იტვირთება

სათხილამურო კურორტი ჰაწვალი სვანეთში მდებარეობს, მესტიიდან 8 კილომეტრის დაშორებით. მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2 348 მეტრია, ხოლო მინიმალური 1 868 მეტრი. ჰაწვალი საუკეთესო ადგილია გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის, თუმცა საქართველოს ტურისტული გზამკვლევის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კურორტ ჰაწვალის ძირითადი უარყოფითი მხარე მოკლე სათხილამურო ტრასები და ძალიან ნელი საბაგიროა. საბაგირო ზურულდი კურორტზე ამჟამად მოქმედ საბაგიროებს შორის ყველაზე ძველია. იგი ოთხადგილიანია და ძალიან ნელა მოძრაობს. მოთხილამურეს საშუალოდ 12-15 წუთის გატარება უწევს საბაგიროზე, რომელსაც ქარისაგან დამცავი არანაირი სისტემა არ გააჩნია.

ჰაწვალი-ზურულდის საბაგირო 2010 წელს გაიხსნა და 10 წლის განმავლობაში იყო ექსპლუატაციაში. მიმდინარე წელს, როგორც საბაგიროს ტექნიკური შემოწმებისას გაირკვა, მას მთელი რიგი ხარვეზები გააჩნია და უფრო მეტიც, წლების განმავლობაში საბაგირო ისე ოპერირებდა, რომ ტექნიკური დოკუმენტაცია საერთოდ არ გააჩნდა.

სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ დასკვნის მიხედვით (დანართი) საბაგირო გზის საყრდენების (ხაზობრივი ნაგებობის) ფუნდამენტი თავიდანვე არ იყო სწორად ჩასხმული. შემოწმებისას დადგინდა, რომ საყრდენების ფუნდამენტის მდგომარეობა საგანგაშოა და სასწრაფოდ აღდგენა-გამაგრებას საჭიროებს. ასევე საყურადღებოა, საბაგიროს სავარძლების ფიქსირებადი მომჭერების მდგომარეობა. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საბაგირო გზას ექსპლუატაციის განმავლობაში, დიაგნოსტირება არ ჩატარებია.

დასკვნის საბოლოო რეკომენდაციაა, რომ არსებული საბაგირო გზა ახალი გზით ჩანაცვლდეს, რადგან ხანგრძლივი ექსპლუატაციისა და არანორმირებული სამუშაო რეჟიმის გამო გზა ფიზიკურად და მორალურად მოძველებულია. ამასთან, საბაგირო გზა, როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონისთვის სამუშაოდ უნდა ყოფილიყო მზად, რაც ასე არ მოხდა, ხოლო მისი გამტარუნარიანობა მესტია-ჰაწვალის საბაგირო გზის გამტარიანობასთან შესაბამისობაში არ არის, რაც დამატებით შეფერხებას ქმნის.

აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „ემთიეის“(ყოფილი „მთის კურორტების განვითარების კომპანია“) ჰაწვალი-ზურულდის დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაევალა.

დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟისა და ახალი საბაგირო გზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას შპს „ემ თი ეი“ ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერისა“ და შპს „ დოპელმაიერ საუს კაუკაზუსისგან“ გეგმავს. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 35 მლნ ლარია, აქედან, 7 მილიონამდე ლარი კომპანიისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდება, ხოლო 28 მილიონი, მომავალი წლის ბიუჯეტიდან. ჰაწვალი-ზურულდის ახალმა საბაგირო გზამ საათში 1800-დან 2 400-მდე მგზავრის გადაყვანა უნდა უზრუნველყოს.

აქვე ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, მთის კურორტებზე არსებულ ყველა საბაგირო გზას, არსებული ტექნიკური პროტოკოლით, ყოველ მეორე წელს ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო ხუთ წელიწადში ერთხელ მაგნიტო-დეპოსკოპიური შემოწმება უნდა ჩაუტარდეს.

როგორც ზემოთ განხილულ დასკვნაშია აღნიშნული, ჰაწვალი-ზურულდის საბაგირო გზას ექსპლუატაციის განმავლობაში დიაგნოსტირება არ ჩატარებია. არადა ტექნიკური პროტოკოლის მიხედვით, დასახელებული საბაგირო გზას ათწლიანი ფუნქციონირების მანძილზე, სულ მცირე 5 ტექნიკური ინსპექტირება და ორი მაგნიტო-დეპოსკოპიური დიაგნოსტირება უნდა გაევლო. რატომ მოხდა, რომ ხარვეზები, რომელიც საბაგირო გზას აშენებისთანავე გააჩნდა და სავალალო მდგომარეობა, რომელიც არასწორი ექსპლუატაციის შედეგად შეიქმნა, მხოლოდ მიმდინარე წელს იქნა დადგენილი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სვანეთში, თეთნულდსა და ჰაწვალზე ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს და 2018-2019 წლის სეზონზე, წინა წელთან შედარებით, ჰაწვალზე ვიზიტორთა 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ორივე ლოკაციაზე ვიზიტორების ჯამურმა რიცხვმა 41 499 პირი შეადგინა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამდენ ადამიანს ყოველწლიურად დაზიანებული საბაგიროთი უწევდა სარგებლობა.

საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მშენებლობას, მართვასა და მოვლა-პატრონობას შპს „ემ თი ეი“ ახორციელებს (ყოფილი „მთის კურორტების განვითარების კომპანია“).

მიმდინარე წელს გამოქვეყნებული აუდიტის დასკვნის მიხედვით, კომპანიას მთელი რიგი დარღვევები ჰქონდა. კერძოდ, უნებართვოდ დაწყებული სამშენებლო სამუშაოები, დარღვევით შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ბარათების აღრიცხვასთან დაკავშირებული ნაკლოვანება, აბონემენტების უფასოდ გაცემის პროცესის ნაკლოვანება და ა.შ., განსაკუთრებით ხაზგასასმელია კომპანიის დირექტორის ხელფასის დაუსაბუთებელი ზრდა, რის საფუძველზეც ორი წლის განმავლობაში მისი ხელფასი ჯამში 109 021 ლარით გაიზარდა.

ჩვენ აუდიტის დასკვნის ზედმიწევნით განხილვაში არ შევალთ. უბრალოდ აღნიშნული იმის დასტურად მოგვყავს, რომ კომპანიას, რომელიც საქართველოში საბაგირო გზების გამართულ მუშაობაზე არის პასუხისმგებელი, გარკვეული დარღვევები ჰქონდა და ამის ერთ-ერთი დასტური ჰაწვალი-ზურულდის საბაგიროც არის, რომელსაც არაპროფესიონალიზმის ან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, დიაგნოსტირება ექსპლუატაციის 10-წლიან პერიოდში არ ჩატარებია.

ფოტო: Georgian Travel Guide


მსგავსი სიახლეები

3364 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი