იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილი: ქართული ოცნების მმართველობის დროს მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასით გაიზარდა

ვერდიქტი: მანიპულირება

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობის დროს პოზიტიური მიგრაციული ბალანსი გვქონდა, ქვეყანაში უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა. ამათ დროს, შარშანდელი მონაცემებით, 700 ათასი გავიდა

ვერდიქტი: მანიპულირება

რეზიუმე: 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 11.7 ათასით გაიზარდა, რაც 2020 წელს მიგრაციული ნაკადების შემცირებით იყო განპირობებული, რაც თავის მხრივ, COVID-19-ის პანდემიას და საზღვრების ჩაკეტვას უკავშირდება. თუ პანდემიის ეფექტს გამოვრიცხავთ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 2013 წლის 1 იანვართან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობა 1.5 ათასით არის შემცირებული. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პერიოდში, ემიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ნამდვილად არის, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას განაპირობებს. საქსტატმა მიგრაციის მაჩვენებლები მოსახლეობის რაოდენობისა და ემიგრაციის შესახებ 2014 წლის აღწერიდან მიღებული მონაცემების მიხედვით გადაიანგარიშა. საქსტატის მონაცემებით, 1994 წლიდან 2020 წლამდე, გარე მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. ძველი მონაცემებით, აღწერათაშორის პერიოდში მიგრაციული სალდო ჯამში დადებითი იყო. თუმცა ის რეალურ სურათს არ ასახავდა, რადგან 2012 წლამდე პერიოდში, შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო, მიგრაციული ნაკადების ზუსტად აღრიცხვა ვერ ხდებოდა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ მისი მმართველობის პერიოდში მიგრაციული სალდო დადებითი იყო, არის მანიპულირება.

ემიგრანტების ყოველწლიური მონაცემების დაჯამება არამართებულია, რადგან, შესაძლოა ემიგრანტების რიცხვში ჩაითვალოს პირი, რომელიც აღარ იმყოფება ემიგრაციაში. მეორე მხრივ, შესაძლოა, მონაცემების დუბლირება მოხდეს, მაგალითად, უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთი და იგივე პირი შეიძლება ორჯერ ან მეტჯერ წავიდა ემიგრაციაში. ანალოგიური მიზეზებით იმიგრანტების რაოდენობის დაჯამებაც ასევე გაუმართლებელია. ამიტომაც მართებულია, თუ ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობას გავაანალიზებთ. 2013-2020 წლებში გარე მიგრაციული სალდოს ჯამური მაჩვენებელი -26,200-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში 26,200 ათასი ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში 700 ათასი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოში პირველად დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო, რაც, თავის მხრივ, COVID-19-ის პანდემიას და საზღვრების ჩაკეტვას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს მიგრაციულმა სალდომ, ანუ ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ, 15,732 შეადგინა.


ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ოპონენტებისგან მუდმივად მიმდინარეობს კრიტიკა, რომ ჩვენი მმართველობის დროს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, სატრაბახო არაა, მაგრამ ეს მაჩვენებელი 10 ათასითაა გაზრდილი“. მისივე განცხადებით, „წინა ხელისუფლების, სააკაშვილის დროს, საქართველოს მოსახლეობა 219 ათასი ადამიანით შემცირდა“.

პრემიერის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და არნახული ტყუილი უწოდა. „სააკაშვილის დროს 200 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და ჩვენ დროს 100 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდაო, ეს არის აბსოლუტური სიცრუე! სტატისტიკის დეპარტამენტში, 2 წლის წინ ჯერ კიდევ იდო რიცხვები, სანამ არ გადააკეთეს, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩვენ გვქონდა პოზიტიური მიგრაციული ბალანსი. ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი არ გადიოდა ქვეყნიდან, უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა. ამათ დროს, შარშანდელი მონაცემებით 700 ათასი გავიდა და წელს უკვე დაემატა მინიმუმ 100 ათასი“.

2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3,728.6-ია, რაც 2013 წლის 1 იანვრის მონაცემებს 10.2 ათასით აღემატება. 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, 2020 წელთან შედარებით, 11.7 ათასით გაიზარდა, რაც 2020 წელს მიგრაციული ნაკადების შემცირებამ განაპირობა, რაც თავის მხრივ COVID-19-ის პანდემიას და საზღვრების ჩაკეტვას უკავშირდება. თუ პანდემიის ეფექტს გამოვრიცხავთ, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 2013 წელთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობა 1.5 ათასით არის შემცირებული. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში [2013 წლის 1 იანვარი შედარებულია 2004 წლის 1 იანვართან] მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 219 ათასით შემცირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებიდან გამომდინარე, ძველი წლების მონაცემების გადაანგარიშება მოხდა. ძველი მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა იზრდებოდა. 2014 წლამდე არსებულ პერიოდში, კონკრეტული პერიოდის მონაცემები ასახავს არა ობიექტურ რეალობას, არამედ ხელოვნურად მიღებულ მაჩვენებლებს, აღწერათაშორის არსებული მოსახლეობის რიცხოვნობის ტექნიკურად შესაბამისობაში მოსაყვანად. თუმცა სადავოდ არ მიიჩნევა ის ფაქტი, რომ 1994 წლიდან ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, რაც თავის მხრივ, გარე მიგრაციული ნაკადების ზრდას უკავშირდებოდა.

გრაფიკი 1: მოსახლეობის რიცხოვნობა 1 იანვრის მდგომარეობით (ათასი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მოსახლეობის რაოდენობა და მიგრაციის მაჩვენებლები მუდმივად არის მანიპულირების საგანი, როგორც ხელისუფლების, ის ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. პირველ რიგში უნდა განიმარტოს, რომ 2018 წელს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები გადაიანგარიშა. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის ოდენობა, ძველი [2002 წლის] აღწერით არსებულ მონაცემებთან შედარებით, 4.5 მლნ-დან 3.7 მლნ-მდე შემცირდა. მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების მიზეზად 2002 წლის საყოველთაო აღწერაში არსებული უზუსტობები და გარე მიგრაციული ნაკადები დასახელდა. 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები გადაიხედა და ალტერნატიულ მონაცემებზე (მათ შორის შინამეურნეობათა ინტეგრირებული გამოკვლევა) დაყრდნობით, მოსახლეობის რაოდენობა 2002 წლის მონაცემებით დაახლოებით 8.7%-ით, 3.9 მილიონამდე შემცირდა. 2002 წლის კორექტირებულ მონაცემებსა და 2014 წლის აღწერის შედეგებს შორის დაფიქსირებული სხვაობა ძირითადად მიგრაციაზე გადანაწილდა.

ემიგრაცია ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას განაპირობებს. საქსტატის მონაცემებით, 1994 წლიდან 2020 წლამდე, გარე მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) [1] უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. საქსტატმა მიგრაციული სალდოს არსებული მონაცემები რადიკალურად შეცვალა. განახლებული მონაცემებით მიგრაციული სალდო, 2002 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად უარყოფითი იყო. ძველი მონაცემებით კი, აღწერათაშორის პერიოდში მიგრაციული სალდო ჯამში დადებითი იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის რეალურ სურათს არ ასახავდა. 2012 წლამდე პერიოდში, შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო, მიგრაციული ნაკადების ზუსტად აღრიცხვა ვერ ხდებოდა. 2004 წლამდე მიგრაციული სალდო ძირითადად ე.წ. ექსპერტული შეფასებებით გაიანგარიშებოდა. 2004 წლიდან საქსტატს საზღვრის კვეთის მონაცემები ჰქონდა, თუმცა იმიგრანტების და ემიგრანტების იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა და ამ მონაცემებში რეალურად ყველა ის პირი ხვდებოდა, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვიდა ან გავიდა. 2012 წლიდან უკვე ახალი მეთოდოლოგია დაინერგა და იმიგრანტებისა და ემიგრანტების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. საქსტატმა მიგრაციის მაჩვენებლები მოსახლეობის რაოდენობისა და ემიგრაციის შესახებ 2014 წლის აღწერიდან მიღებული მაჩვენებლების მიხედვით გადაიანგარიშა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ მისი მმართველობის პერიოდში მიგრაციული სალდო დადებითი იყო, არის მანიპულირება.

ემიგრანტების ყოველწლიური მონაცემების დაჯამება არამართებულია, რადგან, შესაძლოა ემიგრანტების რიცხვში ჩაითვალოს პირი, რომელიც აღარ იმყოფება ემიგრაციაში. მეორე მხრივ, შესაძლოა მოხდეს მონაცემების დუბლირება, მაგალითად, უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთი და იგივე პირი შეიძლება ორჯერ ან მეტჯერ წავიდა ემიგრაციაში. ანალოგიური მიზეზებით, ასევე გაუმართლებელია იმიგრანტების რაოდენობის დაჯამება. თუ დავაჯამებთ, 2013-2020 წლების ჯამური მონაცემებით (მიმდინარე წლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი), 741,778 ადამიანმა დატოვა ქვეყანა, თუმცა, ამავე პერიოდში 731,787 ათასი ადამიანი შემოვიდა ქვეყანაში.

2013-2020 წლებში გარე მიგრაციული სალდოს ჯამური მაჩვენებელი -26,200-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში 26,200 ათასი ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ შარშანდელი მონაცემებით 700 ათასი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, სიმართლეს არ შეესაბამება.

2020 წელს საქართველოში პირველად დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, რაც თავის მხრივ COVID-19-ის პანდემიას და საზღვრების ჩაკეტვას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს მიგრაციულმა სალდომ, ანუ ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ, 15,732 შეადგინა. 2020 წელს საქართველოდან ემიგრაციაში ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები 74,264 ადამიანი გაემგზავრა (43,349 საქართველოს მოქალაქე და 30,915 უცხოეთის მოქალაქე), რაც 2019 წელთან შედარებით 29.3%-ით ნაკლებია. ემიგრანტთა რაოდენობის შემცირება საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ემიგრაციის პრაქტიკულად განახევრებით იყო გამოწვეული. ამასთან, 2020 წელს უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა 66,668 საქართველოს მოქალაქე, რაც წინა წლის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება. თუმცა 2020 წელს ასევე შემცირდა, 7.1%-ით, იმიგრანტების რიცხოვნობა და 89 996 ადამიანი შეადგინა. შემცირება უცხოეთიდან საქართველოში ემიგრირებული უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობის კლებით იყო განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ იმიგრაციის საერთო მაჩვენებელი შემცირდა, ემიგრაციის უფრო მეტად შემცირების გამო, მიგრაციული სალდო დადებითი გახდა.

[1] ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. საქსტატის მეთოდოლოგიით, ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოში. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო, ანუ წინა 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3377 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი