იტვირთება

დეზინფორმაცია: პაატა იმნაძის ორსული შვილი სინამდვილეში „ფაიზერის“ ვაქცინით არ აცრილა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

7 სექტემბერს Facebook- მომხმარებელმა სოციალურ ქსელში პაატა იმნაძის ორსული შვილის, ტატა იმნაძის ვაქცინაციის პროცესის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს თან ერთვის აღწერა, სადაც Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს, რომ პაატა იმნაძის შვილი არ აცრილა. მისი თქმით, ექიმი პაციენტს „სხვა ამპულიდან გამაყუჩებელ ნემს უკეთებს“. პოსტს 39 ათასამდე ნახვა და 3.5 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

გარდა ამისა, ფეისბუქ-მომხმარებელი პოსტის მეშვეობით მოქალაქეებს მოუწოდებს არ აიცრან და კომენტარებში ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტლის უმცროსი მედპერსონალის, თორნიკე ნონიაშვილის ჩანაწერს ურთავს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 3-წუთიანი ვიდეომიმართვა „ფაქტ-მეტრმა“ ადრეც გადაამოწმა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ვიდეო კოვიდვაქცინებთან დაკავშირებით მანიპულაციურ და ყალბ მტკიცებებს შეიცავს ( იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ორსული შვილი, ტატა იმნაძე 2021 წლის 5 აგვისტოს „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. ტატა იმნაძის ვაქცინაციის პროცესი სხვადასხვა მედია-საშუალების მიერ გაშუქდა. პაატა იმნაძის განცხადებით, მისი ორსული შვილი ერთადერთი ადამიანი იყო მის ოჯახში, რომელიც არ იყო აცრილი. „ჩემს ოჯახში ერთადერთი აუცრელი წევრი იყო დარჩენილი ჩემი ქალიშვილი, რომელიც არის ფეხმძიმედ, ამიტომ ელოდებოდა იმ ვაქცინას, რომელზეც არის დაშვება. მოგეხსენებათ, „პფაიზერის“ ვაქცინა დაშვებულია ფეხმძიმეებზე. არავითარი გამოკვლევა არ სჭირდება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ. ვაქცინაციის შემდეგ ტატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „ძალიან მინდოდა ავცრილიყავი და როგორც იქნა, ავიცერი. დღეისათვის ამ ინფექციის ყველაზე კარგი საშუალება აცრაა. ორსულებისთვისაც შესაძლებელია და ყველას მოვუწოდებ აიცრას“.

წყარო: NCDC წყარო: Myvideo.ge

წყარო: რადიო თავისუფლება წყარო: Netgazeti.ge

რაც შეეხება Facebook-პოსტში წარმოდგენილ ვიდეოს, მასალაში ტატა იმნაძის მეორე დოზით ვაქცინაციის პროცესია ასახული. ტატა იმნაძემ „ფაიზერის“ მეორე დოზა 2 სექტემბერს გაიკეთა. აცრის პროცესი პირდაპირ ეთერში ინსტაგრამის პლატფორმაზე მისმა დამ, ლიზი იმნაძემ გააშუქა. ლიზი იმნაძე როგორც ვიდეოში, ისე კომენტარებში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი და „ფაიზერის“ ვაქცინით იცრება. მიუხედავად ამისა, კომენტარებში დაფიქსირდა ანტივაქსერთა კომენტარები, რომლებსაც ტატა იმნაძის „ფაიზერით“ ვაქცინაციაში ეჭვი შეიტანეს. „მეორე შპრიცი რა საჭირო იყო? ანუ 1 შპრიცში ვქქხინქ ჩაასხეს & მეორეთი ვიტამინი გაიკეთე ხოოო? ღმერთმა ჯანმრთელი გამყოფოს, მაგრამ ეს ტყუილები რა საჭიროა? ხალხი უფრო და უფრო რწმუნდება რომ არ უნდა აიცრას... აი ზელენსკიმაც მოიტყუა გამოიჭირეს ვითომ აიცრა...“ „ხელით არ მიაწვა ექიმი შპრიცს რომ შესულიყო და ოპერატორმა კამერა უცებ მოარიდა... კარგით რა ვის ატყუებთ! სირცხვილია, ბევრი ორსული აიცრება ამ მოწოდებით“.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტატა იმნაძემ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პირველ ცდაზე ნემსით ვაქცინის ამოტუმბვა ვერ მოხერხდა, რის გამოც ექთანმა შპრიცი შეცვალა. „არ მიკითხავს ექთნისთვის არაფერი, იმიტომ რომ მე დავინახე, უბრალოდ არ ამოვიდა ნემსში პირველ ცდაზე. კი, ცდილობდა ექთანი, რომ ამოეღო, მაგრამ მერე ნემსი შეცვალა და იმ ნემსით ჩვეულებრივად ამოიტანა ვაქცინის სათანადო დოზა...რაც შეეხება ორგანიზმში ვაქცინის დოზის შეყვანას, მართლა ლუზერობაა ნემსზე თითის დაჭერის მომენტი რომ არ ჩანს წესიერად, მაგრამ შავ საცობს თუ დააკვირდებით ჯერ ამოწეულია და შემდეგ ბოლომდეა ჩასული, ანუ ნემსის შიგთავსი (ფაიზერის ვაქცინა) is in me“, - წერს ტატა იმნაძე ინსტაგრამზე

ტატა იმნაძის დის ვიდეოში ნამდვილად ჩანს, რომ ექიმი მხოლოდ შპრიცს ცვლის, ვაქცინის ფლაკონი უცვლელი რჩება. ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო არ არის პროფესიული ვიდეო-კამერით გადაღებული, მაინც ჩანს „ფაიზერის“ ვაქცინის ფლაკონი შავ-თეთრი მარკით.

„ფაიზერის“ ვაქცინის ფლაკონი

რაც შეეხება პოსტში გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ვაქცინა უნაყოფობას შეიძლება იწვევდეს,აღნიშნული მტკიცება რაიმე სამეცნიერო საფუძველს არ ემყარება. არც ერთი ვაქცინის გვერდით ეფექტს პოტენციური უშვილობის საფრთხე არ წარმოადგენს. ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ COVID-19-ის ვაქცინაცია ორსულობასთან დაკავშირებულ რაიმე პრობლემას იწვევს. ვაქცინები, მათ შორის COVID-19 ვაქცინები, ნაყოფიერების პრობლემებს არ წარმოქმნის (ამ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ამრიგად, Facebook-ზე გავრცელებული მტკიცება, თითქოს პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით არ აცრილა და მას „გამაყუჩებელი ნემსი“ გაუკეთეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი სახის ანტივაქსერული, დეზინფორმაციული Facebook-პოსტები მოქალაქეებში ვაქცინისადმი უნდობლობას აჩენს და ვაქცინაციის პროცესის შეფერხებას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი