იტვირთება

ვასილ მახარაშვილი: პანდემიის პერიოდში გორის მერიამ მილიონი ლარი ატრაქციონებში დახარჯა, პარკი კი ამ დრომდე უფუნქციოა

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

რეზიუმე:

გორში „ახალბაღის“ რეაბილიტაცია გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინასაარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს. ბიუჯეტში მან თანხები უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაითვალისწინა და 800 000 ლარით ახალი ატრაქციონების შეძენა გადაწყვიტა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ატრაქციონები 2020 წლის შემოდგომით დაამონტაჟა, პარკის მთლიან რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ჯამში „ახალბაღის“ რეაბილიტაციისთვის 2020 წელს 9 750 000 ლარი განისაზღვრა. აქედან ატრაქციონების შესაძენად 800 000, პარკის რეაბილიტაციისთვის კი 8 950 000 ლარი გამოიყო.

2021 წლის ივლისში პარკი შემოიღობა და მოქალაქეებისთვის იქ შესვლა 1 წლით აიკრძალა, მანამდეც ეს სივრცე უფუნქციო იყო.

ანალიზი:

„ნაციონალური მოძრაობის“ გორის მერობის კანდიდატის, ვასილ მახარაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გორში ბიუჯეტს არაეფექტურად ხარჯავს და პანდემიის პერიოდში ატრაქციონებს ყიდულობს. მახარაშვილი აცხადებს, რომ კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია გორის მერიამ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და სხვა უფრო მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებაა საჭირო.

„ამ ძალიან ძნელი და რთული პანდემიის დროს მათ გადაწყვიტეს გამოეყოთ ერთი მლნ ლარი და შეიძინეს საბავშვო ატრაქციონები, რომლებიც დამონტაჟდა გორის „ახალბაღის“ პარკში. მოსახლეობა კი ხედავს, რომ თვეების მანძილზე ეს პარკი არის დაკეტილი და არ ფუნქციონირებს“,-აცხადებს ვასილ მახარაშვილი.

გორში არსებული კულტურისა და დასვენების პარკისთვის („ახალბაღი“) გასართობი ატრაქციონების შესაძენად მერიამ ტენდერი 2020 წლის აპრილში გამოაცხადა.

მერია, სატენდერო პირობების მიხედვით, გეგმავდა ატრაქციონების მონტაჟი 2020 წლის 30 სექტემბრამდე განხორციელებულიყო და ატრაქციონების შეძენით პარკი განეახლებინა. გორის მერიამ 800 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო და განმარტა, რომ ეს თანხა მხოლოდ ატრაქციონების შეძენას მოხმარდა. მერიამ ამ თანხით მფრინავი სკამები, კარუსელი, ატრაქციონ-გემი, ელექტრონული მანქანა და მატარებელი იყიდა. ატრაქციონების სამონტაჟო სამუშაოების დასრულების ვადად კონსტანტინე თავზარაშვილმა 2020 წლის 30 ნოემბერი დაასახელა. ამ პერიოდში „ახალბაღის“ რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდანაც გამოიყო.

„საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსებისთვის (SRMIDP-AF). აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება „ახალბაღის პარკის რეაბილიტაციისთვის ქალაქ გორში“,-წერია სატენდერო განცხადებაში.

ახალი სატენდერო წინადადებების მიღება 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. მსოფლიო ბანკმა პარკის მთლიანი რეაბილიტაციისთვის 8 950 000 ლარი გამოყო. სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით მომავალი წლის ზაფხულამდე უნდა დასრულდეს. ტენდერში კი გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც 2017 წელს „ქართულ ოცნებას“ 100 000 ლარი შესწირა.

„პარკის ტერიტორია მოიცავს დიდ ფართობს - დაახლოებით 11,96 ჰექტარს. საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო და ველო ბილიკები, მოსასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცეები, ექსტრემალური მოედნები, ასევე მთელ ტერიტორიაზე მოეწყობა ავტომატური სარწყავი სისტემა და ა.შ. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელოვნურ ტბას და პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ რამდენიმე საზოგადოებრივ შენობას. „ახალბაღის“ პარკი განახლდება დენდროლოგიური კუთხითაც” , – ვკითხულობთ გადაწყვეტილების დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც კომპანია Award-ი გამარჯვებულად გამოცხადდა. ტენდერში სულ 8 კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულმა კომპანიამ რეაბილიტაციის ჩატარება მუნიციპალური განვითარების ფონდს ყველაზე იაფად შესთავაზა.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო პარკი დროებით დაკეტილია და არ ფუნქციონირებს. 2021 წლის 15 ივლისიდან პარკი ერთი წლით დაიკეტა, ტერიტორია შემოიღობა და იქ აღარავის უშვებენ.

მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ გორის მერიამ პანდემიის პერიოდში 800 000 ლარი დახარჯა, რაც მიახლოებულია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მიერ დასახელებულ თანხასთან. უფრო მეტი ხარჯის გაღება კი მუნიციპალური განვითარების ფონდს უწევს, რომელმაც ამ პარკის სრული რეაბილიტაციისთვის, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 8 950 000 ლარი უნდა დახარჯოს და პარკის რეაბილიტაცია 2022 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

კონტექსტის გათვალისწინებით, ვასილ მახარაშვილის განცხადება, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი