იტვირთება

სოციალურ ქსელში COVID-19-ის მკურნალობის შესახებ კონკრეტული რეცეპტები ვრცელდება, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

ვერდიქტი: მანიპულაცია

Facebook-მომხმარებელი სოციალურ ქსელში რეცეპტს ავრცელებს, კოვიდინფიცირებულმა პირებმა თუ რა მედიკამენტები უნდა მიიღონ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი თვითნებური მკურნალობისკენ მოუწოდებს, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მედიკამენტების არამიზნობრივმა მიღებამ შესაძლოა, ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. COVID-19-ით ინფიცირებული პირის მკურნალობას - პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმმა აკაკი აბუთიძემ „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განაცხადა: „COVID-19-ის მკურნალობა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას, საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით. სოციალურ ქსელებში, მით უმეტეს არაპროფესიონალების მიერ გავრცელებული რეცეპტების მიღება და თვითმკურნალობა კატეგორიულად დაუშვებელია და სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს“.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კონკრეტულ რეცეპტთან დაკავშირებით, ექიმი აკაკი აბუთიძე განმარტავს: „არბიდოლი არის რუსული წარმოების პრეპარატი, რომელიც გრიპის ვირუსის მკურნალობისას გამოიყენებოდა. თუმცა მისი ეფექტიანობა არათუ კოვიდის, არამედ გრიპის შემთხვევაშიც არ არის დადასტურებული. არბიდოლი არ არის აღიარებული არც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და არც ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ. მითუმეტეს კოვიდის შემთხვევაში არბიდოლი სამკურნალოდ არ გამოიყენება. სუმამედი არის ანტიბიოტიკი და სჭირდება, თუ - არა ის პაციენტს, ისევე როგორც სხვა მედიკამენტები, ეს ექიმმა უნდა განსაზღვროს“.

Covid-19 არ არის ბაქტერიული ინფექცია, ის ვირუსული დაავადებაა. ანტიბიოტიკი ანადგურებს ბაქტერიებს, ის ვირუსებზე არ მოქმედებს. შესაბამისად, Covid-19-ის პრევენციის ან მკურნალობის მიზნით ანტიბიოტიკი არ გამოიყენება. ანტიბიოტიკის გამოყენება შესაძლოა, საჭირო გახდეს მხოლოდ თანმხლები ბაქტერიული ინფექციის არსებობისას და მის საჭიროებას, ისევე როგორც სხვა მედიკამენტების, ექიმი განსაზღვრავს.

იმ შემთხვევაში თუ კოვიდინფიცირებული პაციენტი ბინაზე მკურნალობს: მკაცრად უნდა დაიცვას თვითიზოლაციის წესები; მიიღოს ბევრი სითხე; არ უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშე და ოჯახის ექიმის დანიშნულებას უნდა მიჰყვეს!

ექიმის დანიშნულების გარეშე, ანტიბიოტიკების ან სხვა სახის მედიკამენტების მიღება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა!

-------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი