დეზინფორმაცია: 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე, Pfizer-ით „აცრილ“ ადამიანთა 50%-ს ვაქცინის ნაცვლად პლაცებო გაუკეთდათ
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
Facebook-გვერდი „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ დეზინფორმაციული შინაარსის შემცველ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს. 26 აგვისტოს გავრცელებულ პოსტში ჯეინ რუბის ინტერვიუს ვიდეომონაკვეთია მოყვანილი, სადაც ის პირდაპირ ეთერში იმის შესახებ საუბრობს, თითქოს 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე, Pfizer-ით აცრილ ადამიანთა 50%-ს ვაქცინის ნაცვლად პლაცებო გაუკეთდათ. „ვინც ამ პერიოდში აიცერით ასეთი უვნებელი ფიზიოლოგიური ხსნარით და არ გქონდათ არანაირი თანმდევი მოვლენები, აღარ აიცრათ!“, - აღნიშნულია ბოლო ჟამის ქრისტიანების მიერ ვიდეოზე დართულ კომენტარში.
აღნიშნული განცხადება, როგორც ვიდეოში ჩანს, ჯეინ რუბიმ, 23 აგვისტოს, სტივენ პეტერსის შოუში პირდაპირი ჩართვისას მართლაც გააკეთა. სრულ გადაცემაში, რუბი აღნიშნავს, რომ პლაცებოს შესახებ ინფორმაციის მოძიება მისთვის ფაიზერის შესახებ ახალი დოკუმენტების გამოქვეყნების შედეგად გახდა შესაძლებელი. ჯეინ რუბი 23 აგვისტოს, ფაიზერისთვის FDA-ის ავტორიზაციის მიღების შემდეგ განახლებული დოკუმენტაციის შესახებ საუბრობს. აღნიშნულ დოკუმენტებში, დეკემბრიდან მარტის ჩათვლით ვაქცინირებულთა 50%-ის პლაცებოთი აცრის შესახებ, არაფერია ნათქვამი.
პლაცებოს გამოყენება მხოლოდ ვაქცინის კლინიკური კვლევების დროს მოხდა, რომელშიც ჯამში 44 047 ადამიანი მონაწილეობდა. მათ 50%-ს Pfizer-ის ვაქცინის მაგივრად პლაცებო გაუკეთდათ. მას შემდეგ, რაც მესამე ფაზის კლინიკური კვლევები დასრულდა და ვაქცინას ავტორიზაცია მიენიჭა, პლაცებო ვაქცინის ნაცვლად არ გამოუყენებიათ. Pfizer-ის კლინიკური კვლევის ბოლო - მესამე ეტაპი, 18 ნოემბერს დასრულდა.
შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „50% პროცენტი Pfizer-ით აცრილებიდან 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე, დადასტურებულად პლაცებოთი აცრეს“, ყალბი და უსაფუძვლოა.
პლაცებოს გამოყენების რელევანტურობა კლინიკური კვლევებისას
ვაქცინა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების (პრეკლინიკურ) ფაზას გადის, პრეკლინიკური ფაზა არის ექსპერიმენტული. ვაქცინას თავდაპირველად ცხოველებზე ცდიან. თუ ვაქცინა იმუნურ რეაქციას აღძრავს, ამის შემდეგ კლინიკური შემოწმება ხდება, რომელიც სამი ფაზისგან შედგება. პირველ ფაზაში ვაქცინის გამოცდა მცირე ჯგუფში შემავალ მოხალისეებზე ხდება. მეორე ფაზაში - ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური რეაქციის აღძვრის უნარის შემდგომი შეფასების მიზნით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რამდენიმე ასეულ მოხალისეს უტარდება აცრა. ამავე ეტაპზე, როგორც წესი, შესადარებლად გამოცდაში ერთვება ჯგუფი, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია. ამის შედეგად დგინდება, აცრილთა ჯგუფის წევრებში დაფიქსირებული ცვლილებები, ვაქცინითაა გამოწვეული თუ შემთხვევითობის შედეგს წარმოადგენს. მესამე ფაზაში ათასობით მოხალისე ერთვება და შედარება ანალოგიურ ჯგუფში შემავალ მოხალისეებთან ხდება, რომელთაც ვაქცინა არ მიუღიათ, თუმცა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო) მიიღეს. აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი დაავადებისგან თავდაცვის მიზნით ვაქცინის ეფექტურობა განისაზღვრება და ვაქცინის უსაფრთხოების შესწავლა ადამიანთა გაცილებით ფართო ჯგუფზე ხდება. გამოცდების მესამე ფაზა სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ადგილას ტარდება, იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული მიგნებების გამოყენება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან არის შესაძლებელი.
უშუალოდ ფაიზერის კლინიკური კვლევების დროს პლაცებოს გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
რაც შეეხება ჯეინ რუბის, რომელსაც აქამდეც მრავალი ანტივაქსერული შინაარსის მქონე დეზინფორმაცია გაუვრცელებია, მედიკოსი არაა. მას დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში აქვს მინიჭებული და არა მედიცინაში.
ჯეინ რუბის მიერ გავრცელებული სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია მრავალ საერთაშორისო გადამმოწმებელ ორგანიზაციას აქვს შემოწმებული (წყარო 1; წყარო 2).
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.