იტვირთება

თეონა ჭალიძე: წინა წელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი პირველადი მოხმარების სურსათის ფასები, კომუნალური გადასახადების, ტრანსპორტის ფასები გაზრდილია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეონა ჭალიძის განცხადება არის სიმართლე.

2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით წლიური ინფლაციის ინფლაციის მაჩვენებელმა 11.9% შეადგინა. წლიური თვალსაზრისით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 14.1%-ით გაიზარდა, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები - 22.5%-ით, ხოლო საცხოვრებლის, წყლის, ელ.ენერგიის, აირის ჯგუფში ფასების 11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მიმდინარე სტატისტიკა, შინამეურნეობების შემოსავლების შესახებ, მონაცემებს 2020 წლამდე მოიცავს. შესაბამისად, 2021 წლის დინამიკის ანალიზი ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, ამჟამად შეუძლებელია. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, მოსახლეობის საშუალოთვიური რეალური შემოსავლები კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, ხოლო 2020 წელს, პანდემიური კრიზისიდან გამომდინარე, 2019 წელთან შედარებით არა თუ რეალური, არამედ მოსახლეობის ნომინალური საშუალოთვიური შემოსავლებიც შემცირდა, 1250 ლარიდან 1195 ლარამდე.

2019 წელთან შედარებით, 2020 წლისთვის, საშუალო თვიური რეალური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე ასევე შემცირდა. 2013 წლიდან, წლიური თვალსაზრისით, 12%-იანი ზრდა, ნომინალური შემოსავლების არცერთ კატეგორიაში არ ფიქსირდება. შესაბამისად, დიდი ალბათობით, განსახილველ პერიოდში, (2020 წლის ივლისი-2021 წლის ივლისი) მოსახლეობის რეალური შემოსავლები ასევე არ გაზრდილა.

თეონა ჭალიძემ, შემოსავლების ნაწილში მის განცხადებასთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრთან“ განმარტა, რომ შემოსავლებზე საუბრისას ზოგადი ვითარების შესახებ არსებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლებზე პოლიტიკოსისეული შეფასება, შემოსავლების ცვლილების წარსული ტენდენციის გათვალისწინებით, რეალობასთან შესაბამისად მიგვაჩნია, „ფაქტ-მეტრი“ განცხადების აღნიშნულ ნაწილს ვერდიქტზე მსჯელობის მიზნებისათვის არ აფასებს, რეფერირებადი უახლესი ოფიციალური მონაცემების არ არსებობიდან გამომდინარე და მხოლოდ ანალიზით შემოიფარგლება. ფასების ზრდის ნაწილში პოლიტიკოსის განცხადება კი სიმართლეს შეესაბამება.

ანალიზი

სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა: „წინა წელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი პირველადი მოხმარების სურსათის ფასები, კომუნალური გადასახადების, ტრანსპორტის ფასები გაზრდილია და ამ ფონზე არანაირი შემოსავალი ხალხს არ ეზრდება“.

დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე ერთი ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე იყო. სამომხმარებლო ინფლაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსით“ იზომება, რომელიც 12 მსხვილი ჯგუფის ფასებს მოიცავს, ესენია: 1) სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, 2) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, 3) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, 4) საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 5) ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება 6) ჯანმრთელობის დაცვა, 7) ტრანსპორტი, 8) კავშირგაბმულობა, 9) დასვენება, გართობა და კულტურა, 10) განათლება, 11) სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, 12) სხვადასხვა საქონელი და მომსახურება.

2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9% შეადგინა. წლიური თვალსაზრისით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (48.0%), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1%), რძე, ყველი და კვერცხი (15.4%), პური და პურპროდუქტები (12.4%), თევზეული (11.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3%, ყავა, ჩაი და კაკაო (4.7%). ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5%, ხოლო საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.4%-ით. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში ინფლაციის მატება მჭიდროდ უკავშირდება მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე, კერძოდ კი სურსათზე ფასების ზრდას.

შემოსავლებზე მსჯელობისას, განსახილველია შინამეურნეობის შემოსავლების სტატისტიკა, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მიმდინარე სტატისტიკა, მონაცემებს 2020 წლამდე მოიცავს. შესაბამისად, 2021 წლის დინამიკის ანალიზი ამჟამად შეუძლებელია. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, მოსახლეობის რეალური საშუალო თვიური შემოსავლები კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. 2019 წელთან შედარებით, 2020 წლისთვის, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე ასევე შემცირდა. 2013 წლიდან, წლიური თვალსაზრისით, 12%-იანი ზრდა შემოსავლების არცერთ კატეგორიაში არ ფიქსირდება. შესაბამისად, დიდი ალბათობით, განსახილველ პერიოდში, რეალური შემოსავლების ზრდა ასევე არ მომხდარა.

ცხრილი 1: მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები 2012-2020 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი