მიხეილ სააკაშვილი: [პრემიერ-მინისტრმა] გონიოში წარადგინა ზუსტად ის პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2010 წელს და უნდა დასრულებულიყო 2014-ში
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
განცხადების სრული ტექსტი: „ივანიშვილის მატლმა [ირაკლი ღარიბაშვილი] გონიოში წარადგინა ზუსტად ის პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2010 წელს და რომელიც უნდა დამთავრებულიყო 2014-ში. ერთადერთი, ამოიღეს ხიდი, რომ ბოლომდე იდენტური არ ყოფილიყო.“
შენიშვნა: „ფაქტ-მეტრი“ ემიჯნება განცხადებაში გამოყენებულ არაკორექტულ გამონათქვამებს.
რეზიუმე: გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო, რასაც ფოტომასალა ადასტურებს, რომელიც ჩვენ ენმ-ის აჭარის ოფისიდან მოგვაწოდეს. ყველა ფოტოზე დატანილია კომპანია „აქსისის“ ლოგო. ერთ-ერთ მათგანზე კი ასევე მითითებულია, რომ ის 2010 წელს მომზადდა.
დეველოპერული კომპანია „აქსისის“ ინფორმაციით, ეს რენდერები, რომლებიც დიდი პროექტის ნაწილია, ნამდვილად მას ეკუთვნის. პროექტი ვიზუალურ მასალასა და ფინანსურ ანალიზს მოიცავს და კომპანიაში ინახება. წინა ხელისუფლებამ ის მოიწონა, თუმცა, როგორც „აქსისის“ წარმომადგენელმა განმარტა, საბოლოოდ კომპანიას მის გაგრძელებაზე უარი უთხრა.
რაც შეეხება გონიოს ხიდს, მისი მშენებლობისთვის, რომელიც ახალ ბულვარსა და გონიოს სანაპირო ზოლს ერთმანეთთან დააკავშირებდა, თანხა საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული. ამას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი დავით ნარმანია „ნეტგაზეთთან“ თავადაც ადასტურებს. თუმცა საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტში პროექტისთვის განსაზღვრული დაფინანსება აღარ გვხვდება.
კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გონიო-კვარიათის დამაკავშირებელი ხიდი უნდა აშენებულიყო, არის საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის განკარგულებაც, რომელსაც ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აწერს.
აღნიშნული განკარგულებით პრემიერ-მინისტრი ავალებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საქვეუწყებო დაწესებულებას - საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომ მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მოამზადოს.
„ფაქტ-მეტრი“განცხადების იმ ნაწილზე ვერ იმსჯელებს, რომელშიც კონცეფციიდან გონიოს ხიდის ამოღებაზეა საუბარი, ვინაიდან ტერიტორიის განაშენიანების ახალი პროექტი ჯერ არ არსებობს. დაბეჯითებით შეუძლებელია იმის თქმაც, რომ ტერიტორიის განვითარება 2014 წელს დასრულდებოდა, რადგან რენდერებზე ასახული პროექტის რეალიზებაზე გადაწყვეტილებაც კი არ ყოფილა მიღებული. თუმცა, განცხადების მთავარი აზრი ისაა, რომ წინა ხელისუფლება გონიოს პოლიგონის განვითარების კონცეფციაზე მუშაობდა, რასაც „ქართული ოცნება“ 2021 წელს ისევ დაუბრუნდა, რაც სიმართლეა, თუმცა პროექტის დასრულების ვადად 2014 წლის დასახელება რეალობასაა აცდენილი, რადგან პროექტის რეალიზების მიზნით 2012 წლის მდგომარეობით ქმედითი ნაბიჯები გადადგმული ჯერაც არ ყოფილა.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
ანალიზი: 2021 წლის 17 აგვისტოს, აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატების წარდგენისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარების საკითხიც წამოსწია. მან თქვა, რომ მთავრობა, მისი დავალებით, ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს და ის წლის ბოლოს დასრულებული იქნება. პრემიერის განცხადებით, გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით, კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით...
18 აგვისტოს ღარიბაშვილის განცხადებას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტით გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მან გონიოში წარადგინა ზუსტად ის პროექტი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2010 წელს უკვე არსებობდა. „ივანიშვილის მატლმა [ირაკლი ღარიბაშვილი] გონიოში წარადგინა ზუსტად ის პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2010 წელს და რომელიც უნდა დამთავრებულიყო 2014-ში. ერთადერთი, ამოიღეს ხიდი, რომ ბოლომდე იდენტური არ ყოფილიყო“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო. „ფაქტ-მეტრისთვის“ ენმ-ის მიერ მოწოდებული ფოტომასალა ცხადყოფს, რომ წინა ხელისუფლებას ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით გარკვეული სამუშაოები განხორციელებული ჰქონდა. ფოტოზე დატანილია კომპანია „აქსისის“ ლოგო, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე ასევე მითითებულია, რომ ის 2010 წელს მომზადდა.
