„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გორში მერობის კანდიდატად ყოფილი გამგებელი, ვასილ მახარაშვილი დაასახელა. ცნობილია ასევე სიის პირველი ხუთეული. მათ შორისაა მოქმედი საკრებულოს წევრი, ბექა ქორჩილავა, რომელიც პროპორციულ სიაში პირველი ნომერია. მერობის კანდიდატი ვასილ მახარაშვილი ფიქრობს, რომ პარტია ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობით შევა, არ გამორიცხავს მეორე ტურის დანიშვნასაც, რომელიც მისი აზრით, „ქართული ოცნებისთვის“ კრახით დასრულდება.
ვასილ მახარაშვილი ბოლო 10 წლის განმავლობაში საარჩევნო პროცესებში აქტიურობით არ გამოირჩეოდა, ამბობს რომ ჩართული იყო პარტიის მუშაობაში და პარალელურად ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. ამჟამადაც ის ოფიციალურად, 5 კომპანიის დირექტორია, არის ასევე ინდ.მეწარმე. „გორი უნდა გახდეს სუფთა და მოწესრიგებული ქალაქი, განვითარდეს სოფლის მეურნეობა და მოქალაქეები უფრო აქტიურად ჩაერთონ თვითმმართველობის მუშაობის პროცესში“, - ჯერჯერობით ასეთი შინაარსის დაპირებებს აჟღერებს ის და ფიქრობს, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
რამ გადააწყვეტინა კენჭისყრა გორის მუნიციპალიტეტში და რას ფიქრობს ოპონენტებზე, რა მიაჩნია გორში უმთავრეს პრობლემად და როგორ აპირებს მათ მოგვარებას, ამ საკითხებზე „ფაქტ-მეტრის“ შეკითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ გორის მერობის კანდიდატი, ვასილ მახარაშვილი პასუხობს.
პირველ რიგში, გვითხარით აქამდე რატომ არ ჩანდით, გვახსოვხართ 2009 წლამდე გორის გამგებლად, თუმცა მას შემდეგ არაერთი არჩევნები ჩატარდა და ღიად თითქმის არსად აქტიურობდით. ახლა რამ განაპირობა თქვენი ჩართვა საარჩევნო პროცესებში და თანაც მერობის კანდიდატად?
მთელი ამ წლების განმავლობაში ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მხარდამჭერი. ვიყავი ჩვენს ქვეყანაში. ვმოღვაწეობდი კერძო საქმიანობაში, კონკრეტულად კი ვიყავი ბიზნესში. ახლა კი მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავრთულიყავი ამ არჩევნებში. არ შემეძლო სახლში ვმჯდარიყავი და მშვიდად მეცქირა იმ ყველაფრისთვის, რაც ხდება საქართველოში. ვგულისხმობ იმას, რომ დღითიდღე ნადგურდება და ინგრევა ჩვენი ქვეყანა. „ქართული ოცნება“ ანგრევს დღითიდღე ჩვენს სამშობლოს.
2017 წელსაც არანაკლებ რთული ვითარება იყო ქვეყანაში და მაშინაც ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, თუმცა მაშინ არ გამოჩენილხართ და მსგავსი განცხადება არ გაგიკეთებიათ.
იმ პერიოდშიც ჩართული ვიყავი პროცესებში და მე არასოდეს გვერდზე არ დავმდგარვარ.
რაც შეეხება ამჟამინდელ გადაწყვეტილებას, უშუალოდ ვისგან მიიღეთ ეს შემოთავაზება. იყო საუბარი საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ზვიად ხმალაძის კანდიდატურაზეც, თუმცა თქვენზე გაკეთდა არჩევანი, ვინ გიწევდათ ლობირებს?
ეს საკითხი განიხილებოდა ჩვენს შიდა გუნდში. შემოთავაზებაც გუნდიდან იყო. ჩემგანაც წამოვიდა დასტური და დავთანხმდი ამ შემოთავაზებას.
დავაზუსტებ, ადგილობრივ გუნდს გულისხმობთ თუ პარტიის ცენტრალურ ოფისს?
რა თქმა უნდა ადგილობრივ გუნდს.
რა დაპირებებით მოდიხართ, რას შეცვლით გორის მუნიციპალიტეტში მერი თუ გახდით და რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი ამომრჩეველმა?
მე ჩემს მოსახლეობას ვპირდები, რომ იქნება უფრო მეტი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულებული. რაც მთავარია, ხაზს ვუსვამ, იქნება ხარისხიანად გაკეთებული ნებისმიერ პროექტი. ყველა ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შესრულებული პროექტი ხშირ შემთხვევაში არის უხარისხო. ასევე ვპირდები მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ვიმუშავებთ სოციალურ პაკეტებზე და შევთავაზებთ ხალხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს მოსახლეობას გაუჭირა ყოველდღიური ცხოვრება და გააღარიბა. ამიტომ ჩვენს მოსახლეობას შევთავაზებთ იმ სოციალურ პაკეტებს, რომლითაც უფრო მეტ სარგებელს და სიკეთეს მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები.
ამ შემთხვევაში გულისხმობთ სოციალური მიმართულებით დაფინანსების გაზრდას ადგილობრივი ბიუჯეტიდან თუ სხვა ხედვა გაქვთ?
გვაქვს სხვა ხედვაც, ამასთან ერთად ადგილობრივი დონეზე განვიხილავთ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, რადგან ესეც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ჩვენი მოსახლეობისა. „ქართული ოცნების“ პირობებში მოგეხსენებათ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ამიტომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელის შეწყობა იქნება, როგორც მცირე ისე საშუალო ბიზნესზე. ჩვენ დავაფინანსებთ ბიზნეს იდეებს, პროექტებს, რომლებიც დაასაქმებს ჩვენს მოქალაქეებს და შექმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს.
მსგავსი პროგრამა აქვს გორის მუნიციპალიტეტის მერიას, აფინანსებს იდეებს, რომლებიც მოქალაქეთა დასაქმებას უწყობს ხელს, თქვენს რას გვთავაზობთ განსხვავებულს, უკეთესს? თუ გახდით გორის მერი კონკრეტულად გვითხარით, როგორ შეუწყობთ ხელს დასაქმების პრობლემის მოგვარებას გორის მუნიციპალიტეტში?
პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ ყველამ იცის, დღევანდელი ხელისუფლება კორუფციის ჭაობშია ჩაფლული. პირადად მე და მოსახლეობის უმრავლესობას არ სჯერა მათი ქმედებებისა, რაც თითქოს მოქალაქეთა დასაქმებას შეუწყობდა ხელს. ჩვენ შემთხვევაში გამოცხადდება კონკურსი ბიზნეს იდეებისა, რომელიც იქნება პირველ რიგში გამჭვირვალე. მასში მონაწილეობის საშუალება ყველა ჯგუფის წარმომადგენელს ექნება და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს.
ამ ხელშეწყობისთვის, რასაც ამბობთ, ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გათვალისწინება?
რა თქმა უნდა სავსებით შესაძლებელია.
ბიუჯეტის რა ნაწილს ფიქრობთ ამისათვის, როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიონი ლარი დასჭირდება თქვენი იდეის განხორციელებას წლის განმავლობაში?
კონკრეტულ ციფრებზე ახლა ძნელია საუბარი, მაგრამ იცით, რომ გაბერილია შტატები ა(ა)იპ-ებში და მათი რეორგანიზაციის შედეგად შესაძლებელი იქნება თანხების გამოთავისუფლება. მუნიციპალურ ორგანიზაციებში დღეს მუშაობენ ადამიანები, რომელთაც ელემენტარული ისიც არ იციან, თუ სად მუშაობენ და რა ფუნქცია აკისრიათ. მე არ ვამბობ,რომ სახლში უნდა გავუშვათ ყველა და დავხუროთ, მაგრამ იქ უნდა იმუშაონ პროფესიონალმა ადამიანებმა, ვინც იცის თავისი საქმე. სწორედ რეორგანიზაციის შედეგად უნდა გამოთავისუფლდეს.
ბატონო ვასილ, ბოლო დღეების განმავლობაში ავრცელებთ გორში სხვადასხვა ადგილას ჩაწერილ ვიდეოებს, სადაც ყურადღებას ამახვილებთ ეკოლოგიაზე და ამბობთ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გორი გახდება სუფთა და მოწესრიგებული ქალაქი, როგორ აპირებთ ამ დაპირების შესრულებას?
ძალიან დიდი რესურსი არსებობს ამ პრობლემის გადასაჭრელად, მთავარია მონდომება. საშინელი ანტისანიტარიაა, როგორც ქალაქის გარეუბნებში ისე მიწისქვეშა გადასასვლელებში, სადაც ვერ გაჩერდები, ვერ გაივლი ისეთი სუნი და საშინელებაა, იძულებული ხარ გადაკვეთო გზა. ფაქტობრივად ტუალეტადაა იქაურობა გადაქცეული. მორღვეულია ყველა სტრუქტურა. ნაცნობობით, ნათესაობით არის დანიშნული ესა თუ ის ხელმძღვანელი კონკრეტულ სამსახურებში. არის კორუფცია.
რა ფაქტები შეგიძლიათ ამის დასტურად დაასახელოთ?
ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს კორუფციის. ელემენტარულად, რომ გავივლით და ვნახავთ იმ კერებს, პასუხი გაცემულია. წლებია, რომ ეს პრობლემა დგას. ჩნდება კითხვა, თუ ადგილი არ აქვს გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს, მაშინ რატომ არ აკეთებენ. სად მიდის ის გამოყოფილი თანხები.
ერთ-ერთ ეთერში აქცენტი გააკეთეთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. აღნიშნეთ, რომ გლეხს მოყვანილი მოსავლის რეალიზაცია უჭირს. თქვენ როგორ შეცვლით გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას თუ გახდით მერი და სად ხედავთ ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ორგანოს როლს. გორის მუნიციპალიტეტში არის ხილის გადამამუშავებელი ქარხნებიც და სამაცივრე მეურნეობებიც, თქვენ რას დაამატებთ მერის რანგში?
მე ვფიქრობ ეს თემა ძალიან აქტუალურია, რადგან ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები ძალიან დაუცველები არიან. ყოველწლიურად უძვირდებათ შხამ-ქიმიკატები, რომლებსაც მოიხმარენ. რაღაცნაირად უნდა მოახერხოს სახელმწიფომ და მიეხმაროს გლეხს თუნდაც ამ შხამ-ქიმიკატების შეძენაში, რათა უფრო გაუადვილდეთ მოსავლის მოყვანა. ასევე მნიშვნელოვანია იმ მოყვანილი მოსავლის გაყიდვაში მიხმარება, რაც დღესდღეობით ჩვენთან არ არის. იმპორტირებული საქონელი გაცილებით იაფად იყიდება, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში წარმოებული. ამიტომ ამ სფეროს ვფიქრობ სერიოზული გადახედვა სჭირდება და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, სოფელში მცხოვრებ ხალხს შევუწყოთ ხელი.
ბატონო ვასილ 2017 წლიდან დღემდე აქტუალურია გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის თემა, თქვენ რას გვპირდებით ამ საკითხთან დაკავშირებით და რეალურად რა მივიღეთ თქვენი აზრით 2 მუნიციპალიტეტის გაერთიანებით?
რა თქმა უნდა ეს იყო შეცდომა და ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა აღუდგეს გორს ეს სტატუსი. მე როდესაც გავხდები გორის მერი ჩემს გუნდთან ერთად ძალიან აქტიურად დავაყენებ ამ საკითხს.
თქვენი აზრით, რა ძირითადი საკითხებია გორისთვის დღეს საწყის ეტაპზე მოსაგვარებელი. 3 პრობლემური საკითხი თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ და გაგვიზიაროთ მათი გადაჭრის თქვენეული ხედვა?
მთავარი პრობლემა, როგორც ქალაქში, ისე სოფლად არის ის რომ ამ ხელისუფლებამ გააღარიბა ჩვენი მოქალაქეები. ხალხი ფაქტობრივად შიმშილის ზღვარზეა მიყვანილი. ყოველდღიური მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, ამიტომ 2 ოქტომბერი არა მარტო თვითმმართველობის არჩევნებია, არამედ ეს არის რეფერენდუმი, როცა ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს სახლში და ჩამოშორდეს მმართველობას.
გორისთვის აქტუალურ პრობლემებს არ გვეტყვით? რა მიგაჩნიათ ძირითად მოსაგვარებელ საკითხებად?
მთავარი პრობლემა ეს არის უმუშევრობა, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ბოლომდე არ არის მიყვანილი და თუ დასრულებულია, უხარისხოდაა გაკეთებული. მესამე აუცილებელ საკითხად მიმაჩნია ის, რომ მოქალაქეთა უფრო მეტი რაოდენობა უნდა იყოს ჩართული თვითმმართველობის საკითხებში.
რაც შეეხება ოპონენტებს, თქვენ ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად და რა პროგნოზები გაქვთ გორში კენჭისყრის შედეგებზე?
მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რადგან ჩვენ უკან დგანან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც არაფრისგან, ნულისგან ავაშენეთ და ფეხზე დავაყენეთ ქვეყანა. ჩვენ ეს გამოცდილება გვაქვს. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა გამოვიდეთ 2 ოქტომბერს, მივიდეთ საარჩევნო ურნებთან და შემოვხაზოთ ის ძალა, რომელიც მათ სიკეთეს, წარმატებას და ბედნიერ ხვალინდელი დღის იმედს მოუტანს. ეს ძალა კი თამამად ვამბობ, რომ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
მმართველი გუნდის კანდიდატიც ანალოგიურს ამბობს და ისიც დარწმუნებულია გამარჯვებაში.
„ქართული ოცნება“ რომ ჩამონგრეულია და გაკოტრების პირასაა, ამას ყველა ვხედავთ. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იშლება ეს ხელისუფლება. პიროვნულად ძალიან დიდ პატივს ვცემ ლადო ხინჩეგაშვილს, როგორც გორელს, სპორტსმენსა და ჩემპიონს, მაგრამ ამ უმაქნისმა და უუნარო ხელისუფლებამ ვინც არ უნდა მოიყვანოს და დააყენოს კანდიდატად, არაფერი აღარ უშველის. ეს ყველაფერი 2 ოქტომბერს დასრულდება.
პარტიულ სიაზე რას იტყვით, საკრებულოში თქვენი აზრით რამდენი წევრის შეყვანას შეძლებთ?
კონკრეტულ ციფრებზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ მჯერა, რომ უმრავლესობა გვეყოლება საკრებულოში.
მსგავსი მოლოდინები აქვს გახარიას გუნდის გორის წარმომადგენლობას.
ადამიანები, რომლებიც იმ 9 წლის განმავლობაში ერთად იყვნენ ჩართულები ქვეყნის ნგრევის პროცესში, ჩემთვის გაუგებარია, რა რეიტინგები უნდა ჰქონდეთ მათ. ვინც არ უნდა დააყენონ კანდიდატად, ხალხს ვერ მოატყუებენ, ისინიც „ოცნებას“ წარმოადგენენ და ეს ყველამ კარგად იცის. ესენი ერთნი არიან. ერთი გუნდია და ვინ, სად, როდის გადავა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.
ზოგადი პროგნოზები როგორია თქვენი, რა პროცენტულ მაჩვენებელს ვარაუდობთ გორში, იქნება, თუ - არა თქვენი აზრით მეორე ტური, როგორ გადანაწილდება ხმები სავარაუდოდ?
მე მჯერა, რომ პირველივე ტურში ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დაინიშნა მეორე ტური, „ქართული ოცნება“ 35%-ზე მეტს ვერ აიღებს, გამორიცხულია.
თქვენ რამდენს აიღებთ?
ჩვენ ვიქრობთ, რომ ავიღებთ იმ პროცენტს, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას.
ანუ რამდენს?
ზუსტი პროცენტების დასახელება ძნელია, მაგრამ 40%-ზე ზევით ვიქნებით აუცილებლად.