2021 წლის 12 აგვისტოს, Facebook-მომხმარებელი ზვიად ტომარაძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, ადამიანებს დაინფიცირებისგან პირბადის ტარება ვერ იცავს, რაც ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილების მიღებით დადასტურდა. ტომარაძე ასევე ამბობს, რომ კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტები კორონავირუსს და სეზონურ გრიპს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. რეალურად, ტომარაძის პოსტში გაჟღერებული მტკიცებები ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება.

მტკიცება: ტრანსპორტში ყველას ეკეთა პირბადე! ანუ აღიარეს რომ პირბადე არ იცავს...

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ზვიად ტომარაძე, პოსტში ამბობს, რომ ტრანსპორტში პირბადე ყველას ეკეთა და ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილებით, [მათ] აღიარეს, რომ „პირბადე არ იცავს“. რეალურად, ტომარაძის მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. 12 აგვისტოს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, სრულებით არ ნიშნავს, რომ პირბადეები ადამიანებს დაინფიცირებისგან არ იცავს. სინამდვილეში, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება, შიდა მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ახდენს.

ხოლო რაც შეეხება მტკიცებას, რომ პირბადეები კორონავირუსთან ბრძოლის არაეფექტური საშუალებაა, ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება. დღეისათვის, ვირუსთან დაკავშირებული ცოდნის ზრდასა და პირბადეების დეფიციტის აღმოფხვრასთან ერთად, ჯანდაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი თანხმდება, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ თანახმად, რა თქმა უნდა, პირბადე ვირუსისგან დაცვის 100%-იან გარანტიას არ წარმოადგენს, თუმცა სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას.

დღევანდელი მდგომარეობით, ამერიკის „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი“ (CDC) პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს როგორც არავაქცინირებულ ადამიანებს, მათ შორის - 2 წლამდე ასაკის ბავშვებს და სრულად ვაქცინირებულ სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებს. ასევე, CDC-ის რეკომენდაციის თანახმად, ვირუსის დელტა ვარიანტისგან თავდასაცავად და ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია, სრულად ვაქცინირებულმა პირებმა პირბადე დახურულ სივრცეში ხალხმრავალ შეკრებების დროსაც ატარონ.

ვირუსთან ბრძოლაში პირბადეების მნიშვნელობას საქართველოს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტი“ (NCDC) და მისი გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძეც, მუდმივად ხაზს უსვამს. გამყრელიძე მოქალაქეებს თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენების აუცილებლობისკენ მუდმივად მოუწოდებს.

დღეის მდგომარეობით, რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, პირბადეების ტარება სავალდებულოა ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, გაჩერებებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებულ სხვა შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მტკიცება: კორონავირუსის ტესტები გრიპს და კორონავირუსს ვერ არჩევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პანდემიის დაწყების პერიოდიდანვე, კორონავირუსის Covid-19-ის დიაგნოსტირების ტესტებთან დაკავშირებით არაერთი ყალბი ამბავი გავრცელდა, მათ შორის ის, რომ ტესტები რეალურად, კორონავირუსს ვერ ადგენენ და შესაბამისად, ყალბ დადებით პასუხს აფიქსირებენ.

Covid-19-ის დიაგნოსტირებისთვის სხვადასხვა ტიპის ტესტები გამოიყენება, ყველა მათგანი ორგანიზმში SARS-COV-2-ის ვირუსის არსებობას იკვლევს და მტკიცება, რომ ტესტები გრიპსა და კორონავირუსს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, აბსურდულია. PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებულ ნაცხში, SARS-COV-2-ის ანტიგენის განსაზღვრა ხდება. ანტისხეულების განმსაზღვრელი სწრაფი ტესტით სისხლში SARS-COV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა ხორციელდება.

რეალურად, ტომარაძის მტკიცება, რომ თითქოს კორონავირუსის ტესტები ერთმანეთისგან გრიპსა და კორონავირუსს ვერ არჩევს, სავარაუდოდ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ახალ პროტოკოლს უკავშირდება. 2021 წლის 21 ივლისს მიღებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) PCR ტესტების გადაუდებელი გამოყენებისთვის გაცემული ავტორიზაცია შეწყვეტის თხოვნით მიმართა, რომელიც 2020 წლის თებერვალში იყო გაცემული. ამასთანავე, CDC იმ ლაბორატორიებს, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტებს იყენებდნენ, ალტერნატიულ მეთოდებზე გადასვლას სთხოვს. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებით CDC-ს არც PCR ტესტების არაეფექტურობა უღიარებია და არც ის, რომ ეს ტესტები ერთმანეთისგან ჩვეულებრივ გრიპსა და კორონავირუსს ვერ არჩევენ. სინამდვილეში, CDC-მ რეკომენდაცია გასცა ისეთი ტესტირების მეთოდისთვის, რომელიც კორონავირუსთან ერთად, გრიპის ვირუსის იდენტიფიცირებასაც მოახდენს.

Covid-19-ის დიაგნოსტირების ტესტების მუშაობის მექანიზმსა და მათთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

ამრიგად, ზვიად ტომარაძის პოსტში გაჟღერებული მტკიცებები, რომ თითქოს ტრანსპორტის გაჩერებით პირბადეების არაეფექტურობა დადასტურდა და რომ PCR ტესტები კორონავირუსის დასადგენად არაეფექტური ტესტირების საშუალებაა, სიმართლეს არ შეესაბამება.

-------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.