ჩვენ დავინტერესდით, ნამდვილად ეკუთვნოდა, თუ - არა ფოტორენდერები დეველოპერულ კომპანია „აქსისს“. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნული დაგვიდასტურა და მოგვწერა, რომ 2010 წელს მათ შექმნეს და ხელისუფლებას შესთავაზეს გონიოს განვითარების პროექტი და რომ ენმ-ის მიერ ჩვენთვის მოწოდებული მასალა მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი პროექტისა, რომელიც კომპანიაში ინახება. პროექტი ვიზუალურ მასალასა და ფინანსურ ანალიზს მოიცავს.
კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, წინა ხელისუფლებამ პროექტი მოიწონა, თუმცა მისი განხორციელების მზაობა არ გამოხატა და საბოლოოდ პროექტის გაგრძელებაზე უარი თქვა.
რაც შეეხება ხიდის მშენებლობას, 2013 წლის 4 ივნისს „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი დავით ნარმანია აცხადებდა, რომ გონიოს ხიდის მშენებლობისთვის, რომელიც ახალ ბულვარსა და გონიოს სანაპირო ზოლს ერთმანეთთან დააკავშირებდა, თანხა საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული.
კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გონიო-კვარიათის დამაკავშირებელი ხიდი უნდა აშენებულიყო, არის საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის განკარგულება, რომელსაც ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აწერს.
აღნიშნული განკარგულებით პრემიერ-მინისტრი ავალებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საქვეუწყებო დაწესებულებას - საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომ მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მოამზადოს.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაშენიანების საკითხი დღის წესრიგში არაერთხელ დადგა. ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე იყო საუბარი. ინფორმაციაში, რომელიც აჭარის ა/რ მთავრობის ერთიან პორტალზეა გამოქვეყნებული, წერია, რომ საქართველოს მთავრობამ კომპანია „Colliers International Specialist and Consulting UK LLP“-სთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ბაზრის კვლევა; განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება; ტერიტორიის ზონებად დაყოფა და ზონების კატეგორიის, კლასის განსაზღვრა; თითოეული ზონის სტრატეგიული დაგეგმარება.
2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, იმდროინდელმა პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აჭარაში არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხს უმასპინძლა. სტუმარი გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე მიიყვანეს. მაშინ მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ ტერიტორიაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელება იგეგმებოდა. ინვესტიციებზე სტუმარმაც ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს გონიოს განაღმვითი სამუშაოები განხორციელდა, ხოლო 2017 წელს Colliers International Specialist and Consulting UK LLP-მა ტერიტორიის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი მოამზადა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
2018 წელს თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა, გადაწყვეტილებისათვის რომ „აზიის ბანკს დაევალოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის გაკეთება“. ანუ იმ კვლევის, რომელიც ზემონახსენებმა კომპანიამ რამდენიმე წლით ადრე მოამზადა.
ბათუმის ბულვარის გაგრძელების, მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობისა და გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის განვითარების მიზნით კვლევის მომზადება, აზიის განვითარების ბანკის 2019 წლის ჩანაწერით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა. თუმცა უწყება შესაბამის დროში ვერ ჩაეტია. სამინისტრომ საქმის გაჭიანურების მიზეზად გარემოსდაცვითი ფაქტორი დაასახელა, კერძოდ ის, რომ ტერიტორიაზე გადამფრენი ფრინველების მარშრუტი გადის.
2020 წელს „ფაქტ-მეტრმა“ ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, შესრულდა, თუ - არა აჭარაში ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა, რომელიც გონიოს სანაპირო ზოლის განვითარების პროექტის შეძენასაც გულისხმობდა.
მიღებული პასუხის თანახმად, გონიოს სანაპირო ზოლის ნაწილის ქალაქმშენებლობითი პროექტის შესყიდვა ვერ მოხერხდა, რადგან მიმდინარეობს კონსულტაციები აზიის განვითარების ბანკთან. როგორც მოგვწერეს, კონსულტაციების საფუძველია ტერიტორიის დაგეგმარების საკითხის კომპლექსური გადაწყვეტის შესაძლებლობა, კერძოდ, ტერიტორიის დაგეგმარების პროცესში მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის დაპროექტებისთვის საჭირო წინასწარი კვლევების განხორციელება. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
ამჯერად კი, აჭარაში პრემიერ-მინისტრის სტუმრობისას გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაანონსებული გონიოს განვითარების პროექტი ჯერაც მომავლის პერსპექტივაა, რადგან როგორც ღარიბაშვილმა თქვა, მთავრობა, მისი დავალებით, კონცეფციაზე ახლა მუშაობს. ფაქტია, რომ 315 ჰა ტერიტორია კვლავ უფუნქციოა და მის განაშენიანებაზე, უკვე წლებია, ხელისუფლებისგან მხოლოდ დაპირებები გვესმის.