჯიბრებითა და ჯანსაღი კონკურენციით აკეთონ საქმე.

-და სანამ ამ წესრიგს შევცვლით, მანამდე რა უნდა იყოს მერის ფუნქცია, როგორ უნდა იმუშაოს მან, არსებული საკანონმდებლო ბაზის ფარგლებში, ქალაქში არსებული, წლობით დაგროვებული პრობლემების გადასაჭრელად?

-მერის ფუნქცია არის საჯარო ქონებისა და სივრცეების მოვლა-პატრონობა და მიხედვა. ამაზე უნდა იხარჯებოდეს მთელი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი. მერიაში, თუ მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში დასაქმებულებსაც გავითვალისწინებთ, რამდენიმე ათასი ადამიანი მუშაობს. აბსოლუტურად საკმარისია სამასი ადამიანი, რომ მერიამ თავისი უფლებამოსილება კარგად განახორციელოს. 25 მილიონამდე ლარი მხოლოდ მერიაში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება. ამას ემატება კიდევ სხვა ხარჯი. წარმოიდგინეთ, შრომის ანაზღაურების თანხა რომ 5 მილიონამდე შემცირდეს, მოქალაქეებს ზედმეტ ფულს არ წავართმევთ, ბიუროკრატიაში არ გამოვიყენებთ. სჯობს თანხა გზის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას უფრო ეფექტურად მოვახმაროთ, რომ მეტად მოწესრიგებული გვქონდეს. ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებით ბევრი სიკეთის მიღწევა შეიძლება, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისითაც. ეს არა მხოლოდ ბათუმის, არამედ ქვეყნის მასშტაბით გასაკეთებელია. ნელ-ნელა სახელმწიფო უნდა გავიყვანოთ მოქალაქეების პირადი ცხოვრებიდან, რათა ადამიანმა თავისი შრომით შექმნილი პროდუქტის მეტი ნაწილი თვითონ დახარჯოს და არა - მთავრობამ. ეს ეკონომიკას განავითარებს.

ხვალვე მერიის თანამშრომლები უხელფასოდ არ უნდა დავტოვოთ. მაგალითად, ერთი წლით შევუნარჩუნოთ ანაზღაურება, იმ პირობით, რომ ამ დროის განმავლობაში მოძებნიან სამსახურს კერძო სექტორში. სამაგიეროდ, თანხა, რომელიც მე უსაქმურობაში უნდა გადამეხადა, გადმოდის ბაზარზე და ის უხდის ამ ადამიანებს.

მერიას უნდა ჰქონდეს ორგანიზატორისა და მაკონტროლებლის ფუნქცია, სად და როგორ კეთდება საქმე, როგორ ასრულებს შესაბამისი პასუხისმგებელი სუბიექტი სახელშეკრულებო პირობებს. მომსახურება კი უნდა შეისყიდოს. რა უნდა გაკეთდეს და სად, ეს ადმინისტრაციული ერთეულების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების, მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით უნდა გადაწყდეს.

-გაქვთ მოლოდინი, რომ თქვენი გეგმების განსახორციელებლად საჭირო მხარდაჭერას მოიპოვებთ?

-ერთ დღეში მართლა ვერ ამოვაყირავებ ყველაფერს და სტრუქტურაც არ მომცემს ამის საშუალებას. თუმცა ძალიან მარტივად შეიძლება, ფასი დავუკარგო ისეთ რამეებს, რაც ფურცელზე წერია და რეალურად არ მუშაობს. ვაჩვენო ადამიანებს, რომ რაღაცებში ფულს ტყუილად იხდიან და ის რესურსი სხვა რამისკენ მივმართო. ამაში ადამიანები უნდა დავარწმუნო. ამიტომ ყველას ვეუბნები, ხმა იმ შემთხვევაში უნდა მომცენ, თუ ჩემი სჯერათ.

ფოტო: asea.ge


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი