ბექა ქორჩილავა: ღარიბაშვილმა შინდისის მემორიალთან გმირთა მონუმენტის დადგმის დაპირება არ შეასრულა
ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე
რეზიუმე: შინდისის მემორიალთან დაღუპული 17 გმირის მონუმენტის დადგმის დაპირება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 2018 წელს გააჟღერა. მაშინდელი მინისტრის, ლევან იზორიას ინფორმაციით, პროექტის გასაგრძელებლად თავდაცვის სამინისტროს 100,000 ლარი გამოყოფილი ჰქონდა. 2018 წლის თებერვალში მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე აცხადებდა, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი და მეტალის ფიგურების დამზადება ორ თვეში დასრულდებოდა. შინდისში კი ძეგლისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე სამუშაოები 2019 წელს დაიწყეს და საძირკველიც ჩაასხეს, თუმცა დაპირებული მონუმენტი ამ დრომდე არ ჩანს.
მემორიალის ასაშენებლად სულ 1,160,000 ლარი შეგროვდა. ამ თანხიდან 930 ათასი ლარი (2018 წლის 27 თებერვალი - 100,000 ლარი, 2018 წლის 13 ივლისი - 530,000 ლარი, 2018 წლის 8 ნოემბერი - 300,000 ლარი) თავდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ გამოყო, დარჩენილი 230 ათასი კი სხვა სახელმწიფო უწყებებმა და ფიზიკურმა პირებმა შეაგროვეს.
შესაბამისად, 2018 წელს თავდაცვის მაშინდელი მინისტრის მიერ გაცემული დაპირება 3 წლის შემდეგაც ისევ დაპირებად რჩება. გაიმეორა, თუ - არა 2020 წლის აგვისტოში უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა მისი წინამორბედის, ლევან იზორიას დაპირება, მონუმენტის მომავალი წლისთვის დადგმის შესახებ, ღია წყაროებზე დაყრდნობით, ვერ დგინდება. ამიტომ „ფაქტ-მეტრი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბექა ქორჩილავას განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ანალიზი
„იძებნება სოფელ შინდისში დაპირებული გმირთა მონუმენტი! ერთი წლის წინ, მაშინდელი თავდაცვის და ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საჯაროდ დაპირდა მოსახლეობას და დაღუპული სამხედროების ოჯახებს, რომ მომავალ წელს აქ დადგამდნენ მონუმენტს, ეს იყო მატყუარა პრემიერის მორიგი ტყუილი დაპირება”, - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბექა ქორჩილავა.
„ფაქტ-მეტრთან“ საუბარში ქორჩილავამ დააზუსტა, რომ მისი ინფორმაციით, მონუმენტი მზადაა, თუმცა ზაჰესიდან ტრანსპორტირების და ადგილზე მონტაჟის თანხებს ამ დრომდე არცერთი უწყება არ გასცემს, რის გამოც მისი თქმით, შინდისში მონუმენტის გახსნა გაჭიანურდა.
2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე შინდისში თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ლევან იზორია ჩავიდა და გარდაცვლილის ახლობლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მათი სახელობის მონუმენტის დადგმას დაჰპირდა.
„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამ 17 გმირის სულების უკვდავსაყოფად. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქ აშენდეს მემორიალი მთავრობის ადმინისტრაციამ და თავდაცვის სამინისტრომ ამისთვის გარკვეული თანხები გამოყო და გპირდებით, რომ მომავალ წელს ჩვენ შინდისში ამ 17 გმირის ახალ მემორიალს გავხსნით“- აღნიშნა (4:00) ლევან იზორიამ.
ბრინჯაოს ძეგლის ასაგებად ჯამში მილიონ ლარამდე უნდა დახარჯულიყო. საქართველოს მთავრობამ ამისთვის 530,000 ლარი, თავდაცვის სამინისტრომ კი 400,000 ლარი გამოყო. ამ დროისთვის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სპეციალური ბანერი, რომელზეც 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიციაა გამოსახული. იქვე ახლოს კი ომიდან 13 წლის თავზე მხოლოდ 2 ფიგურაა განთავსებული.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრმა“ თავდაცვის სამინისტროს წერილობით მიმართა. საპასუხო წერილში უწყება მონუმენტის ადგილზე დამონტაჟების გაჭიანურების მიზეზებს არ განმარტავს და არც ძეგლის დადგმის თარიღს აკონკრეტებს.
„მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყების მხრიდან აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს“,- აღნიშნულია წერილში.
თავდაცვის სამინისტროს ეჭვი თანხის მითვისებაზე აქვს, თუმცა იმის გამო, რომ მემორიალის მშენებლობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციასთან სამართლებრივი ურთიერთობა არ აქვთ, სასამართლოში ვერ უჩივიან.
პრესსამსახურის ინფორმაციით, „შინდისის გმირების მემორიალის ფონდის“ თანამშრომლების მხრიდან შესაძლო თაღლითობის საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისა და გაფლანგვისთვის დგება.
მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე მონუმენტის დადგმის გაჭიანურებულ პროცესს ტექნიკური სირთულეებით ხსნის და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას დაფინანსების შეწყვეტის შესახებ.
დაპირების მიხედვით, გმირთა მონუმენტი შინდისში 2019 წლის აგვისტოში უნდა გახსნილიყო, რაც არ შესრულდა. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებული განცხადების ეს ნაწილი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა დაპირების ავტორი არა ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ ლევან იზორია იყო. ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის რანგში აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე ნამდვილად იმყოფებოდა შინდისში გმირთა მემორიალთან, თუმცა მისი მხრიდან გაკეთებული განცხადება აღნიშნული ძეგლის დადგმის შესახებ ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება.
რეალობა ასეთია, 2018 წელს თავდაცვის მაშინდელი მინისტრის მიერ გაცემული დაპირება 3 წლის შემდეგაც ისევ დაპირებად რჩება. გაიმეორა, თუ - არა 2020 წლის აგვისტოში ირაკლი ღარიბაშვილმა მისი წინამორბედის, ლევან იზორიას დაპირება, მონუმენტის მომავალი წლისთვის დადგმის შესახებ, ღია წყაროებზე დაყრდნობით, ვერ დგინდება. ამიტომ „ფაქტ-მეტრი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბექა ქორჩილავას განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ამ საკითხზე პასუხების გაცემა შესაბამის უწყებებს, სავარაუდოდ, 11 აგვისტოს მოუწევთ. ტრადიციულად, სწორედ ამ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები შინდისში იკრიბებიან და 2008 წელს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
სამწუხაროდ, შინდისის ბრძოლიდან 13 წლის თავზეც მემორიალი ისევ დაუსრულებელია.