იტვირთება

28 ივლისს, სოციალურ ქსელში Facebook-ის მომხმარებლის თაკო ცერცვაძის კომენტარის სქრინი გავრცელდა. ავტორი ირწმუნება, საავადმყოფოში ყველა აცრილი უფრო მძიმედაა, ვიდრე აუცრელები. მისივე მტკიცებით, „[ვაქცინა] არანაირად არ იცავს“ და მოუწოდებს საზოგადოებას არ აიცრან.

ჩვენ დავუკავშირდით თაკო ცერცვაძეს, ის ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ მან Facebook-ზე ნამდვილად დაწერა აღნიშნული კომენტარი. მისივე თქმით, ის ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია და ბათუმის ერთ-ერთი კლინიკიდან 3 დღის წინ გამოწერეს. თუმცა ჩვენთან საუბარში მან არ დააკონკრეტა კლინიკა, სადაც მკურნალობდა, კომუნიკაციაში მხოლოდ მტკიცებით შემოიფარგლა, რომ „აცრა არანაირად არ იცავს“. ვინაიდან, პოსტის ავტორი კლინიკას, სადაც ის მკურნალობდა, არ ასახელებს, ჩვენ ვერ გადავამოწმებთ, როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენად შეესაბამება ის აღწერილს. შესაბამისად, მოცემულ კლინიკაში სხვა პაციენტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც უცნობი რჩება.

ვაქცინაცია 100%-იან დაცვას არ გულისხმობს. SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. ამ ეტაპზე მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, დელტა ვარიანტია (ე.წ. ინდური შტამი) დომინანტური. ახალ შტამებზე კოვიდვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, თუმცა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც შესაბამისი კვლევებით დასტურდება. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტავს, „ყველა ავტორიზებული ვაქცინა გვიცავს დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან, ყველა შტამის შემთხვევაში. ვაქცინირებულ მოსახლეობაში ტრენდს თუ დავაკვირდებით, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდეა“. ამრიგად, მტკიცება, რომ ვაქცინა არანაირად არ გვიცავს, არის ყალბი ამბავი.

რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ვაქცინირებულ პირში შესაძლოა, დაავადება მძიმედ მიმდინარეობდეს. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - პაციენტის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასაკზე და ა.შ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ვაქცინაცია რისკების მკვეთრად შემცირებას ნიშნავს და არა 100%-იან დაცვას. პოსტში გამოთქმული მტკიცება, რომ „საავადმყოფოში ყველა აცრილი უფრო მძიმედაა, ვიდრე აუცრელები“, არის დაუსაბუთებელი და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ COVID-19 ვაქცინირებულ პირებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის (NCDC) 15 მარტი-15 ივლისის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით სრულად ვაქცინირებული [1] პირების მხოლოდ 0.19% დაინფიცირდა. ვაქცინირებულ პირებში, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით, მხოლოდ 4%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. საანგარიშო პერიოდში, ორი დოზით აცრილ პირებში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღნიშნული მონაცემები, ადასტურებს, რომ ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების მძიმე გართულების რისკს და სიკვდილისგან იცავს.

საანგარიშო პერიოდში, მინიმუმ ერთი დოზით აცრილთა შორის COVID-19-ით ლეტალობის მაჩვენებელი 0.99%-ია (12 შემთხვევა). შედარებისთვის, ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, 18 წელს ზევით პოპულაციაში COVID-19-ით ლეტალობის მაჩვენებელი 2.16%-ია. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაქცინის ერთი დოზაც კი სიკვდილის რისკს ამცირებს.

[1] სრულად ვაქცინირებულად მიიჩნევა პირი, როდესაც მეორე დოზით აცრიდან გასულია სულ მცირე 2 კვირა, რაც საჭიროა ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის.

----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი