ანივარდ მოსოიანი: 2020 წელს გაიხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება
ვერდიქტი: არ შესრულდა
რეზიუმე
ანივარდ მოსოიანი ნინოწმინდის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ანივარდ მოსოიანის წინასაარჩევნო პროგრამის განათლების გრაფაში მითითებული იყო, რომ ნინოწმინდაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დაფუძნდებოდა.
მიუხედავად საარჩევნო პროგრამაში არსებული ზემოაღნიშნული პუნქტისა, პროფესიული სასწავლებლის გახსნის დაპირება მოსოიანს მერის თანამდებობაზე ყოფნისას აღარ გაუჟღერებია.
ნინოწმინდაში დღემდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება არ დაფუძნებულა, თუმცა ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს. ადგილობრივებს კოლეჯებში სასწავლებლად თბილისში უწევთ ჩასვლა, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და რისი საშუალებაც ყველას არ აქვს.
აქედან გამომდინარე, მერის საარჩევნო პროგრამაში მითითებული დაპირება პროფესიული სასწავლებლის გახსნის შესახებ, არ შესრულდა.
ანალიზი
ნინოწმინდის მოქმედი მერის ანივარდ მოსოიანის წინასაარჩევნო პროგრამის ბუკლეტში განათლების გრაფაში ეწერა: „საჭიროებების შესწავლის საფუძველზე შემუშავებული ქვეყნის მასშტაბით ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების გეგმის შესაბამისად, 2020 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შეიქმნება პროფესიული განათლების და/ან გადამზადების შესაძლებლობა - გაიხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დამოუკიდებელი იურიდიული პირის ან უკვე არსებული იურიდიული პირის ფილიალის სახით. მუნიციპალიტეტში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა კერძო სექტორის დაინტერესებისა და დასაქმების პერსპექტივების არსებობას ეფუძნება“.
ანივარდ მოსოიანის საარჩევნო პროგრამაში იგულისხმებოდა, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება 2013-2020 წლის პროფესიული განათლების რეფორმების სტრატეგიული სამოქმედო გეგმის ფარგლებში უნდა დაარსებულიყო. რეფორმების სამოქმედო გეგმაში რეგიონებთან დაკავშირებით დეტალურად წერია: „პროფესიული განათლების მრავალმხრივი შესაძლებლობების შექმნა გამოიწვევს განათლების მიღების მსურველთა რაოდენობის მატებას, რომლის უზრუნველყოფაც შესაძლებელია დამატებით სასწავლებლების შექმნით, განსაკუთრებით რეგიონებში. ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა კი მოითხოვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას პრაქტიკული უნარების გამომუშავებისთვის“
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში მითითებული არ არის, პროფესიული სასწავლებლის გახსნა დამატებით კონკრეტულად რომელ რეგიონში იგეგმებოდა.
2019 წლის პროფესიული განათლების სტრატეგიის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ახალი ლოკაციების განვითარების მიზნით (ახალქალაქი, ბორჯომი, მარნეული, წყალტუბო, ხაშური, ჩოხატაური, გორაბერეჟოული, კასპი, შუახევი) მუშაობა გრძელდებოდა.
ახალქალაქში მოქმედი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული მრავალპროფილიანი პროფესიული კოლეჯის დაარსების გადაწყვეტილება 2019 წელს იქნა მიღებული, ერთ-ერთი უფუნქციო შენობის რესტავრაცია განხორციელდა და კოლეჯმა სტუდენტების მიღება დაიწყო. 2021 წელს კოლეჯში მიღება 5 სასწავლო პროგრამაზე გამოცხადდა.
2020 წლის პროფესიული განათლების სტრატეგიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები (ახალი ლოკაციების აშენება და არსებული შენობების რეაბილიტაცია) შემდეგ რეგიონებში განხორციელდა: შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტში 200 სტუდენტზე გათვლილი, მულტიფუნქციური კოლეჯი აშენდა; გურიის რეგიონში, სოფელ გორაბერეჟოულში დასრულდა კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალის მშენებლობა; რუსთავის კოლეჯ „მოდუსის“ ახალი ფილიალი მარნეულში 2021 წლიდან 150 სტუდენტს მიიღებს; დასრულდა არსებული სასწავლო კორპუსების რეაბილიტაცია თელავში, ქობულეთსა და ქუთაისში; ხაშურის, ბორჯომის, წყალტუბოს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ახალი შენობების მშენებლობის მიმართულებით სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამასთან ერთად, მოსოიანის საარჩევნო პროგრამაში აღნიშნულია, რომ იგეგმებოდა „პროფესიული განათლების და/ან გადამზადების შესაძლებლობა“. გადამზადებასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს 2020 წლის ანგარიშში წერია: „სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკის შესაბამისად, გაგრძელდა მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხული მსმენელების სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. მათმა რაოდენობამ 2020 წელს 1,224 შეადგინა, 18 სახელმწიფო, 1 კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებასა და 4 არასაგანმანათლებლო დაწესებულებაში. საანგარიშო პერიოდში 632 მსმენელმა უკვე დაასრულა სასწავლო პროცესი. დაფინანსებული პროგრამები თბილისში, შიდა და ქვემო ქართლში, აჭარის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში განხორციელდა.“ ამ პუნქტში დაკონკრეტებული არ არის, თუ სამცხე- ჯავახეთის რეგიონიდან წარმოდგენილ მსმენელებში კერძოდ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან რამდენი იყო.
რაც შეეხება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნის და მომავალი დასაქმების ხელშეწყობის აუცილებლობას, ქვემოთ 2018-2019 წლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის მომზადებული ანგარიშის (TracerStudy) შედეგებია მოცემული. კვლევის მიხედვით, პროფესიული დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (86%) ფიქსირდება.
წყარო: საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ანგარიში
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალქალაქის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შემდეგ ბორჯომის კოლეჯის დაარსებაც დაანონსდა.
რაც შეეხება ნინოწმინდაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსების საჭიროებას, „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში ნინოწმინდის მკვიდრი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ კოლეჯებში სასწავლებლად თბილისში ჩასვლა და იქ სწავლა უწევთ. შესაბამისად, ზოგს დედაქალაქში ბინის ქირის და საყოფაცხოვრებო ხარჯების გაწევის სახსრები არ აქვს, ადგილობრივ კოლეჯში სწავლების შესაძლებლობას კი მოკლებულნი არიან.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივების ნაწილმა არც კი იცის, რომ მერის წინასაარჩევნო პროგრამაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსების შესახებ დაპირება არსებობდა, რაც გასაკვირი არ არის. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამ საკითხის საჯარო განხილვა არ ყოფილა. მერიის ფეისბუქ გვერდზე ერთადერთი პუბლიკაცია, სადაც სიტყვა პროფესიული გადამზადება არის ნახსენები, ჟვანიის სკოლის წარმომადგენლის მიერ პროფესიულ განათლების საჭიროების შესახებ მოწყობილი პრეზენტაციაა.
განხილულ მასალაზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანივარდ მოსოიანის დაპირება არ შესრულდა.