იტვირთება

პოლიტიკურმა პარტიამ „საქართველოსთვის“ ბათუმის მერობის კანდიდატად ირაკლი მიქელაძე წარადგინა. ის იყო ბათუმის ორი მოწვევის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, წლების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მათი ღირებულებები გაიყო და ჯერ საკრებულო დატოვა, ხოლო მოგვიანებით - პარტიაც.

რატომ გადაწყვიტა ბათუმის მერობა, რამდენად კარგად იცნობს ბათუმელების პრობლემებს, რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს ქალაქი - ამ თემებზე „ფაქტ-მეტრს“ ირაკლი მიქელაძე ესაუბრა.

- „ქართული ოცნება“ საკუთარი ნებით დატოვეთ?

- რამდენიმე ფაქტორი იყო, რამაც „ქართული ოცნებიდან“ ჩემი წასვლა განაპირობა. პირველი ის, რომ ჩემი მეუღლე სწავლობს და ცხოვრობს გერმანიაში და ოჯახური გარემოებაც იყო ამის განმაპირობებელი. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კი იყო იმ ღირებულებითი სტანდარტების გაუცხოება, რომლებიც ჩემსა და პარტიას შორის არსებობდა. მივხვდი, რომ რაღაც საკითხებს სხვანაირად ვხედავდი და ვაფასებდი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ ცოტა ხნით პოლიტიკისგან დამესვენა.

- კონკრეტულად რა საკითხებში გქონდათ გაუცხოება?

- ბევრი მაგალითია, ამ თემების ჩაშლას ახლა არ ვაპირებ. რაც კარგი გაკეთდა, ამაშიც დიდ წვლილი მაქვს და რა თქმა უნდა, ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაზე, რა ხარვეზებიც იყო. კენჭი ბათუმის შემოერთებული ტერიტორიიდან ვიყარე. ჩემი საკრებულოში ყოფნის პერიოდში, იქ ქუჩების 80% მოწესრიგდა. ასევე ვიყავი მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და იმ წელს ძალიან ბევრი საქმე, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, უყურადღებოდ ეყარა და რეგისტრაციის საკითხიც არ იყო გარკვეული, დავასრულეთ.

- თქვენ თქვით, რომ პოლიტიკიდან წახვედით. ახლა რატომ გადაწყვიტეთ დაბრუნება, რა დაინახეთ ისეთი, რომ საჭირო ხართ და რატომ მაინცდამაინც გახარიას პარტია აირჩიეთ?

- დავბრუნდი, რომ რისი გაკეთებაც მაშინ ვერ მოვასწარი, ახლა გავაკეთო. ზუსტად ვიცი, რომ მაქვს იმის შესაძლებლობა, შინაგანი რესურსი და ენერგია, რომ უკეთესი ქვეყნის მშენებლობაში ჩემი წვლილი შევიტანო.

ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის გიორგი გახარიას გამოჩენა პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ მისი ღირებულებითი სტანდარტი, მისი ხედვა არის ჩემთან ყველაზე ახლოს. ყველაზე მეტად რაც მომწონს, ეს არის მისი სურვილი, რომ პოლიტიკური ველი გააკეთილშობილოს. თუ დააკვირდებით, სულ ახალგაზრდები მოდიან ჩვენს გუნდში. მათ უმრავლესობას ევროპული განათლება აქვს. ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი.

- ჩვენ შეგვეძლო, გახარიას შესახებ, მის ღირებულებებზე კიდევ გვესაუბრა. თუმცა ახლა ის უფრო საინტერესოა, რამდენად დამოუკიდებელი იქნებით თქვენ, როგორც მერი და ვის გაუწევთ ანგარიშს, თუ ისე მოხდა, რომ თქვენი პარტიული ლიდერებისა და ბათუმელების ინტერესები, რომელიმე საკითხთან მიმართებით, ერთმანეთს არ დაემთხვევა?

- მე მაქვს ერთადერთი პრინციპი - სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებ. მიხარია, რომ ვარ იმ პარტიაში, რომელშიც ეს კითხვა საერთოდ არ დაისმის. ბატონი გიორგის მიდგომა არის ასეთი: შენ გაქვს შენი საქმე, რომელზეც იღებ პასუხისმგებლობას. თუმცა არიან პოლიტიკური ძალები და მეც ასეთი ძალის ნაწილი ვიყავი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომლებსაც განსხვავებული მიდგომები აქვთ. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ხშირად არასწორად ესმით, რას ნიშნავს, იყო პოლიტიკოსი, იყო მუნიციპალიტეტის მოხელე. ეს არასწორი აღქმები, ხშირ შემთხვევაში, მახინჯი ფორმებით ვლინდება, რაც საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.

- გადაწყვეტილებების მიღებისას ხშირად მოქალაქეების აზრი გათვალისწინებული არ არის, მათი ჩართულობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ამ მიმართულებით რის გაკეთებას აპირებთ?

- ჩვენი პროგრამა იწყება იმით, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ მუნიციპალური სერვისები და საზოგადოების ჩართულობა გავზარდოთ. ვპირდები ჩვენს თანაქალაქელებს, რომ ჩვენ შევქმნით სპეციალურ ნორმატიულ სივრცეს, რომლის საფუძველზეც მოქალაქეების პოზიციის გათვალისწინება აუცილებელიც კი იქნება ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა ბიუჯეტი, მშენებლობები და სხვა. მე არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური კარიერა მოკლე დროში დავასრულო. ჩემი მიზანია, ეს ტესტი ისე კარგად ჩავაბარო, რომ მინიმუმ, კიდევ ექვსი წელი ვაკეთო პოლიტიკა ამ ქალაქში. აუცილებლად გადავუნაწილებ ჩემს პასუხისმგებლობას თანამოქალაქეებს. ეს მათი სურვილიცაა და მოთხოვნაც. ამიტომ შევქმნით ელექტრონულ პლატფორმას და ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდება მას შემდეგ, რაც გვეცოდინება მოქალაქეების პოზიცია. ეს ეხება ბიუჯეტზე მუშაობის პროცესებსაც.

- თანამონაწილეობით ბიუჯეტს გულისხმობთ, როგორც მივხვდი და როგორ აპირებთ, რომ მოქალაქეები დაინტერესდნენ და აქტიურად ჩაერთონ საბიუჯეტო პროცესებში?

- ჩვენი პოზიცია არის ასეთი: ბიუჯეტი, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის ნაწილში, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს. მინიმუმ, 200 ათასი ლარი იქნება განსაზღვრული თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულზე. მოსახლეობას შევთავაზებთ, თვითონ გადაწყვიტოს, რისი გაკეთება სურს, კანალიზაციის, განათების თუ გზის. ამ მიდგომის მთავარი პრინციპი ისაა, რომ მერი კაბინეტიდან არ გადაწყვეტს, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულს რა გაუკეთოს ბიუჯეტიდან. ეს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს და მერიამ გააკეთოს.

- საინტერესო წარმონაქმნია ამხანაგობები, რომლებსაც, იდეაში, მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, თუმცა, ფაქტობრივად, არ მუშაობს. როგორ აპირებთ მათ გააქტიურებას?

- ჩემი ევროპაში გარკვეული პერიოდით ცხოვრება იმისთვისაც ღირდა, რომ გავცნობოდი ამხანაგობების ინსტიტუტს, რომელიც იქ ძალიან განვითარებულია. ბევრი რამ მინდა იქაური ჩამოვიტანო და დავნერგო, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ამ თემაზე უფრო კონკრეტულად ჯერ არ ვისაუბრებ, მე და ჩემი გუნდი ვმუშაობთ ცალკე პროექტზე, რომლის განხორციელებაც მოგვცემს დამოუკიდებელ ადამიანებს. ისინი პასუხისმგებელი იქნებიან თავიანთ ტერიტორიაზე, კორპუსებში ძალიან ბევრ რამეზე. ეს არ იქნება მოჩვენებითი როლი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელმძღვანელებს პარტიასთან საერთოდ არანაირი შეხება არ ექნებათ. ჩემი მერიაში ყოფნის პერიოდში, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პოლიტიკისა და მუნიციპალიტეტის ერთმანეთისგან გამიჯვნა იქნება. მუნიციპალიტეტი არის ყოველდღიური საქმიანობა, რომელიც ქალაქის გამართულად ფუნქციონირებასა და მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას უნდა ემსახურებოდეს. დღეს მუნიციპალიტეტი გადაქცეულია პოლიტიკურ ორგანოდ და მისი მთავარი ფუნქცია აპოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობაა, რასაც ჩვენ დავასრულებთ.

- უშლის, თუ - არა ხელს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართულობა თქვენი წინასაარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმოებას?

- რა თქმა უნდა. როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით, რა მეთოდებითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვებრძოდა, იმ მეთოდებს იყენებს დღეს „ქართული ოცნება“. მათ შორის ზღვარი, ფაქტობრივად, წაშლილია. მაგალითად: ამ ადამიანების ნაწილი, რომლებსაც ამ ოფისში ხედავთ, სამსახურებიდან გაათავისუფლეს, ან მოსთხოვეს, რომ დაეწერათ განცხადება, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი პარტიის წევრი გახდა, ან მხარდაჭერა გამოხატა. აღარ ვსაუბრობ დაშინებებზე, „მეგობრულ“ რჩევებზე, რომ თუ ჩვენ მხარს დაგვიჭერენ, შეიძლება ეს ძვირად დაუჯდეთ. მაღალმთიან აჭარაში ვიღაცეებს უთხრეს, რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან, იმიტომ რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან. ჩვენ გვწერენ ადამიანები იმ ზეწოლის შესახებ, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. ხელისუფლება მათ სოციალურ ქსელებში აქტივობებსაც კი აკონტროლებს, ვინ ვისი პოსტი მოიწონა, რა პოლიტიკური გემოვნება აქვს და სხვა. ამის ფაქტები გვაქვს.

- თქვენი საკრებულოში ყოფნის დროსაც ბევრი პრობლემა იყო, რომლებიც მოსახლეობას ახლაც აწუხებს. რომელი მათგანის მოგვარებით დაიწყებთ საქმიანობას?

- მე არ ვიქნები ქალაქის ცენტრალური ნაწილის მერი. ჩემი პრინციპული მიდგომა იქნება, რომ ქალაქის ყველა უბანს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა მიეცეს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შემოერთებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური და ტურისტული ცენტრები გავაჩინოთ. ეს ახალ სამუშაო ადგილებს წარმოქმნის და ქალაქის განვითარებას გამოიწვევს. მთავარია არა ის, რომ ვიღაცას დღეს სოციალურად დაეხმარო, რაც საჭიროა და შენარჩუნდება, არამედ ის, რომ გავაუმჯობესოთ მოქალაქეების სოციალური ფონი. ძირითადი ენერგია ამაზე უნდა დაიხარჯოს და არა - ერთჯერად დახმარებებზე.

- პროგრამაში ბათუმის განვითარების კონცეფციაზე მუშაობას თუ ითვალისწინებთ, ვთქვათ, როგორი უნდა იყოს ქალაქი სამი, ხუთი ან ათი წლის შემდეგ?

- როცა ქალაქის განვითარებაზე საუბარს იწყებ და განვითარების გეგმა არ გაქვს, ეს აბსურდია. ვერც კი ვხვდები, რატომ გვიწევს ამაზე საუბარი ყოველთვის, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. მეოთხე მერს ვირჩევთ ახლა და ვერ ვხვდები, რატომ ვერ შეძლო ვერც ერთმა წინამორბედმა ამის გაკეთება.

- მაგრამ თქვენ ხომ საკრებულოს წევრი იყავით, თან - მმართველი გუნდიდან და მაკონტროლებლის ფუნქცია გქონდათ. როდესმე თუ დაგისვამთ ეს საკითხი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან?

- ამ თემაზე ვესაუბრე გიორგი ერმაკოვსაც და ლაშა კომახიძესაც. ორივესგან იყო პასუხი, რომ არკვევენ და აკეთებენ. ბოლოს ისე მოხდა, რომ ვერც გაარკვიეს და ვერც გააკეთეს. ჩვენ არა მხოლოდ ბათუმის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ვიმუშავებთ, არამედ ისეთ დოკუმენტს შევქმნით, რომელშიც ქობულეთის, ბათუმის, ხელვაჩაურისა და მთიანი აჭარის განვითარების ერთიანი კონცეფცია იქნება მოცემული. ამ გეგმის მიხედვით უნდა დაიწყოს მუშაობა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ჩართული. იმას, რაც უკვე ბათუმში გაფუჭდა, არაფერი ეშველება. ქალაქის იერსახის ცვლილების გარდა, ყველა ქეისში, სამწუხაროდ, იკვეთება სუბიექტურობა და შეიძლება ითქვას, კორუფციის ნიშნები. საკანონმდებლო მოცემულობა ჩვენს ქვეყანაში იდეალურია, მაგრამ ის მიდგომები, რომლებიც დამკვიდრდა, არის იმის მიზეზი, რაც დღეს გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩემი საკრებულოში ყოფნის პერიოდშიც ხდებოდა მსგავსი რაღაცები, მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. დღეს ზუსტად ვიცი, რა არ უნდა გავაკეთო და რა გავაკეთო.

- ბულვარში „ამბასადორის“ მიერ დაწყებული მშენებლობა არის საკითხი, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. თქვენ რა პოზიციას დაიკავებდით, გადაწყვეტილების მიმღები რომ იყოთ?

- მე არასდროს დამემართება მსგავსი რამ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ვიქნები მერი, რომელიც ზის კაბინეტში და გადაწყვეტილებებს იქიდან იღებს. მართვის ფორმა, რომელსაც მე ვთავაზობ საზოგადოებას, მისცემს მას გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. ბულვარი არ არის მერიის საკუთრება, ის ქალაქის საკუთრებაა. ამიტომ არავის არც ჰქონდა, არც აქვს და არც ექნება ინდივიდუალურად გადაწყვეტილების მიღების უფლება. რა უნდა გაკეთდეს ბულვარში და რა - არა, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. ასეთი მიდგომა მექნება ყველა მსგავსი საკითხის მიმართ. პასუხისმგებლობა ყველაზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს და ეს საზოგადოების ჩართულობის გარეშე არ ხდება.

საერთოდ, ურბანულ განვითარებას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენს პროგრამაში. მაგალითად: დღეს ბათუმში, ოფიციალურად, 1 600 ბავშვი დარეგისტრირებულია საბავშვო ბაღში და ადგილს ელოდება. რამდენი ბავშვი დარეგისტრირებულიც არ არის. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ოთხ წელიწადში მინიმუმ ექვსი ბაღი აშენდება. ეს პროგრამაში გვიწერია. გარდა ამისა, შევეცდებით, რომ შევქმნათ ვაუჩერიზაციის პროგრამა, რათა მეტი კერძო საბავშვო ბაღი გაჩნდეს. ქალაქი ურბანულად ისე უნდა განვითარდეს, რომ მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ბათუმში სამოცდაათი ავარიული სახლია. აი ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, შეიძლება რომელიმე ჩამოინგრეს და ადამიანი იმსხვერპლოს. ყველაფერი მოიცდის, მაგრამ ის პრობლემები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება, პირველ რიგში უნდა მოგვარდეს.

- ბათუმის ბიუჯეტში გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამები მოგწონთ?

- ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროგრამები გადასახედია. თანხის ძირითადი ნაწილი მკურნალობაზე, ოპერაციაზე იხარჯება, მაგრამ პრევენციაზე, რეაბილიტაციაზე საუბარი არ არის. ჩვენ შევეცდებით, რომ რაღაც დოზით არსებული მოცემულობაც შევინარჩუნოთ და დიდი ყურადღება რეაბილიტაციასა და პრევენციას მივაქციოთ.

- რამდენად მნიშვნელოვანი არჩევნებია ეს და რა დატვირთვა აქვს მას არა მხოლოდ ქალაქის, არამედ - ქვეყნის მომავლისთვის?

- მინდა, ყველა ჩემს თანაქალაქელს ვუთხრა, რომ აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე. ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალიტეტის არჩევნები. მისმა შედეგებმა უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ამიტომ ყველამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს არა მხოლოდ მერობის სასურველ კანდიდატს, არამედ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს. თუ მე ვიქნები მერი და საკრებულოში არ იქნება წარმოდგენილი ადამიანების ის გუნდი, რომელიც ჩემი გეგმების განხორციელებაში მხარს დამიჭერს, მარტო ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებ.

ჩვენი ამოცანაა, ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებს მივცეთ საშუალება, რომ თავიანთი იდეები, პროექტები, წარმოება განახორციელონ და განავითარონ. ამაში მუნიციპალიტეტს თავისი როლი უნდა ჰქონდეს. ეს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის შექმნას განაპირობებს. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს გუნდთან ერთად, უკეთეს ქალაქს ავაშენებ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი