იტვირთება

იაგო ხვიჩია: ციხეში პატიმართა რაოდენობით ვართ მესამე ადგილზე ევროკავშირში [ევროპის საბჭო], თურქეთის და რუსეთი შემდეგ. დიდი ნაწილი პატიმრების მოდის ნარკოტიკების გამო დაპატიმრებულ ადამიანებზე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, იაგო ხვიჩიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სულ 9806 პატიმარი იმყოფება, ანუ ყოველ 100 000 მოსახლეზე 264 პატიმარი მოდის. საქართველო ამ მაჩვენებლით ევროპის საბჭოს 47 ქვეყანას შორის, მე-3 ადგილზეა და მხოლოდ რუსეთსა და თურქეთს ჩამორჩება. ამასთან, საქართველოს მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელზე 2.3 - ჯერ მაღალია. ამასთან, დაპატიმრებულთაგან ყველაზე მეტი, 26 % ნარკოდანაშაულის გამო არის გასამართლებული.

ანალიზი:

2021 წლის 25 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. ნარკოპოლიტიკის მოსალოდნელ გამკაცრებასთან დაკავშირებით, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პრემიერ-მინისტრს კითხვით მიმართა და სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ „საქართველო, ციხეში პატიმართა რაოდენობით (საქართველო) ვართ მესამე ადგილზე ევროკავშირში, თურქეთის და რუსეთი შემდეგ და დიდი ნაწილი პატიმრების მოდის ნარკოტიკების გამო დაპატიმრებულ ადამიანებზე“.

2021 წლის 8 აპრილს პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ, ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პენიტენციურ სისტემებში არსებულ მდგომარეობას ეხება. ანგარიშის მიზანია, შეისწავლოს პატიმართა მიმართ არსებული დამოკიდებულება, საპატიმრო სასჯელის გამოყენების თავისებურებები, საპატიმრო დაწესებულებებში აღებული მდგომარეობა და აღნიშნულის საფუძველზე ზოგადი ტენდენციები გამოკვეთოს. ანგარიშში დამუშავებულია პენიტენციური სისტემის სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის: პატიმრების რაოდენობა, თავისუფლების აღკვეთის მაჩვენებელი, ციხეების გადატვირთულობა, ქალთა და არასრულწლოვანთა წილი ციხეებში, დანაშაულის ტიპები, ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაწეულ ხარჯები და ა.შ. 8 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში მონაცემები 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობითაა დამუშავებული.

სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სულ 9806 პატიმარი იმყოფება, ანუ ყოველ 100 000 მოსახლეზე 264 პატიმარი მოდის. საქართველო ამ მაჩვენებლით ევროპის საბჭოს 47 ქვეყანას შორის, მე-3 ადგილზეა და მხოლოდ რუსეთსა და თურქეთს ჩამორჩება. ამასთან, საქართველოს მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელზე 2.3-ჯერ მაღალია.

ცხრილი 1: 100 000 მოსახლეზე პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ევროპის საბჭო ქვეყნების ათეული.

წყარო: პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიში.

საყურადღებოა ისიც, რომ მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ბოლო 2010-2020 წლებში, საქართველოს მაჩვენებელი ყველაზე მკვეთრად შემცირდა. 2010 წელს საქართველოში 100 000 მოსახლეზე 534 პატიმარი იყო. 2020 წელს 2010 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 50.6 %-ით არის შემცირებული. რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს 2013-2014 წლებში ჰქონდა, რაც 2012-2013 წლებში განხორციელებული მასშტაბური ამნისტიით შეიძლება აიხსნას.

ცხრილი 2: 100 000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის საქართველოს მაჩვენებელი 2010-2020 წლებში.

წყარო: პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიში; საქსტატი.

რაც შეეხება დანაშაულების სტატისტიკას, საქართველოში გასამართლების უდიდესი წილი - 26% ნარკოდანაშაულზე მოდის, შემდეგია - ქურდობა (19.6%), მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა (11.9%), ეკონომიკური/ფინანსური დანაშაულები (11%), ძარცვა (1.60%) და თავდასხმა და ცემა (1.8%). აღსანიშნავია, რომ ნარკოდანაშაული ევროპის საბჭოს სივრცეშიც დაპატიმრების წამყვანი მიზეზია და ყველა წევრი სახელმწიფოს ციხის პოპულაციის 17.7%-ს შეადგენს.

ზემოხსენებულ მაჩვენებლებთან ერთად, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველო იმ ქვეყნების პირველ ხუთეულშია, სადაც პატიმართა სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა: ისლანდია (0), შვედეთი (7), ფინეთი (7,1), საქართველო (10,6) და ჩეხეთის რესპუბლიკა (10,8). პატიმართა სიკვდილიანობის საშუალო ევროპული მაჩვენებელი 26,3-ია. ასევე, საქართველოში ციხეების გადატვირთულობის მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე (ყოველ 100 ადგილზე 91,4 პატიმარი) დაბალია და 75.3-ს უტოლდება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი