იტვირთება

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვახტანგ კალოიანი პოლიტიკაში აქტიურად 2020 წელს ჩაერთო, როცა „ევროპული საქართველოს“ სახელით აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის იბრძოდა.

ამჯერად ის შეთანხმებულმა ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დაასახელა. როგორც თავად ამბობს, გამარჯვებაში დარწმუნებულია და მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს.

რატომ წავიდა პოლიტიკაში, რას აპირებს არჩევის შემთხვევაში და რამდენად კარგად შეასრულებს მაკონტროლებლის როლს საკრებულო - „ფაქტ-მეტრის“ კითხვებს ვახტანგ კალოიანმა უპასუხა.

- წარმატებული და მაღალი ნდობის მქონე ექიმი რატომ წახვედით პოლიტიკაში, რა დაინახეთ ისეთი, რომ ახლა თქვენ პოლიტიკას უფრო სჭირდებით?

- ადრეც ვფიქრობდი, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ კარიერა პოლიტიკაში გამეგრძელებინა. ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება. ჩავთვალე, რომ ახლაა ამის დრო, რადგან შარშან კოვიდის მართვამ დაგვანახა ის ტრაგიკული პრობლემები, რომლებზეც სულ ვსაუბრობდით, სულ ვცდილობდით, რომ შეგვეცვალა, მაგრამ როგორც ექიმებს, რეალურად ბერკეტი არ გვქონდა. პოლიტიკა, მმართველობა სწორედ ის ადგილია, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რეალური ცვლილებები განვახორციელოთ. ამიტომ დავთანხმდი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობას და ეს ჩემთვის პატივია, თუ ბათუმელები ნდობას გამომიცხადებენ. ვთვლი, რომ ჩემს გუნდთან ერთად, შემიძლია, მნიშვნელოვანი როლი შევასრულო ბათუმელების კონკრეტული სოციალური პრობლემების კონკრეტული პროგრამებით მოგვარებაში. მაგალითად, [ბინათმესაკუთრეთა] ამხანაგობებისთვის რეალური ქონების გადაცემითა და მისი განკარგვის საშუალების მიცემით, ინფრასტრუქტურულ განვითარებაში საზოგადოების მაღალი კონტროლის უზრუნველყოფით და სხვა.

- თავად ადგილობრივი თვითმმართველობების როლსა და შესაძლებლობებზე რა შეგიძლიათ, რომ თქვათ. რამდენად რეალურია, რომ ადგილზე სისტემური პრობლემების მოგვარებას შეძლებთ ამ პირობებში, როცა დეცენტრალიზაცია ჯერაც დოკუმენტის პროექტის სახით არსებობს და ყველაფერი „ცენტრიდან“ იმართება?

- დღეს, არსებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბათუმის თვითმმართველობას შეუძლია, მოაგვაროს ჩვენი მოქალაქეებისათვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი. თვითმმართველობას შეუძლია, უზრუნველყოს ესენციური მედიკამენტები, ე. წ., არაგადამდები დაავადებებისთვის: არტერიული ჰიპერტენზია, ონკოლოგიური პათოლოგიები, შაქრიანი დიაბეტი... მოქალაქეების დიდ უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი ამ მედიკამენტებზე, მერე უწევთ საავადმყოფოებში მკურნალობა, ძვირადღირებული ოპერაციების გაკეთება, უვითარდებათ სხვა დაავადებები. ადგილობრივ თვითმმართველობას, პირველადი ჯანდაცვის რგოლთან და სადაზღვევო სისტემასთან ერთად, შეუძლია ბათუმის 150 ათასი მოქალაქისთვის ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახადოს ისე, რომ რეალურად არ გაიზარდოს ბათუმის ბიუჯეტი და მის შიგნით მოხდეს ამ თანხების გადანაწილება უაზრო მუხლებიდან ამ პროგრამაზე. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი და ამიტომ მივდივარ მე საკრებულოში.

- ბათუმში უმთავრესი პრობლემა მხოლოდ ესაა, თუ სხვა მიმართულებითაც გაქვთ დაგეგმილი ცვლილებები?

- რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაა. 27%-ით არის გაზრდილი სიღარიბის ზღვარი იმ ადამიანებისა რომლებიც ითხოვენ და საჭიროებენ სოციალურ დახმარებას.

გარდა ამისა, ბიუჯეტის რაციონალურ ხარჯვასთან მიმართებით, აუცილებელია საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის ამუშავება. ეს დღესვე შესაძლებელია, ამ უფლებამოსილების ფარგლებში. დღეს ჩვენ ბიუჯეტის დაგეგმვის, განხილვისა და დამტკიცების პროცესები სრულიად დახურული გვაქვს.

- თუმცა ბათუმის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული მექანიზმი უკვე დანერგა...

- ეს არ არის რეალურად გამჭვირვალე პროცესი. ამის უკან, სამწუხაროდ, შინაარსი არ არის. ყველა მნიშვნელოვანი მუხლის განხილვა ინტერესჯგუფებთან ერთად უნდა მოხდეს, რომლებიც ხშირად არ არიან ჩართული ამ პროცესში. მაგალითად: ამხანაგობებისთვის ისე ხდება რაღაცების დამტკიცება, რომ წევრებმა საერთოდ არაფერი არ იციან ამის შესახებ და მერე დირექტივების სახით მიდის ეს თავმჯდომარეებამდე და ისინი ახორციელებენ.

- შეგახსენებთ, ლაშა კომახიძის მერობის დროს საუბნო კავშირები შეიქმნა, რომლის მიზანიც მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე ბიუჯეტის ფორმირების პროცესში სწორედ მოქალაქეების უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა იყო. თქვენი შეფასებით, ამ სიახლემ არ იმუშავა?

- დღეს ამხანაგობებს არ აქვთ საკუთრება. როცა ისინი რეალურად არ ფლობენ რესურსს, არ ფლობენ სახლის წინ მდებარე ტერიტორიას, ასეთ შემთხვევაში რაიმე უფლებებზე საუბარი ზედმეტია. ამხანაგობა უნდა მუშაობდეს კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის პრინციპით, მაგრამ მატერიალური რესურსი, რომელიც მის ძალას და მნიშვნელობას განსაზღვრავს, არ გააჩნია. ამ ფონზე ნებისმიერი რეფორმა და ცვლილება ფასადურია. ძალიან კარგი პროექტი გააკეთა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ - „მწვანე უბნები ბათუმს“. ჩვენ, ძირითადად, აქცენტი გვაქვს ბულვარსა და ძველ ბათუმზე, როცა ბათუმის გარეუბნებში ხშირად ერთი ხეც კი არ არის და ტერიტორიები გადახრიოკებულია. მაინც ვიძახით, რომ მწვანე ბათუმია. იმ სახლების ირგვლივ სკვერის გაშენების არანაირი უფლება ამხანაგობას არ აქვს. თუ ეს იქნება ამხანაგობის საკუთრება, ის არ მისცემს ინვესტორს შეუსაბამო პროექტის განხორციელების საშუალებას. ეს კი, ბევრი თვალსაზრისით, დაიცავს ქალაქს, მის გარემოს, ეკოლოგიას. ბათუმის დიდი ნაწილი გაპარტახდა. ნებართვების დიდი ნაწილი ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ გაიცემა და ამაში საზოგადოებრივი კონტროლი არ არის. „ამბასადორის“ კლასიკური მაგალითი რომ გავიხსენოთ, ბათუმის თვითმმართველობამ საკუთარ თავს მოუჭრა ყველა გზა, რომ ღირსეულად დამდგარიყო ამ საკითხში ბათუმელების ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ თუ ასე მივუშვებთ ამ საქმეს, არაფერი არ დაგვრჩება. მშვენიერია განაშენიანება, მაგრამ ეს ლოგიკურ ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს.

- როგორც მივხვდი, გენერალური განაშენიანების გეგმას გულისხმობთ, რომლის შექმნასაც სხვა კანდიდატებიც ჰპირდებოდნენ ქალაქს. თქვენი არჩევის შემთხვევაში, ამ საკითხს რა ვადაში გადაჭრით?

- სამწუხაროდ, ეს ხუმრობის საგნადაც კი გადაიქცა. ყველა არჩევნების წინ ყველა პოლიტიკურ პარტიას გაახსენდება, რომ გენერალური განაშენიანების გეგმა გასაკეთებელია, არჩევნების მერე ან ტენდერს გამოაცხადებენ და ვერ შეისყიდიან, ან ვიღაც დარეკავს და მერს გამოცვლიან... ასე იკარგება ეს საკითხი მომდევნო არჩევნებამდე. ამასობაში ბათუმის იერსახე შეიცვალა. ჩვენ არ ვიცით, როგორი ქალაქი უნდა მივიღოთ 20-30 წლის შემდეგ. ამის მეცნიერული ანალიზი არავის გაუკეთებია. ჩვენი არჩევის შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში, გეგმას დასრულებული დოკუმენტის სახით წარვადგენთ. ბევრი დოკუმენტია, რომელთა შეჯერებაც არ არის რთული. ეს საზოგადოების აქტიური ჩართულობით უნდა განვიხილოთ. ამ გეგმის მომზადებასა და განხილვაში ჩართული იქნება პროფესიონალების ჯგუფი და ყველა დაინტერესებული მხარე. ბათუმს არნახულად მაღალი კვალიფიკაციის მქონე არქიტექტორები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ, ამ საკითხში საზოგადოების ადვოკატები იყონ. სამწუხაროდ, პროფესიონალები პროცესისგან გარიყული არიან.

- ადგილობრივი თვითმმართველობა პროფესიონალებს აიგნორებს? თუ ასეა, რატომ?

- პროფესიონალები ძალიან იშვიათად აწერენ ხელს კორუფციულ და კვალიფიკაციისთვის შეუსაბამო გადაწყვეტილებებზე. ყველა პროფესიონალი უფრთხილდება თავის სახელს. მისი დათანხმება უღირს გადაწყვეტილებაზე ძალიან რთულია. ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მიდგომაა, რომ მეტი პროფესიონალი ნიშნავს ნაკლებ კორუფციულ გადაწყვეტილებას. როცა გადაწყვეტილების მიღების წესი სტანდარტულია, როცა ამისთვის განსაზღვრული გაქვს ტექნიკური კრიტერიუმები და ინდიკატორები, რომლებიც არაა იმაზე დამოკიდებული, კარგი მერია და საკრებულო ჰყავს ბათუმს, თუ - არა, კორუფციის ადგილი აღარ არის.

- არჩევის მერე პროფესიონალებიც კი პარტიულ ლიდერებზე დამოკიდებული ხდებიან და ანგარიშსაც მათ უწევენ. საკრებულო, ფაქტობრივად, თავის მაკონტროლებელ ფუნქციას ვერ ასრულებს და მხოლოდ მერიის დანამატს დაემგვანა. იქნებით კი თქვენ დაცული ამ გავლენებისგან?

- რა თქმა უნდა, გავლენის მოხდენას ჩემზეც ეცდებიან, მაგრამ ჩემზე გავლენის მოხდენა რთულია. მთავარი მაინც სისტემური გარანტიის შექმნაა და სისტემური გარანტიის საფუძველია კოალიციური ხელისუფლება, როცა ყველა წევრი ერთმანეთს აკონტროლებს. მეორეც, გადაწყვეტილების მიღების წინასწარ განსაზღვრული მკაცრი ინდიკატორები, კრიტერიუმები არ უნდა იყოს დამოკიდებული სუბიექტურ გარემოებებზე. ჩვენ უნდა გვქონდეს ტექნიკურად გამართული სისტემა, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია ექნება და მარტივად ვერავინ ვერ შეცვლის.

- გასაგებია, რისი ხილვა გინდათ ბიუჯეტში, მაგრამ მისი მოცულობა ყველაფრის ერთად განხორციელების საშუალებას არ მოგცემთ. რით დაიწყებთ?

- პირველი ეს არის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, უმწეო მოქალაქეებისთვის ორგანიზებული მხარდაჭერის უზრუნველყოფა და მათი დასაქმების სტიმულირება. ასევე ყველაზე ცხელი ინფრასტრუქტურული საკითხები, მათ შორის, დრენაჟის საკითხი, განსაკუთრებით - ახალ დასახლებებში. ამის საშუალება ბიუჯეტს აქვს და ჩვენ დამატებით სახსრებს ცენტრალური ბიუჯეტიდანაც მოვიზიდავთ. ასევე გზების პრობლემა, რომელიც, უნდა ვაღიაროთ, დიდწილად გადაჭრილია, მაგრამ მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა, რომ, მომატებული ნაკადის ფონზე, გამტარუნარიანობა გაიზარდოს. ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, რომლის შესაძლებლობაც ბათუმის ბიუჯეტს აქვს, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მესაკუთრეებთან, საერთაშორისო ფონდებთან პარტნიორობით. გარდა ამისა, ბათუმი შეიძლება ვაქციოთ ახალგაზრდებისთვის იდეებისა და სხვადასხვა წამოწყებების ქალაქად. ბათუმის თვითმმართველობა ვალდებულია, რომ ასეთ ადამიანებს შეუქმნას პირობები ამ იდეების რეალიზაციისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმის ისტორიული ნაწილის შენარჩუნება. ყველა ამ საკითხში აუცილებელია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. მოქალაქეები თვითონ უნდა იყვნენ იდეების გენერატორები, აკონტროლონ ბიუროკრატია და სახელმწიფო სისტემის მუშაობა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის გაძლიერება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი.

- პროგრამა გაქვთ, სადაც ეს ყველაფერი წერია?

- დიახ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული გვაქვს და მალე წარვადგენთ.

- ჩვენ ვნახეთ, რომ ქალაქის ტურიზმზე დამოკიდებულებამ კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს ბათუმელებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. თუ თქვენ აგირჩევენ, რაიმე ინიციატივა გექნებათ, რომ ბათუმმა სხვა ფუნქციაც შეიძინოს და მოსახლეობა დასაქმდეს?

- ბათუმს აქვს პოტენციალი, ინტელექტუალური ბიზნესისთვის საინტერესო ქალაქად იქცეს, იქნება ეს კომპიუტერული სისტემების, ტექნოლოგიების მიმართულებით თუ სხვა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გარკვეულ საკითხებს დავაყენებთ ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, მაგრამ ეს რადიკალურად სურათს ვერ შეცვლის. ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. რაც შეიძლება, ბევრი ასეთი ადამიანი უნდა მოვიზიდოთ, რომ აქ იმუშაონ, იცხოვრონ, აქ გადაიხადონ გადასახადები და დახარჯონ ფული. ტურიზმს რაც შეეხება, მას კონკრეტული მხარდაჭერა სჭირდება და ის სიტუაცია, რომელშიც ორი წელია ვართ, პანდემიის არასწორი მართვის შედეგია. ამის გამო აღმოვჩნდით წითელ ზონაში.

- დარწმუნებული ხართ გამარჯვებაში?

- დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბერს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ბათუმს კოალიციური ხელისუფლება ეყოლება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3364 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი