Facebook-ზე ვირუსულად ვრცელდება ვიდეო-მასალა, რომელიც ასახავს ერთ-ერთი ვიდეო-თამაშის, სახელად PANDEMIC-ის მოკლე სიუჟეტს. მასალას თან პოსტის ავტორის აღწერა ერთვის, სადაც ვიდეო-თამაშის შინაარსზეა საუბარი. პოსტის ავტორის მტკიცებით, Xbox-თამაში 2019 წლის 1 აგვისტოს გამოუშვა microsoft-მა და მათ ეს საზოგადოების მოსატყუებლად გააკეთეს. პოსტის ავტორი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვიდეო თამაში დღეს მიმდინარე პანდემიის წინასწარგაწერილი გეგმაა. მასალა გაზიარებულია შემდეგ ჯგუფებში: “კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა”, “კორონა მაფია”.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან შეთქმულების თეორია - თითქოს, პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი, აქტიურად ვრცელდება. ამის საფუძვლად კი ის ვიდეო-თამაშები, ფილმები თუ სიმულაციები მოჰყავთ, რომლებშიც პანდემიის მსგავსი სიუჟეტია განვითარებული. ერთ-ერთი მათგანია თამაში Pandemic. Pandemic არის სამაგიდო თამაში, რომელიც მეთ ლიკოკმა შექმნა. თამაში პირველად 2008 წელს Z-Man Games-ის მიერ შეერთებულ შტატებში გახდა ხელმისაწვდომი. თამაშის შინაარსი შემდეგია: მსოფლიოში ოთხი სახის დაავადება გავრცელდება, რომლებიც გავრცელების რეგიონებს განადგურებით ემუქრება. თამაშში 2-4 ადამიანი მონაწილეობს და 7 შესაძლო როლიდან (ექიმი, მეცნიერი, მკვლევარი, ოპერაციების ექსპერტი, ტრანსპორტის მომწესრიგებელი, საგანგებო სიტუაციების მმართველი ან საკარანტინო სპეციალისტი) თითოეული თითოს ირგებს. თამაშის მიზანი ამ ოთხივე დაავადებისგან განკურნების საშუალებების აღმოჩენაა. ლიკოკმა თამაშის დიზაინის შექმნა 2004 წელს დაიწყო. მან საფუძვლად აიღო 2002–2004 წლებში გავრცელებული SARS– ის ვირუსი. 2019 წელს სამაგიდო თამაშმა ვირტუალურ სამყაროშიც შეაღწია და ხელმისაწვდომი გახდა Microsoft-ის ვიდეო თამაშების კონსოლზე, Xbox One-ზე.
Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული პოსტი და მისი ინტერპრეტაცია მკითხველისთვის მანიპულაციურად არის მიწოდებული. დაახლოებით მსგავსად შესაძლებელია, რომ ფილმ „დაინფიცირებას“ (contagion) კონსპირაციული ინტერპრეტაციით, წინასწარმეტყველება ვუწოდოთ, რადგან ფილმში ვირუსით გამოწვეული პანდემია მთელს მსოფლიოში ვრცელდება. ფილმის სცენარში, ვირუსის თავდაპირველ გამავრცელებლად კი ღამურაა დასახელებული. ამდენად, ფილმისა თუ თამაშების ინტერპრეტაციით კორონავირუსის წინასწარ დაგეგმილ პანდემიად გამოცხადება, აბსურდულია. აღნიშნული ვიდეოთამაშის მსგავსად, კონსპირაციები 2019 წლის 18 ოქტომბერს ნიუ-იორკში ჩატარებული „ღონისძიება 201“-ის გარშემოც ვრცელდებოდა. ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ღონისძიება სიმულაციური, სცენარზე დაფუძნებული დისკუსიების სერიას წარმოადგენდა, რომელიც მიზნად შესაძლო გლობალურ გამოწვევებთან და მსოფლიო კრიზისებთან გასამკლავებლად გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების და მომზადების დონის გაზრდას ისახავდა. ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრმა კითხვაზე - იყო, თუ - არა, აღნიშნული სიმულაცია მიმდინარე პანდემიის წინასწარმეტყველება, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართალია, მათ შექმნეს პანდემიის გამოგონილი სცენარი, თუმცა ეს არ იყო მოვლენების წინასწარი პროგნოზი.
ამრიგად, ყოველთვის არსებობს შანსი, რომ რაც ვიდეოთამაშში, ფილმებსა თუ სიმულაციებში ხდება, რეალობაშიც განმეორდეს. ამგვარი სიმულაციების, თამაშების, ფილმების მანიპულაციურად ახსნა მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.