გიორგი ტატუაშვილი: ახალ სასწავლო წელს დმანისის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში სკოლები რეაბილიტირებული იქნება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ტატუაშვილის დაპირება ნაწილობრივ შესრულდა.
რეზიუმე: დმანისის მერიამ, 2020 წელს, რვა სკოლის რეაბილიტაციისთვის, 648 625 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერები გამოაცხადა, რომელთა მიზანიც მუნიციპალიტეტში, ახალი სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროცესის აღდგენამდე, სკოლების კეთილმოწყობა იყო.
დმანისის მერიამ, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სამ სკოლაში სველი წერტილები მოაწყო, ამდენივე სკოლაში ცენტრალური გათბობის სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა, ხოლო ორი სკოლის გარე პერიმეტრზე საპირფარეშოები ააშენა. სულ, რვა სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ჯამში, 550 845 ლარია დახარჯული.
თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სამუშაოები მხოლოდ რამდენიმე ობიექტზე იყო დასრულებული, უმეტესად სარეაბილიტაციო პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდა. ამასთანავე, შშმ პირთათვის ამ სკოლების შენობების ადაპტირება არ მომხდარა. ამავდროულად, სკოლის დირექტორებთან საუბრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები სკოლებში არსებულ საჭიროებებს არ პასუხობდა. ზოგ სკოლას გათბობის სისტემა სჭირდებოდა და სველი წერტილები მოაწყვეს, რამდენიმე სკოლაში კი შენობის რეაბილიტაცია იყო საჭირო, თუმცა მუნიციპალიტეტმა სკოლის გარეთ საპირფარეშო ააშენა.
„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ტატუაშვილის მიერ გაცემული დაპირება ნაწილობრივ შესრულდა.
ანალიზი
2020 წლის 12 აგვისტოს, საპარლამენტო არჩევნების წინ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, დმანისის რვა სოფლის სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მითითებულია, რომ აღნიშნულ სკოლებში ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. საუბარია გათბობის სისტემების, გადახურვის, სანიტარული კვანძების მოწყობისა და შენობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირების შესახებ.
დმანისის თვითმმართველობამ სოფელ იაღუბლოს სკოლის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის 24 თებერვალს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 110 734 ლარი იყო. ტენდერში შპს „ელიტმშენმა“ ( ს/კ 215140112) გაიმარჯვა და ხელშეკრულება 15 მარტს გაფორმდა. სამუშაოების სახელშეკრულებო თანხა 94 444 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტი 2020 წლის მეორე კვარტალში დაიწყო. პროექტის ფარგლებში სოფელ იაღუბლოს სკოლის შენობის ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა.
კიდევ ერთი - სოფელ კამარლოს სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის 105 134 ლარის სავარაუდო ღირებულებით ტენდერი 2020 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა, რომელიც ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებდა. ხელშეკრულება კვლავ შპს „ელიტმშენთან“ დაიდო. ხელშეკრულების ღირებულება 92 432 ლარს შეადგენს. მიმწოდებელი ვალდებული იყო, სამუშაოები 60 ( სამოცი) კალენდარული დღის ვადაში ანუ 15 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში დაესრულებინა. დამკვეთმა პროექტი 15 ოქტომბერს ჩაიბარა.
იმავე პერიოდში სოფელ სარკინეთის სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმეს, ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 56 კალენდარულ დღეში ანუ 7 ივლისის ჩათვლით პერიოდში უნდა დაესრულებინა. სახელშეკრულებო ღირებულება 74 999 ლარი იყო. საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი 2020 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა. ინდმეწარმისთვის გადახდილი თანხის მოცულობა 51 401 ლარს შეადგენს.
2020 წლის პირველი კვარტალში მუნიციპალიტეტმა 104 718 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი სოფელ მაშავერას სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოაცხადა. პროექტით გათვალისწინებული იყო სკოლის შენობაზე საპირფარეშოს გარე ქსელის მიშენება. შპს „კომპლექს კონსტრაქშენმა“ სამუშაოები 5 მაისს დაიწყო და ხელშეკრულების დადებიდან 50 კალენდარულ დღეში ანუ 10 ივლისამდე უნდა დაესრულებინა. თუმცა სახელშეკრულებო პირობები ექვსჯერ შეიცვალა, მათ შორის - ვადებთან დაკავშირებითაც. საბოლოოდ შემსყიდველმა პროექტი 16 ოქტომბერს ჩაიბარა.
2020 წლის 24 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტმა სოფელ იფნარის სკოლის შენობის ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშოები შპს „თურსისგან“ შეისყიდა. მიმწოდებელს პროექტი 60 კალენდარულ დღეში უნდა შეესრულებინა. აღნიშნულ სამუშაოებში მუნიციპალიტეტმა 84 649 ლარი გადაიხადა და 2020 წლის 30 ნოემბერს ჩაიბარა.
რაც შეეხება სოფელ კარაბულახის სკოლის სველი წერტილების მოწყობას, ტენდერი 2020 წლის 15 ივნისს გამოცხადდა. ხელშეკრულება „პალი ჯორჯიასთან“ გაფორმდა. კომპანია ვალდებული იყო, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განეხორციელებინა.
თუმცა სახელშეკრულებო პირობების ცვლილებები ვადებსაც შეეხო და 2021 წლის 30 იანვრამდე გახანგრძლივდა.
კარაბულახის სკოლის დირექტორმა „ფაქტ-მეტრს“ უთხრა, რომ სკოლაში საჭირო ოყო გათბობის სისტემის მონტაჟი და არა სველი წერტილების მოწყობა, რის თაობაზეც მან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, თუმცა - უშედეგოდ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, სკოლის ბიუჯეტის ხარჯზე, შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
2020 წლის 16 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტმა სოფელ ზემო ორზუმანის საჯარო სკოლის საპირფარეშოს სარეაბილიტაციო სამუშაოებიც შეისყიდა. შპს „დაჩი ჯგუფთან“ 15 ივლისს დადებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები არა უგვიანეს 31 აგვისტომდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, სამუშაოების ჩაბარების ვადა 14 სექტემბრამდე გადაწიეს. შემსყიდველმა სამუშაოები 2020 წლის 13 ნოემბერს მიიღო.
იმავე პერიოდში მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი სოფელ დაგარახლოს სკოლის სველი წერტილების მოსაწყობად. ტენდერში შპს „პალი ჯორჯიამ“ გაიმარჯვა. კომპანიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის დღეს ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს, რომელიც ვადის 15 დეკემბრის ჩათვლით გაზრდას გულისხმობდა. ამის შემდეგ კომპანიას ვადა კიდევ გაუხანგრძლივდა, ამჯერად 2021 წლის 30 იანვრის ჩათვლით. მიმწოდებელმა სამუშაოები 2021 წლის 18 მარტს ჩააბარა.
აღნიშნულ ტენდერებში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრი“ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ლევან მანთაშაშვილს დაუკავშირდა. „არ მახსოვს კონკრეტულად რა მოხდა, მოგვიანებით შესაბამისი პასუხებით დაგიბრუნდებით”, - გვითხრა პასუხისმგებელმა პირმა, თუმცა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.
სკოლის დირექტორებთან საუბრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები სკოლებში არსებულ საჭიროებებს არ პასუხობდა. ზოგ სკოლას გათბობის სისტემა სჭირდებოდა და სველი წერტილების მოაწყვეს, რამდენიმე სკოლაში კი შენობის რეაბილიტაცია იყო საჭირო, თუმცა მუნიციპალიტეტმა სკოლის გარეთ საპირფარეშო ააშენა.
ამ ეტაპზე დაპირების ნაწილი შესრულებულია, ან შესრულების პროცესშია. პანდემიისა და არასრული ვადის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ტატუაშვილის მიერ გაცემული დაპირება ნაწილობრივ შესრულდა.