ზაურ დარგალი: 2019 წელს მარნეულში ტურისტული ცენტრი აშენდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაურ დარგალის წინასაარჩევნო დაპირება ნაწილობრივ შესრულდა.
რეზიუმე: 2019 წელს, მერობის კანდიდატის რანგში, ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ტურისტული საინფორმაციო ცენტრის აშენებას დაჰპირდა. იმავე წელს სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ“ პროექტის განხორციელებისთვის 60 646 ლარი გამოყო. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც მარნეულის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აშენდა. თუმცა იმ ფუნქციებს, რაც მას უნდა შეესრულებინა, ვერ ასრულებს. კერძოდ: ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გავრცელება, საინფორმაციო ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება - ამ საქმიანობას ტურისტული ცენტრი დღემდე ვერ ახორციელებს. ჩვენ ვცადეთ, გაგვერკვია, რატომ არ ფუნქციონირებს აღნიშნული ობიექტი, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა არც წერილზე და არც სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხეს.
შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაურ დარგალის წინასაარჩევნო დაპირება ნაწილობრივ შესრულდა.
ანალიზი
2019 წელს, მერობის კანდიდატის რანგში, ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ტურისტული საინფორმაციო ცენტრის აშენებას დაჰპირდა. ეს დაპირება შეტანილია „ქართული ოცნების“ ბროშურაში, რომელიც არჩევნების წინ გამოქვეყნდა.
სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ“ მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობის შესყიდვის მიზნით, ტენდერი (NAT190003179) 2019 წლის 12 თებერვალს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 65 118 ლარი იყო. ტენდერში შპს „კომპლექს კონსთრაქშენმა“ გაიმარჯვა. 22 მარტს დადებული ხელშეკრულების ღირებულებამ, საბოლოოდ, 59 746 ლარი შეადგინა. სამუშაოები 2019 წლის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 98 კალენდარულ დღეში უნდა განხორციელებულიყო.
პროექტი, ფაქტობრივად, დადგენილ ვადებში განხორციელდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ სახელშეკრულებო ღირებულება საკმარისი არ იყო. ამიტომ, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და მისმა ღირებულებამ 64 024 ლარი შეადგინა.
საბოლოოდ კი ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კომპანიას 60 646 ლარი გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ შპს „კომპლექს კონსთრაქშენი“ დაფუძნებულია 2018 წლის 2 მარტს ლევან მოსეშვილის მიერ, რომელმაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2016 წელს - 9 ლარი, 2018 წელს - 22 000 ლარი და 2020 წელს 35 000 ლარი შესწირა. ზემოაღნიშნული კომპანიის პირველი პროექტი მარნეულში ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა იყო. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობდნენ ისეთი გამოცდილი შპს-ები, როგორიცაა: „შპს ტენდექსი“, „შპს არქიტრავი“, „გლობალ სტანდარტმშენი“, მაგრამ ყველაზე დაბალი ფასი (59 746 ლარი) შპს „კომპლექს კონსთრაქშენის“ მიერ იყო შეთავაზებული. საინტერესოა, რომ „შპს ტენდექსის“ შეთავაზება 64 467 ლარი, „შპს არქიტრავის“ - 64 418 ლარი და შპს „გლობალ სტანდარტმშენის“ კი 64 000 ლარი იყო, ანუ უფრო ნაკლები, ვიდრე საბოლოოდ შემსყიდველმა კონტრაქტორ კომპანიას გადაუხადა.
მარნეულის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში ელგუჯა კუპატაძე 2020 წლის ივნისში, რადიო მარნეულთან საუბრისას განმარტავდა, რომ მარნეულის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მოწყობა დასასრულს უახლოვდება და პროცესში, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ისე USAID და ადგილობრივი თვითმმართველობა არიან ჩართული. მას შემდეგ კიდევ ერთი წელი გავიდა, ცენტრი კი არ ფუნქციონირებს.
ტენდერის მიხედვით, ცენტრმა ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიძიოს და გაავრცელოს, შექმნას საინფორმაციო ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზა და მისი მუდმივი განახლება უზრუნველყოს. უკვე ორი წელია, რაც შენობა დგას, მაგრამ აღნიშნულ საქმიანობა არ/ვერ ხორციელდება.
„ფაქტ-მეტრი“ არ გამორიცხავს, რომ ტურისტული ცენტრის ფუნქციონირებას ხელი კოვიდპანდემიამ შეუშალა. ბუნებრივია, ამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, როგორც წერილობითი, ისე სატელეფონო ზარით ვცადეთ, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში პასუხი ვერ მივიღეთ.
აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ზაურ დარგალის დაპირება ნაწილობრივ შესრულდა.