იტვირთება

გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ დატოვა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატად გორში კონსტანტინე ანანიაშვილს წარადგენს და როგორც ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები ფიქრობენ, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები გამორჩეულად საინტერესო თბილისის შემდეგ გორში იქნება. როგორ ემზადებიან ამისთვის ახლადშექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებაში, რას ფიქრობს ყოფილ თანაგუნდელებზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ამ და სხვა საკითხებზე „ფაქტ-მეტრი“ დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილს ესაუბრა.

პირველ რიგში გვითხარით როგორ გრძნობთ თავს ოპოზიციაში?

იმის მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური შეხედულების ვიყავი, ყოველთვის ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას, ვემსახურები დღესაც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი საქმიანობა ოპოზიციურ ფლანგზეც შედეგიანი იქნება.

რა შეფასებას გააკეთებთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, როგორია თქვენი ხედვა, რა ხდება დღეს ქვეყანაში და რას უპასუხებთ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გახარია მოღალატეა?

პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ღიად საუბარი დავიწყეთ, წამოვიდა ბრალდებების ნიაღვარი, რა თქმა უნდა, ეს არის ცრუ ბრალდებები. ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება და საზოგადოების აბუჩად აგდება. ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ ჭორაობის შედეგად გაჩენილ ახალ-ახალ სხვადასხვა ბრალდებებს. ეს პროცესი გრძელდება და მომავალშიც ველოდებით. მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერზე საქმის კეთებით და ჩვენი გეგმებით ვპასუხობთ. იმ გეგმებით, რომელიც ქართულ საზოგადოებას აინტერესებს. ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ ამ პოლიტიკურ კინკლაობაში მონაწილეობის მიღებას, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგას, რაზეც დროული რეაგირებაა საჭირო. ის კინკლაობა, რომელსაც დღეს საზოგადოება ხედავს, სრულიად უსარგებლო, არაფრის მომცემია საზოგადოებისთვის და ამ პროცესების გაღრმავებას და უფსკრულში ჩაყოლას არ ვაპირებთ.

გასაგებია, თუმცა ერთგვარ დაბნეულობასაც იწვევს ეს ყველაფერი საზოგადოებაში. მათ შორის იმ ნაწილში, ვინც თქვენი ამომრჩეველი იყო 2020 წელს. ჩნდება კითხვები, თუ მმართველ გუნდში აღარ ხართ, რატომ არ ისმის თქვენგან კრიტიკა ხელისუფლების მისამართით? ყველაფერი მისაღები იყო თქვენთვის? გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე კენჭი „ქართული ოცნების“ სახელით იყარა და გაიმარჯვა, დღეს გამოდის და ამბობს, რომ „ოცნება 2“ არ ვართო, როგორ უნდა დარწმუნდეს საზოგადოება ამ განცხადების რეალობაში? მით უმეტეს ამბობთ, რომ არავის წინააღმდეგ არ გამოდიხართ?

ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ. ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ არავის არ გავაკრიტიკებთ. რა თქმა უნდა გავაკრიტიკებთ, მათ შორის „ქართულ ოცნებასაც“. ვინც ამას დაიმსახურებს, ჩვენგან მიიღებს ჯანსაღ და საქმიან კრიტიკას და არა იმ ჭორაობის ნიადაგს, რომელსაც დღეს აქვს ჩვენ მიმართ ადგილი.

მაშინ გვითხარით, თქვენ რატომ იყავით „ქართულ ოცნებაში“. რა იყო მთავარი პრიორიტეტი? ნაციონალური მოძრაობა რომ ყოფილიყო მმართველ გუნდში 2018 წელს, დათანხმდებოდით შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნას?

თეორიულ საკითხებზე საუბარი არ მინდა. 2018 წელს მე დავთანხმდი „ქართული ოცნების“ შემოთავაზებას გუბერნატორის პოზიციაზე. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმ დროისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ ჩემს მშობლიურ რეგიონში გუბერნატორის პოზიციაზე მემუშავა. დამეთანხმება საზოგადოება ალბათ, რომ მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე მაშინ. შემდგომში აისახა კიდეც არჩევნებზე, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი და გავიმარჯვე პირველივე ტურში, რა თქმა უნდა, გუნდის მხარდაჭერით. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გუნდის ლიდერი და პირველი ნომერი იყო გიორგი გახარია და დღეს ეს ადამიანი აღარ არის ამ გუნდში.

გიორგი გახარიას გამო იყავით „ქართულ ოცნებაში?

არა, გიორგი გახარია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, არამარტო ჩემთვის, არამედ იმ ამომრჩევლისთვისაც, ვინც საერთოდ „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა 2020 წელს და მე როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ამ რეგიონის მკვიდრი, ვიყრიდი კენჭს „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ ამ ყველაფრის უკან, რა თქმა უნდა იდგა, ჩემი, ჩემი წინაპრების, ჩემი ოჯახის ავტორიტეტი. ამ ყველაფერში თავის წვლილი „ქართულმა ოცნებამაც“ შეიტანა, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ პარტიის რეიტინგსა და გამარჯვებაში ერთი მხრივ, თავისი წვლილი შეიტანა სიის პირველმა ნომერმა, გიორგი გახარიამ და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ის „ქართული ოცნებისგან“ არის დისტანცირებული და მასთან აღარანაირი შეხება აღარ აქვს.

თქვენ გჯერათ ამის?

ამას მოვლენები დაადასტურებს ან უარყოფს მომავალში, ასე რომ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, ვნახოთ, მივყვეთ პროცესებს.

თქვენ ერთ-ერთ განცხადებაში თქვით, რომ „ოცნება“ ხალხს დაშორდა და სწორედ ეს განგასხვავებთ მმართველი გუნდისგან, რომ თქვენ ხალხის საჭიროებებზე იქნებით ორიენტირებულები. როდის მიხვდით, რომ „ქართული ოცნება“ აღარ იყო ხალხზე ორიენტირებული და ამის რა მაგალითების დასახელება შეგიძლიათ?

როდის მივხვდით და მას შემდეგ რაც საზოგადოების საჭიროებებზე ფიქრი შემცირდა „ქართულ ოცნებაში“ და მხოლოდ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე იყო მორგებული ესა თუ ის გადაწყვეტილება. ასევე იმ პერიოდში, როდესაც იყო კრიტიკულ მომენტი, როდესაც ხდებოდა ნიკანორ მელიას დაკავება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, აქ ვგულისხმობ მისი დაკავების ფორმას, დროს და ადგილს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობის განმახორციელებელი ადამიანი უნდა დაისაჯოს. მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს და ეს ქვეყნისთვის ზიანის მომტანი არ უნდა იყოს. ამ პერიოდშიც გამოიკვეთა, რომ საკუთარი პარტიული ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე ქვეყნის ინტერესები, როდესაც ჩვენი ქვეყნის პარტნიორები და მეგობრები ღიად მოუწოდებდნენ, რომ პოლიტიკური პარტიის ოფისში შეჭრით პოლიტიკოსის დაკავება, ეს იქნებოდა ქვეყნისთვის დამაზიანებელი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იყო ძალიან მაღალი ემოციური ფონი. ღიად ცხადდებოდა, რომ არავინ აპირებდა ნიკანორ მელიას პოლიციისთვის ჩაბარებას. იქნებოდა წინააღმდეგობა და ამას რა მოჰყვებოდა, კაციშვილმა არ იცოდა. შესაბამისად, ამ რისკზე წასვლა ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნებოდა. ესეც ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ჩვენი გადაწყვეტილების.

რაც შეეხება ადგილობრივ საკითხებს, გუბერნიის ინსტიტუტზეა საინტერესო თქვენი აზრი, 2 წლის განმავლობაში გეკავათ შიდა ქართლში ეს თანამდებობა და ხომ არ ფიქრობთ, რომ თვითმმართველობებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია საჭირო საკითხებზე ისედაც შეუძლიათ ჰქონდეთ და გუბერნიის ინსტიტუტი სახელმწიფოსთვის არის ზედმეტად დახარჯული თანხა?

დღეს არსებული კანონმდებლობით, გუბერნიას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის გარკვეული ხიდის და შუამავლის როლის შესრულების ფუნქცია აქვს. გარკვეულ საკითხებს ეს ინსტიტუტი რეგიონში ზედამხედველობას უწევს. ჩემ შემთხვევაში გეტყვით, რომ დამატებითი პროექტების მოძიების კუთხით, ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული და შიდა ქართლში მართლაც ბევრი პროექტი განხორციელდა ჩემი გუბერნატორობის პერიოდში, რომელიც ახლა სრულდება ან იწყება და რომელიც სწორედ ჩემი გუბერნატორობის დროს დაიგეგმა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციით მათ შორის. შეიძლება ითქვას, რომ გუბერნიის ინსტიტუტის მუშაობის ეფექტურობა პერსონებზეც არის დამოკიდებული.

თქვენი გუბერნატორობის პერიოდში (2018წ) არის გამოვლენილი სწორედ აუდიტის ანგარიშში ფაქტები, რომლებიც კორუფციულ ნიშნებზე მიუთითებდა, აი ასეთი ფაქტების აღმოფხვრაში, თუნდაც ცენტრალური ხელისუფლებასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით თუ იყავით პროცესებში ჩართული და რა გააკეთეთ მაშინ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში?

დეტალები არ მახსოვს იმ დროინდელი აუდიტის დასკვნის, თუმცა ეს ანგარიში ჩემ საქმიანობასთან არანაირად არ იყო დაკავშირებული და თუ კი, მერიასთან იქნებოდა რაიმე ფორმით დაკავშირებული. თითოეულმა დამრღვევმა უნდა აგოს ძალიან მკაცრად პასუხი ასეთი ფაქტების რეალურად არსებობის შემთხვევაში.

კორუფციაზე გააკეთეთ აქცენტი პარტიის ყრილობაზე. რა შეგიძლიათ თქვათ შიდა ქართლზე, მათ შორის გორზეც. რა ვითარება ამ მხრივ რეგიონში, შეიძლება თქვათ ახლა, რომ ეს არის შესაბამისი უწყებების შესწავლის საგანი, პირადადა თქვენი შეფასება როგორია, რა სიტუაციაა დღეს შიდა ქართლში კორუფციის თვალსაზრისით?

დიახ, კორუფციასთან ბრძოლა სხვა სამსახურის საქმეა, ჩვენი ამჟამინდელი გუნდი ან მიმართულებით საკმაოდ აქტიურია. კონკრეტულ გეგმას და კონკრეტულ ნაბიჯებს ითვალისწინებს, ვგულისხმობ ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერებას ქვეყანაში. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ უფრო მეტ დეცენტრალიზაციას და უფრო მეტი უფლებამოსილების მინიჭებას თვითმმართველობებისთვის, ამის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული სამსახურები უნდა გახდეს უფრო მეტად ეფექტური, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე კორუფციის გაჩენის რისკი არსებობს. ანტიკორუფციული სამსახურის მხრიდან ასეთ შემთხვევებზე უნდა იყოს მყისიერი და მკაცრი რეაგირება.

მაშინ მოქალაქის პოზიციიდან გვიპასუხეთ, როდესაც გასულ წლებში სახელმწიფო ტენდერებში გორის მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის და მისი ოჯახის წევრების კომპანიები ლიდერობდნენ და მილიონობით ლარის ტენდერებს იგებდნენ, არ გიჩნდებოდათ კითხვები, მით უმეტეს, აუდიტის ზემოთ ხსენებული ანგარიშიც ამ საეჭვო გარიგებებზე მიუთითებდა და განმარტავდა, რომ სატენდერო პირობები კონკრეტული კომპანიების შესაძლებლობებზე იყო მორგებული.

პირდაპირ გეტყვით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ დროისთვის, ობიექტური კითხვები არ გაჩენილა ჩემი მხრიდან, რასაც ჰქონდა ერთადერთი მიზეზი. გამარჯვებული კომპანია არ ცხადდებოდა მუნიციპალიტეტის მიერ. ეს იყო ცენტრალიზებული, კონტროლირებადი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ. ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი. ღიაა ყველა იმ კომპანიისთვის, ვისაც ტენდერში მონაწილეობის სურვილი ექნებოდა. შესაბამისად, მე არ მახსენდება, რაიმე კონკრეტული კორუფციული რისკი ამ შემთხვევაში.

ანუ ფიქრობთ, რომ ამ მხრივ გორის მუნიციპალიტეტში ნორმალური ვითარებაა?

კი ბატონო.

დაახლოებით ერთი თვის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ გორის მერმა მოადგილეები პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. საუბარია თქვენს თანაგუნდელებზე, ერასტი ელიჯარაშვილსა და პაატა ივანიშვილზე. კონკრეტულად, რა ტიპის ზეწოლას ჰქონდა მათ მიმართ ადგილი და რატომ ფიქრობთ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან გათავისუფლებულები?

პირველ რიგში, ამ ორ ადამიანს მადლობას ვუხდი იმ საქმიანობისთვის, რაც წელიწადნახევრის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში განახორციელეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვისაც მათთან შეხება ჰქონია, დამეთანხმება, რომ ისინი იყვნენ გულისხმიერები და მუდამ ხალხის სამსახურში და რაიმე პოლიტიკურ ნიშნით არ განისაზღვრებოდა მათი საქმიანობა. რაც შეეხება მერის გადაწყვეტილებას, მას მოსთხოვეს მოადგილეების გათავისუფლება პარტიის ცენტრალური ოფისიდან, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანები გიორგი გახარიას მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ. სწორედ ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა და შევიწროება. მე ვფიქრობ, რომ გორის მერის მხრიდან, ეს იყო უღირსი გადაწყვეტილება.

თქვენ რა როლი გქონდათ ამ ადამიანების მერის მოადგილეებად დანიშვნის პროცესში?

გიდასტურებთ, გარკვეულწილად, გავუწიე რეკომენდაცია.

მაშინ აქვე ჩაგეკითხებით, არის, თუ - არა თვითმმართველობა დღეს დამოუკიდებელი და ნიშნავს, თუ - არა მის საქმიანობაში ჩარევას ასეთი რეკომენდაციები? მერი იღებდა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს თქვენი გუბერნატორობის პერიოდში?

საბოლოო ჯამში, მერი იღებს გადაწყვეტილებებს და ის აწერს ხელს ამა თუ იმ ადამიანის დანიშვნასთან დაკავშირებულ ბრძანებას. ანალოგიურად იყო მათთან მიმართებითაც. თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხი გარკვეულწილად მერზეც არის დამოკიდებული.

პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, სულ ახლახან გამოჩნდა ყოფილი პარლამენტარი თამაზ შიოშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ გორის ოფისი ჩააბარეს. მისი განცხადების მიხედვით, 2020 წელს, საარჩევნოდ, მმართველი გუნდის რეალური მხარდამჭერები სახლში გაუშვით და მხოლოდ თქვენი ახლობლებით დააკომპლექტეთ საარჩევნო შტაბი. ის ადამიანები, რომლებიც დღეს გახარიას გუნდს შეუერთდნენ, გორიდან სწორედ თქვენ მიერ იყვნენ მიყვანილები გორის ოფისში.

ეს არის არასერიოზული განცხადება თამაზ შიოშვილის მხრიდან. სავარაუდოდ, მოსთხოვეს ასეთი განცხადების გაკეთება და როგორც ჩანს, დაუფასეს კიდეც პარტიაში, რაღაც თანამდებობაზე დანიშნეს. წარმატებებს ვუსურვებ პიროვნულად. თუმცა ვურჩევდი, რომ ჭორაობა არ არის სწორი და ეთიკური, რაიმე კონკრეტული ფაქტებით ვერავინ ვერ ისაუბრებს, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა.

წინასაარჩევნო დაპირებებზე რას ფიქრობთ. როგორ წარმოგიდგენიათ მათი შესრულება ოპოზიციაში ყოფნის ფონზე, მით უმეტეს, თუ ახალი მერი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება. როგორ აპირებთ მათთან კომუნიკაციას და რა მოლოდინები გაქვთ პარლამენტში გახარიას გუნდის 6 წევრს. თქვენ მიერ ინიციირებული საკითხების მხარდაჭერა უმრავლესობისგან გარანტირებული გაქვთ?

ნებისმიერი საკითხი, რაც იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ეს შეიძლება არ ეხებოდეს გორს ან შიდა ქართლს ან ნებისმიერ სხვა რეგიონს და ასეთი ინიციატივები ჩვენ გვაქვს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სასიკეთო საკითხებს მხარი უნდა დაუჭიროს ყველამ, ვისაც საქმის კეთება უნდა და ვისაც ქვეყნისთვის გული შესტკივა. თუ ამას არ გააკეთებენ, ისინი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან ამოდიან და სახელმწიფოებრივად არ აზროვნებენ.

ეს ნიშნავს, რომ სათუოა თქვენი დაპირებების შესრულების საკითხი და შესაძლოა, მხარდაჭერის ვერ მოპოვების შემთხვევაში, განუხორციელებელი დარჩეს ის საკითხები, რომელთა გადაჭრის პირობა გორისა და კასპის მოსახლეობას მიეცით?

ვერ ნახავთ ვერცერთ დაპირებას, რომელიც გამიცია და არ შემისრულებია. ასეთი დაპირება ბუნებაში არ არსებობს. არჩევნებამდეც არ გამიცია არცერთი ისეთი დაპირება, რომელსაც არ მივყევი, არ შევასრულე. თუ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდა, ასეთი საკითხები არ გამიჟღერებია და არც მათი შესრულების პირობა არ მიმიცია მოსახლეობისთვის, ვისაც საარჩევნოდ ვხვდებოდი. რა თქმა უნდა, ისიც კარგად გვესმის, რომ საჭიროებები ბევრად მეტია, ვიდრე შესაძლებლობა გვაქვს. მაგრამ ხვალაც და ზეგაც მზად ვარ მაქსიმალურად დავეხმარო მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში.

დაპირებები ახსენეთ და ზუსტად არჩევნებამდე ამბობდით, რომ გორში, სპორტკომპლექსი, რომელიც 2017 წელს უნდა გახსნილიყო, მუშაობას პანდემიით დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიწყებდა და ამ ობიექტის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლიდა ლონდონის სასამართლოში მიმდინარე საქმე, სადაც უცხოურმა კომპანიამ სახელმწიფო უწყებას, ამ შემთხვევაში, მაშინდელ სპორტის სამინისტროს უჩივლა, ამაზე რას იტყვით?

ამ ობიექტთან დაკავშირებით იყო სერიოზული ტექნიკური წუნი და ხარვეზები. არ იყო სათანადოდ მოწყობილი იატაკი, რომლის შეცვლის უზრუნველყოფა პირადად ჩემი ჩართულობით მოხდა. გახსნასთან დაკავშირებით იყო დოკუმენტური საკითხები, რომლის შესახებ მინისტრთან და მის მოადგილესთან არაერთგზის მქონდა შეხვედრები. ეს საკითხი ფაქტობრივად ბოლომდე იყო მიყვანილი, არაფერი წინ აღარ უდგა. იმედი მაქვს, აღმასრულებელი ხელისუფლება დაასრულებს ამ საქმეს და გაიხსნება გორში სპორტული კომპლექსი და დავესწრებით სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას ამ შენობაში.

თქვენ წინასაარჩევნო დაპირება იყო ასევე გორის ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა „ქართუ ჯგუფის“ მხარდაჭერით, თუმცა წელიწადი ხდება და იმ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. ასევე „ქართუ ჯგუფის“ დახმარებით გვპირდებოდით გორის თეატრის რეაბილიტაციას და მას შემდეგ თეატრში აღარავინ მისულა და ხელმძღვანელობას არავინ გასაუბრებია. დღეს რას გვეტყვით ამ დაპირების შესრულებაზე, რა ეტაპზეა?

ორივე ობიექტთან მიმართებით სურვილი და ინიციატივა გამოთქმული იყო „ქართუ ჯგუფის“ მხრიდან. ხვდებით ალბათ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, მე მათთან აქტიური კომუნიკაცია აღარ მაქვს. შეგიძლიათ შეეხმიანოთ „ქართუ ჯგუფს“ და ჰკითხოთ, რა პოზიცია აქვთ და რას გეგმავენ.

ეს ნიშნავს, რომ ეს თქვენი პირადი დაპირება არ ყოფილა?

როდესაც ამ საკითხებზე ვსაუბრობდი, ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ ეს იყო „ქართუ ჯგუფის“ დაპირება. თეატრზე შემიძლია გითხრათ, რომ არაერთხელ ჩემი ინიციატივით ჩამოვიყვანე სპეციალისტები და იწყებოდა არქიტექტურული სამუშაოები. რაც შეეხება ყოფილი ბაზრის ტერიტორიას, „ქართუ ჯგუფმა“ კერძო პირისგან გამოისყიდა ეს ობიექტი და გადასცა სახელმწიფოს. ამის შემდეგ ამ პროცესისთვის თვალის მიდევნება, ჩემი მხრიდან, ბუნებრივია, ვეღარ მოხდებოდა.

ერთ-ერთი თქვენი წინასაარჩევნო დაპირება ეხებოდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. როგორ წარმოგიდგენიათ, რუსეთთან ურთიერთობა და მცოცავი ანექსიის შეჩერება, როგორ წარმოგიდგენიათ ამ დაპირების შესრულება?

ეს ცოტა ირაციონალური კითხვაა ჩემთან მიმართებით. ეს არის გლობალური თემა და სახელმწიფოთა შორის მოსაგვარებელი საკითხი. ბუნებრივია, ჩვენს გუნდს აქვს თავისი ხედვა და გეგმა ამ საკითხის შესახებ და აქტიურად ვიწყებთ დეოკუპაციის სტრატეგიაზე მუშაობას. უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ჩვენი კონკრეტული ხედვების შესახებ. ამ ეტაპზე რასაც ვხედავ ზოგადად გამოსავალს, ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - ამ შემთხვევაში - აშშ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიური როლი ამ პროცესში. მათ გარეშე ამ მიმართულებით ჩვენ არაფერი არ გამოგვივა.


მსგავსი სიახლეები

3377 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი