იტვირთება

რომან გოცირიძე: დღეს არის 11.9% ინფლაცია, ორნიშნა ინფლაცია, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნებისმიერ თვესთან შედარებით, ამ მასშტაბის ინფლაცია არ ყოფილა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე:

პანდემიური კრიზისის პერიოდში, ფასების მატება მოსახლეობისთვის კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენს. 2021 წლის ივლისში, წლიური ინფლაციის დონემ 11.9% შეადგინა. უშუალოდ ჯგუფებში, რომლის მიმართაც მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლადია, ინფლაციის მაჩვენებლები უფრო მაღალი იყო, ვიდრე ინფლაციის ზოგადი მაჩვენებელი. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 14.1%-ით გაიზარდა. მიმდინარე ინფლაცია, ბოლო 10 წლის მონაცემებით, ტექნიკური თვალსაზრისით, მართლაც ყველაზე მაღალია. თუმცა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, პერიოდულად, უფრო მაღალი წლიური ინფლაციაც ფიქსირდებოდა. მათ შორის, 2011 წლის იანვარ-ივნისში, წლიური ინფლაცია საშუალოდ 13%-ის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა წლის ბოლოს, ფასების დონე დასტაბილურდა. აღნიშნული დინამიკა, განცხადებაში არ იკითხება. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ინფლაციის მაჩვენებელმა კრიტიკულ ორ ნიშნა მიჯნას არაერთხელ მიაღწია და მიმდინარე ინფლაციასაც არაერთხელ გადააჭარბა. შესაბამისად, მიმდინარე, მაღალი ინფლაცია უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო/ყველაზე მაღალი ნამდვილად არ არის, რაც საკითხის ანალიზისას გასათვალისწინებელია.

ბუნებრივია, ჯერჯერობით ბუნდოვანია, თუ რამდენი იქნება ინფლაცია 2021 წლის ბოლოს და შესაბამისად, იქნება, თუ - არა წლიური ინფლაცია რეკორდული.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მაღალი ინფლაციის შენარჩუნება წლის ბოლომდე მოსალოდნელია. სსფ დასძენს, რომ ინფლაციური ზეწოლა, ერთი მხრივ ,კონკრეტულად საქართველოში, გამოწვეულია ნაწილობრივ მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად გამოვლენილი ზეწოლით ფასებზე და ასევე, მსოფლიო მასშტაბით, მომატებული ფასებით სამომხმარებლო საქონელზე (World Economic Outlook)“. შესაბამისად, ინფლაციური პროცესის გამომწვევი ფაქტორები ნაწილობრივ მთავრობის პასუხისმგებლობის მიღმა ექცევა, თუმცა, განცხადების კონტექსტი, მთავრობისადმი კრიტიკას მოიცავს.

ანალიზი:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, ტელეკომპანია კავკასიაში სტუმრობისას განაცხადა: „დღეს არის 11.9% ინფლაცია, ორნიშნა ინფლაცია, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნებისმიერ თვესთან შედარებით, ამ მასშტაბის ინფლაცია არ ყოფილა.

დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე ერთი ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე. სამომხმარებლო ინფლაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსით“ ფასდება, რომელიც 12 მსხვილი ჯგუფის ფასებს მოიცავს.

2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9% შეადგინა. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ უშუალოდ ჯგუფებში, რომლის მიმართაც მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლადია, ფასების ზრდა უფრო მაღალი იყო, ვიდრე ინფლაციის ზოგადი მაჩვენებელი, რაც პანდემიურ პირობებში, მოქალაქეების ცხოვრების დონეზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება. წლიური თვალსაზრისით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 14.1%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (48.0%), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1%), რძე, ყველი და კვერცხი (15.4%), პური და პურპროდუქტები (12.4%), თევზეული (11.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (4.7%). ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5%, ხოლო საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.4%-ით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში ინფლაციის მატება მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე, კერძოდ კი სურსათზე ფასების ზრდას მჭიდროდ უკავშირდება. ასევე, შესაძლოა ინფლაცია ეკონომიკური ზრდის მაღალ მონაცემებთანაც იყოს დაკავშირებული. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7%-ია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მაღალი ინფლაციის შენარჩუნება წლის ბოლომდე მართლაც მოსალოდნელია. თუმცა, ორგანიზაციის შეფასებითვე, 2022 წლისთვის მოსალოდნელია ინფლაციის კლება. საერთაშორისო ფონდი დასძენს რომ ინფლაციური ზეწოლა, ერთი მხრივ კონკრეტულად საქართველოში, გამოწვეულია ნაწილობრივ მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად წარმოშობილი ზეწოლით ფასებზე და მეორე მხრივ, ზოგადად, მსოფლიოში მომატებული ფასებით სამომხმარებლო საქონელზე (World Economic Outlook).

მიმდინარე ინფლაცია, ბოლო 10 წლის მონაცემებით, ტექნიკური თვალსაზრისით, მართლაც ყველაზე მაღალია. თუმცა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ცალკეულ პერიოდებში უფრო მაღალი წლიური ინფლაცია ფიქსირდებოდა. მაგალითად, 2011 წლის იანვარ-ივნისში, წლიური ინფლაცია საშუალოდ 13%-ის ფარგლებში მერყეოდა. 2011 წლის მაისში, ანუ 10 წლის და 3 თვის წინანდელ პერიოდში, ინფლაციამ 14.3% შეადგინა. 2007 წელს, წლიური ინფლაცია 11%-ს შეადგენდა, თუმცა, ამავდროულად ეკონომიკა 12.5%-ით გაიზარდა. ბუნებრივია, ჯერჯერობით ბუნდოვანია, თუ რამდენი იქნება ინფლაცია 2021 წლის ბოლოს და შესაბამისად, იქნება, თუ - არა წლიური ინფლაცია რეკორდული. აღსანიშნავია რომ 2021 წლის აგვისტოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0%-ით განისაზღვრა.

გრაფიკი 1: წლიური ინფლაცია 2005-2021 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი