4 აგვისტოს სოციალურ ქსელში სხვადასხვა Facebook-მომხმარებლის მიერ ერთი და იმავე შინაარსის დეზინფორმაციული პოსტები გამოქვეყნდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). მასალის თანახმად, მეცნიერთა ჯგუფმა სენატორ კენედის მეთაურობით აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ენტონი ფაუჩისა და ბილ გეითსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამავე პოსტის თანამხმად, კენედიმ ფაუჩსა და გეიტსს სასამართლო პროცესი მოუგო, რის შედეგადაც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ არცერთი ვაქცინა უსაფრთხო არ არის და საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი გააუქმა. ამასთან ერთად, პოსტში გაჟღერებულია ი-რნმ ვაქცინებთან დაკავშირებული ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციული მტკიცება, თითქოს ვაქცინა ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ვაქცინირებულის დნმ-თან ინტეგრირდება და ინდივიდის გენეტიკურ ინფორმაციას ცვლის. პოსტის მიხედვით, კოვიდვაქცინები გენური იარაღია, რისი საშუალებითაც კაცობრიობა უნდა გაანადგურონ.

რეალურ საფუძველს მოკლებული მსგავსი შინაარსის მტკიცებები, რომლებიც კოვიდვაქცინებზე მუშაობის დაწყებიდან დღემდე აქტიურად ვრცელდება, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს საფრთხის ქვეშ აყენებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

რეალურად, პოსტში ნახსენები რობერტ კენედი უმცროსი (აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის ძმისშვილი) სენატორი არ არის და არც ყოფილა, ის ცნობილი ამერიკელი ანტივაქსერი ადვოკატია, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიებსა და დეზინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. რობერტ კენედი ანტივაქსერული ადვოკატირების ჯგუფის თავმჯდომარეა. რობერტ კენედი უმცროსმა ფაუჩი რამდენჯერმე დაადანაშაულა, კოვიდვაქცინების მწარმოებლებისთვის ვაქცინის კვლევის პროცესში ცხოველებზე გამოცდის ფაზის გამოტოვებასა და ცდების პირდაპირ ადამიანებზე ჩატარების უფლების მიცემაში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. რობერტ კენედის ბილ გეიტსისა და ენტონი ფაუჩის წინააღმდეგ ვაქცინებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი არ დაუწყია.

სასამართლო პროცესი, რომელიც რობერტ კენედი უმცროსის სახელთანაა დაკავშირებული, აშშ-ის ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული სერვისების დეპარტამენტის (HHS) წინააღმდეგ ანტივაქსერული ორგანიზაცია ICAN-ის (Informed Consent Action Network) სახელით შეტანილ საჩივართან დაკავშირებით გაიმართა. რობერტ კენედიმ ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული სერვისების დეპარტამენტს 2018 წლის ივლისში ნიუ იორკის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის თავისუფლების აქტის დარღვევის გამო უჩივლა. სარჩელი ვაქცინების უსაფრთხოებასთან არანაირ კავშირში არ ყოფილა. საქმე ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ICAN-ისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდების დაგვიანებას ეხებოდა. შესაბამისად, კენედის მიერ მომზადებული სარჩელი სავალდებულო ვაქცინების გაუქმებასთან არ არის დაკავშირებული. სარჩელში არც ბილ გეითსი და არც ენტონი ფაუჩი არ ფიგურირებენ.

რაც შეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ი-რნმ ვაქცინის გარშემო ფართოდ გავრცელებულ მტკიცებას, თითქოს ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ცვლის, რეალურ საფუძველს მოკლებულია. ი-რნმ ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალურ ვებგვერდზე ნათლად და გარკვევით წერია, რომ რნმ ვაქცინები ადამიანის უჯრედის ბირთვში, სადაც ჩვენი დნმ არის მოთავსებული, ვერ აღწევს. შესაბამისად, მასში არანაირი ცვილების შეტანა არ შეუძლია.

ი-რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინების - Pfizer-ისა და Moderna-ს, მოქმედების მექანიზმი ტრადიციული გზით დამზადებული ვაქცინებისგან განსხვავდება. ი-რნმ ვაქცინები ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს. ის ადამიანის ორგანიზმს ვირუსის წვეტოვანი (ე.წ. სპაიკ) ცილის შესახებ ინფორმაციას გადასცემს. ვაქცინა მკლავის ზედა კუნთში კეთდება. ვაქცინაციის შემდეგ ი-რნმ იმუნურ უჯრედებს აწვდის ინფორმაციას, თუ ორგანიზმმა ხელოვნურად წვეტოვანი ცილები როგორ უნდა აწარმოოს. მას შემდეგ, რაც ორგანიზმში წვეტოვანი ცილების გარკვეული რაოდენობა სინთეზირდება, რნმ-ის მოლეკულა იშლება და ორგანიზმი მისგან თავისუფლდება. ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი წვეტოვანი ცილები ორგანიზმისთვის უცხო სხეულია. ამას ადამიანის იმუნური სისტემა აცნობიერებს და იწყებს მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას და ამ წვეტოვანი ცილების განეიტრალებას. შესაბამისად, ორგანიზმი ვაქცინის ხარჯზე სწავლობს, მომავალში COVID-19-ის ვირუსით შესაძლო დაინფიცირების შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს. ამრიგად, ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა. ვაქცინა ადამიანის გენეტიკას არ ცვლის.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.