ირაკლი ღარიბაშვილი: 12,7% გვაქვს 6 თვის ზრდის მაჩვენებელი, რაც არის უპრეცედენტო ბოლო წლების განმავლობაში.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: წინასწარი შეფასებით, 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 12.7%-ია. 2021 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით, 29.8%-ს შეადგენს, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო კლება 4.5%-ს. კვარტალური თვალსაზრისით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ბოლოს 2008 წლის I კვარტალში დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება, ნაწილობრივ, ტექნიკური ხასიათისაა და საბაზო ეფექტით არის გამოწვეული. 2020 წლის აპრილი-ივნისის განმავლობაში, ძალაში იყო პანდემიასთან დაკავშირებული უპრეცედენტოდ მკაცრი შემზღუდავი ზომები, რამაც ძირითადი ეკონომიკური დარგების ნაწილობრივი პარალიზება და ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. თუმცა აპრილის (44.8%), მაისის (25.7%) და ივნისის (18.8%) შემთხვევებში, მაღალი ზრდის მხოლოდ საბაზო ეფექტით ახსნა შეუძლებელია, რაც განსაკუთრებით აპრილის შემთხვევაშია გამოკვეთილი, რადგან ეკონომიკური ზრდა 2020 წლის შემცირების ბაზას მნიშვნელოვნად ფარავდა.
ჯერჯერობით, ობიექტური ინფორმაცია ეკონომიკის ზრდის მიმდინარე, საბაზო ეფექტის მიღმა არსებულ დადებით დინამიკასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე მეტად მწირია და ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი. ასევე, კონკრეტული დასკვნების გაკეთება ნაადრევია, რადგან მცირე პერიოდში და მრავალი ფაქტორის გავლენის პირობებში, დინამიკა ზოგადი სურათიდან შეიძლება ტექნიკურად იყოს ამოვარდნილი. მეორე მხრივ, მიმდინარე კონიუნქტურის სიმყიფის საილუსტრაციოდ, შესაძლოა ტურისტულ/რეკრეაციულ სფეროში არსებული ვითარება მოვიყვანოთ, სადაც რეგულაციების შემსუბუქების შედეგად, ერთი მხრივ, შესაძლებელი გახდა ეკონომიკური პროცესების რადიკალურად სწრაფი აღდგენა და უცხოელი მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნა, თუმცა, მეორე მხრივ, პანდემიური სიტუაცია საქართველოში უპრეცედენტოდ დამძიმდა, რაც შესაძლოა არათანმიმდევრულ დერეგულაციაზე მიუთითებდეს და უახლოესი თვეების არა მხოლოდ სოციალურ და ეკონომიკურ, არამედ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ დინამიკასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 19 ივლისის შეფასებით, წლის განმავლობაში ეკონომიკის 7.7%-ით ზრდაა მოსალოდნელი, რაც დადებითი ფაქტია, რადგან თავდაპირველი პროგნოზი თითქმის ორჯერ ნაკლები იყო. თუმცა, პროგნოზის მსგავსი მასშტაბით ცვლილება, ხაზს უსვამს ასევე მომავალი დინამიკის პერსპექტივის ბუნდოვანებასაც, როგორც შესაძლო დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით. ასევე, 7.7%-იანი პროგნოზი, ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტემპის (12.7%) მოსალოდნელ შემცირებაზე მიანიშნებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სსფ-ს პროგნოზში პანდემიური რისკები სრულად არის ასახული და მონაცემი, საქართველოს მთავრობის პროგნოზს ემთხვევა. შესაბამისად, მთავრობის მოლოდინითაც, ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდება.
ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრის განცხადება ნაწილობრივ ზუსტია, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალებია გამოტოვებული, რაც სრულფასოვანი წარმოდგენის შესაქმნელად აუცილებელია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ნახევრად სიმართლეა.
ანალიზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით განაცხადა: „45%-იანი ზრდა გვქონდა აპრილის თვეში, მაისის თვეში 25%-იანი, ივნისში 18%-იანი. 12,7% გვაქვს 6 თვის ზრდის მაჩვენებელი, რაც არის უპრეცედენტო ბოლო წლების განმავლობაში“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7%-ია. 2021 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით 29.8%-ს შეადგენს, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო კლება 4.5%-ს შეადგენდა. საქსტატისვე განმარტებით, 2021 წლის აპრილი-ივნისის ეკონომიკურ ზრდაში განსაკუთრებით მაღალი იყო დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის, სასტუმროების და რესტორნების, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების დარგების ზრდა.
უდავოა, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, ნაწილობრივ, საბაზო ეფექტით არის გამოწვეული, რადგან 2020 წლის მარტი-ივნისის განმავლობაში, ძალაში იყო პანდემიასთან დაკავშირებული უპრეცედენტოდ მკაცრი შემზღუდავი ზომები, რამაც, პრაქტიკულად ეკონომიკის დარგების დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. შეზღუდვების სიმკაცრის თანმიმდევრულად შეფასებისთვის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სიმკაცრის ინდექსი შეიმუშავეს. ინდექსი ქვეყნების მიერ მიღებული ზომების სიმკაცრეს სხვადასხვა კრიტერიუმით ზომავს. ეს კრიტერიუმებია შეზღუდვები გადაადგილებაზე, ჯანდაცვის სისტემის რეაგირება, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა და ა.შ. თითოეული კრიტერიუმი ინდექსით 0-დან 100-მდე ფასდება. ეკონომიკური ზრდის დინამიკა და ეკონომიკური შეზღუდვების სიმკაცრის ინდექსი, წარმოდგენილია გრაფიკ 1-ზე. უშუალოდ თვიური თვალსაზრისით, 2021 წლის აპრილის წლიურმა, 44.8%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რამეთუ არა მხოლოდ გადაფარული იქნა 2020 წლის აპრილის შემცირებით გამოწვეული საბაზო ეფექტი, არამედ 2019 წელთან შედარებითაც კი, ეკონომიკურმა ზრდამ 20.7% შეადგინა. თუმცა, მაისის (25.7%) და ივნისის (18.8%) მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაახლოებით 9%-ის ფარგლებში მერყეობს.
გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდის (თვე წინა წლის შესაბამის თვესთან) თვიური დინამიკა (%) და ეკონომიკური შეზღუდვების სიმკაცრის ინდექსი 2020-2021 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, Oxford’s CORONAVIRUS GOVERNMENT RESPONSE TRACKER
ჯერჯერობით, ობიექტური ინფორმაცია ეკონომიკის ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით მეტად მწირია და საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. როგორც უკვე აღინიშნა, ბოლო დროინდელ დინამიკაში, მაღალია საბაზო ეფექტის წილიც. ასევე, რადგან პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული უპრეცედენტოდ მაღალი ზრდის დინამიკა მხოლოდ რამდენიმე თვეზე ვრცელდება, ჯერჯერობით, კონკრეტული დასკვნების გაკეთება ნაადრევია. ზოგადად, იმ პირობებში, როდესაც ჯამში საქართველოს ეკონომიკა ისედაც მცირე მოცულობისაა, მისი თვიურ ჭრილში ჩაშლილი კიდევ უფრო მცირე მაჩვენებელი (ბაზა), მრავალი ფაქტორის გავლენის პირობებში, ზოგადი სურათიდან შეიძლება ტექნიკურად იყოს ამოვარდნილი, მათ შორის, დროის შედარებით მცირე მონაკვეთში განსახორციელებელი აქტივობების დროში მცირედი დაყოვნების ან წინსწრების შედეგად. მით უმეტეს, როდესაც სტანდარტული ეკონომიკური პროცესები და გადაწყვეტილებები ცვალებადი რეგულაციებისა და გაურკვევლობის მაღალი ხარისხის ფონზე არასტაბილურია (დაყოვნებულია ან პირიქით წინსწრებით არის განხორციელებული). მიმდინარე კონიუნქტურის სიმყიფის მაგალითად შესაძლოა მოვიყვანოთ ტურისტულ სფეროში არსებული ვითარება, სადაც რეგულაციების შემსუბუქების შედეგად, ერთი მხრივ, შესაძლებელი გახდა ეკონომიკური პროცესების მნიშვნელოვანი აღდგენა და საზღვრების გახსნა, თუმცა, მეორე მხრივ, პანდემიური სიტუაცია საქართველოში უპრეცედენტოდ დამძიმდა, რაც შესაძლოა, არათანმიმდევრულ დერეგულაციაზე მიუთითებდეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით (19 ივლისი, 2021), წლის განმავლობაში ეკონომიკის 7.7%-ით ზრდაა მოსალოდნელი, რაც ზოგადად, დადებით დინამიკაზე მიუთითებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავდაპირველი პროგნოზი 3.7%-ს წარმოადგენდა. თუმცა აღნიშნული, რიტორიკას ეკონომიკის უპრეცედენტო აღდგენის შესახებ, მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სსფ-ს პროგნოზი საქართველოს მთავრობის პროგნოზს ემთხვევა და ამავდროულად, მინისტრისვე განმარტებით, ძალაში რჩება ოპტიმისტური სცენარის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ეკონომიკის გაზრდას ორნიშნა დონეზე, რაც 10% ზრდას მოიცავს. თუმცა, მნიშვნელოვანი განუსაზღვრელობისა და კოვიდ სიტუაციის მკვეთრი გაუარესების ფონზე, რასაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა ახლო მომავალში დამატებითი მკაცრი შეზღუდვები მოჰყვეს, ოპტიმისტური სცენარის განვითარების შესაძლებლობაზე მსჯელობა ასევე ნაადრევია. 7.7%-იანი ზრდის შემთხვევაში, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზრდება.