ანივარდ მოსოიანი: ნინოწმინდის ქალაქის ქუჩები 2020-22 წლისთვის მთლიანად მოასფალტებული იქნება
ვერდიქტი: ნაწილობრივ შესრულდა
რეზიუმე:
ნინოწმინდის მოქმედი მერი, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იქნა არჩეული, ამჟამადაც პარტია „ქართული ოცნების“ ნინოწმინდის მერობის კანდიდატია. ჯერ კიდევ 2019 წელს მერმა ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2020-22 წლებისთვის ნინოწმინდის ქალაქის ყველა გზა მოასფალტებული იქნებოდა.
2018-2021 წლებში ნინოწმინდაში დაახლოებით 41 ქუჩა მოასფალტდა. 2021 წლის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ქუჩები მოასფალტებულია, ნინოწმინდაში ჯერ კიდევ არის გზები, რომლებიც არათუ მოასფალტებული, არამედ მოხრეშილიც კი არ არის და მთლიანად მიწით არიან დაფარული. აღნიშნული კი ადგილობრივებს დისკომფორტს უქმნით. მოასფალტებულ გზებზეც ხშირად სხვადასხვა პრობლემები ჩნდება, ხან იტბორება, ხან ასფალტი იშლება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გზების რეაბილიტაცია ხშირად უხარისხოდ ხორციელდება.
არაეფექტურად წარმოებული სამუშაოების მიუხედავად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი საგზაო ხელშეკრულებებს ძირითადად ერთ კომპანიასთან - „ჯავახავტოგზასთან“ აფორმებს, რომელიც ადგილობრივების თქმით, დოკუმენტურად დადასტურებული მესაკუთრის მიუხედავად, რეალურად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის კუთვნილებაა.
ანალიზი:
ნინოწმინდის მერად ყოფნის მეორე წელს ანივარდ მოსოიანმა ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში ჩატარებული და ჩასატარებელი რეფორმები განიხილა. მოსოიანმა განსაკუთრებით დიდი დრო ქუჩების მოასფალტებაზე საუბარს დაუთმო.
„ჩვენი ქალაქი სულ უფრო ლამაზი ხდება, ამას ვხედავთ. ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთი პრობლემა არის მოასფალტების საკითხი. ჩემთან დასმული ყველაზე ხშირი კითხვაა „და ჩვენი ქუჩა როდის იქნება მოასფალტებულიო?“ გზების 80% უკვე მოასფალტებულია. 2020-22 წლამდე დავამთავრებთ სამუშაოებს და ჩვენს ქალაქს სრულიად მოასფალტებული გზები ექნება“,-განაცხადა მოსოიანმა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსოიანის მერობისას ქალაქის გზების მოასფალტებისთვის ტენდერების გამოცხადება 2018 წელს დაიწყო. შედეგად, 2018 წელს 14 ქუჩის მოასფალტება განხორციელდა.
2018 წელს, მოგებული ტენდერის ( NAT180015281) ფარგლებში, „ჯავახავტოგზამ“ სევაკის ქუჩის (119 079 ლარი) რეაბილიტაცია განახორციელა. ამასთან ერთად, ცალკე ტენდერის (NAT180002408) ფარგლებში 12 ქუჩა - გოგოლის, გრიბოედოვის, მარჯანიშვილის, თუმანიანის, ხაჩატრიანის, ერზრუმის, ლენინაკანის, კონსტიტუციის, ჩარენცის, რუსთაველის ქუჩები და კარლ მარქსის შესახვევი, ჩარენცი-რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა (I, II მონაკვეთი), მოასფალტდა. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციისთვის ჯამში 1 828 238 ლარი დაიხარჯა. ნინოწმინდაში 26 კომისრის ქუჩის მოასფალტებისთვის ცალკე ტენდერი გამოცხადდა (NAT180013850), რომელშიც ასევე „ჯავახავტოგზამ“ გაიმარჯვა. შესყიდვის ღირებულება 98 056 ლარი იყო.
2019 წლის მაისში 7 ქუჩის (გოგოლის შესახვევი; ისაჰაკიანის, წერეთლის, მაშტოცის, ერევნის, კამოს, აბოვიანის) მაოსფალტების მიზნით ტენდერი (NAT190009403) გამოცხადდა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ჯავახავტოგზამ“ 1 116 258 ლარი მიიღო. ასევე, ტენდერის (NAT190008372) ფარგლებში კარლ მარქსის, ტოლსტოის, შაუმიანის, სომხეთის ჯაფარიძის და ხოჯაბეკის ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდა, სამუშაოების ღირებულებამ 461 810 ლარი შეადგინა.
2020 წელს ქუჩების მოასფალტების მიზნით რამდენიმე ტენდერი გამოცხადდა.
ნინოწმინდის თბილისის ქუჩის მოასფალტებისთვის გამოცხადებულ ტენდერში (NAT200006528) ერთადერთი პრეტენდენტი „ჯავახავტოგზა“ იყო, რომელთანაც 297 297 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. იმავე წელს, ნინოწმინდაში გაის, გაგარინის და ლერმონტოვის ქუჩების მოასფალტებისთვის გამოცხადებულ ტენდერში (NAT200006293) უკონკურენტოდ ისევ „ჯავახავტოგზამ“ გაიმარჯვა (438 000 ლარი). 2020 წელს, (NAT190025655) მოასფალტების სამუშაოები ჩატარდა ბაღრამიანის და ძერჟინსკის ქუჩებზე. პროექტი 429 260 ლარი ღირდა.
2021 წლის იანვარში კი, ტენდერი ( NAT210000011) დამატებით 9 ქუჩის მოასფალტებაზე გამოცხადდა: საიათნოვას ქუჩა (580 მ), აივაზოვსკის ქუჩა (320 მ), ისაკოვის ქუჩა (330 მ), მიასნიკიანის ქუჩა (269 მ), გაგარინის ქუჩა (600 მ), მიქელაძის ქუჩა (220 მ), ბარათაშვილის ქუჩა (117 მ), გინოსიანის ქუჩა (228 მ), ჯივანის ქუჩა (176 მ). სამუშაოებს კვლავ კომპანია „ჯავახავტოგზა“ ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები ხშირად გზების მოასფალტების სამუშაოებით უკმაყოფილონი არიან. მაგალითად, „ჭოჭაშენის“ უბნის წერეთლის ქუჩა ძლიერი წვიმის შედეგად 2021 წლის ივნისში დაიტბორა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ქუჩების მოასფალტებას ხშირად უამრავი პრობლემა მოჰყვება-ხოლმე. მაგალითად, დრენაჟის სისტემის საკითხი არ არის გათვალისწინებული, ამისთვის ცალკე ტენდერები ცხადდება. კონკრეტულად წერეთლის ქუჩაზე, სადრენაჟო სისტემის გაუმართაობამ ასფალტის ფენის დაზიანება განაპირობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
წერეთლის და „ჭოჭავანის“ უბნის სხვა დატბორილი ქუჩები წვიმიანი ამინდის შემდეგ, წყარო: რადიო ნორი
ადგილობრივები „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში აცხადებენ, რომ კომპანია, რომელიც მოასფალტების სამუშაოებს ასრულებს, სინამდვილეში ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სხვა ადამიანია. რეესტრის მონაცემების მიხედვით,შპს „ჯავახავტოგზა“ 1998 წელს დაარსდა, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ნოდარ ინასარიძეა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას წლების მანძილზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, განსაკუთრებით ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, მრავალი ტენდერი აქვს მოგებული. კომპანიას დარღვევებიც აქვს დაფიქსირებული. მაგალითად, 2019 წლის 18 თებერვალს, შპს „ჯავახავტოგზა" ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის (ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლის მეორე ნაწილი) ახალციხის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, 1500 ლარით დაჯარიმდა.
„ფაქტ-მეტრს“ ადგილობრივმა მოსახლეობამ იმ ქუჩების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც მოასფალტებული არ არის. ამ სიაშია დუმბაძის ქუჩა, მეგობრობის ქუჩის მონაკვეთი, საიათნოვას ქუჩის მონაკვეთი.
„ასფალტი აქ ფულის ფლანგვის ყველაზე მარტივი გზაა. ასფალტს ისე აგებენ, რომ არ ითვალისწინებენ დრენაჟის სისტემას ან შემდეგ ხვდებიან, რომ კანალიზაციის ჭები უნდა შეცვლილიყო. ახალდაგებულ ასფალტს ისევ ანადგურებენ და შემდგომში - თავიდან აკეთებენ“,- აცხადებს „ფაქტ მეტრთან“ საუბარში ნინოწმინდის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ნინოწმინდის ქალაქის ქუჩების დიდი ნაწილი მოასფალტებულია, ჯერ კიდევ დარჩენილია ქუჩები, რომელიც მოხრეშილიც კი არ არის და მიწით არის დაფარული. რეაბილიტირებული ქუჩების ნაწილის ასფალტის საფარი უკვე დაზიანებულია, რაც უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე მიუთითებს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანივარდ მოსოიანის დაპირება ნაწილობრივ შესრულდა.