იტვირთება

2021 წლის 8 ივნისს, პრორუსულმა გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ სტატია გამოაქვეყნა სათაურით - „ევროკავშირს ფრანგების მხოლოდ 15 პროცენტი უჭერს მხარს“. სტატია საფრანგეთში Eurobarometer-ის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე ამტკიცებს, რომ ევროკავშირით უკმაყოფილო ქვეყნების სათავეში კვლავ საფრანგეთი დგას და ევროკავშირის წევრობის მომხრე ფრანგი მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია. გამოცემა დასახელებულ სტატიას Russia Today-ზე დაყრდნობით აქვეყნებს. ამასთანავე, ტექსტში ბრიტანულ გამოცემა Daily Express-საც ახსენებს, რომელიც აღნიშნული კვლევის შედეგებს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მარინ ლე პენის მხარდაჭერის ზრდის ფონზე, შემაშფოთებელს უწოდებს. რეალურად, „საქართველო და მსოფლიო“ საფრანგეთში ჩატარებულ კვლევას არასრული კონტექსტით და მანიპულაციურად წარმოაჩენს.

2021 წლის 3 ივნისს, Eurobarometer-ის მიერ ევროპარლამენტისთვის ჩატარებული სპეციალური კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც 2021 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, მოქალაქეთა პირად ცხოვრებასა და ფინანსურ მდგომარეობაზე Covid-19-ის პანდემიის მზარდ გავლენას აჩვენებს. კვლევის თანახმად, ევროპელების უმეტესობა ევროკავშირის მიერ Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ზომების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა და ისურვებდა, რომ ბლოკს მომავალში მსგავსს კრიზისებთან გასამკლავებლად უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს. თუმცა, კვლევაში ნახსენებია, რომ პანდემიის საპასუხოდ ევროკავშირის ზომებისა და მოქმედებების შეფასება უფრო მეტად ევროკავშირის მიმართ ზოგად დამოკიდებულებას ასახავს. „საქართველო და მსოფლიო“ სწორედ აღნიშნული კვლევით მანიპულირებს.

პანდემიის მართვის მეტ-ნაკლები უკმაყოფილების ფონზე, ევროკავშირისადმი ნდობა კვლავ მტკიცეა და სტაბილურად იზრდება, მაშინ, როდესაც ევროპელთა მხარდაჭერა კავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული მთავრობების მიმართ, შემცირდა. მეტიც, Eurobarometer-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროპელთა უდიდესი უმრავლესობა ევროკავშირის მომხრეა, ხოლო წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მხარდაჭერა პორტუგალიაში, ირლანდიაში, ესტონეთში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებში დაფიქსირდა. კონკრეტული გამოკითხვის შედეგად, საფრანგეთი ნამდვილად ყველაზე ევროსკეპტიკურად განწყობილი ქვეყანაა, მას შემდგომ იტალია და რუმინეთი მოსდევს. საფრანგეთისა და იტალიის მოქალაქეების მხოლოდ 15 პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირს იმ ფორმით, რომლითაც დღეს არსებობს. „საქართველო და მსოფლიო“ კვლევის სწორედ ამ ნაწილით მანიპულირებს და კონკრეტულ შედეგებს უფრო მძიმე და ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს, ამავდროულად მკითხველს სრულ ინფორმაციას არ აწვდის, რითაც ის შეცდომაში შეჰყავს.

კერძოდ, კვლევაში მონაწილე პირებს უნდა ეპასუხათ, თუ ევროკავშირის თაობაზე, სავარაუდო 5 პასუხიდან, ყველაზე ახლოს მათ მოსაზრებასთან რომელი იყო. ეს პასუხები იყო: 1. მხარს ვუჭერ ევროკავშირს იმ ფორმით, რომლითაც ამ დრომდე ჩამოყალიბდა; 2. მეტწილად მხარს ვუჭერ ევროკავშირს, თუმცა არა იმ ფორმით, რომლითაც დღემდე ჩამოყალიბდა; 3. მეტწილად სკეპტიკურად ვარ განწყობილი ევროკავშირის მიმართ, თუმცა რადიკალური რეფორმის გატარების შემთხვევაში, შესაძლოა, აზრი შევიცვალო; 4. ვეწინააღმდეგები ზოგადად ევროკავშირის იდეას; 5. არ ვიცი.

საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. მხარს ვუჭერ ევროკავშირს იმ ფორმით, რომლითაც ამ დრომდე ჩამოყალიბდა - 15%

2. მეტწილად მხარს ვუჭერ ევროკავშირს, თუმცა არა იმ ფორმით, რომლითაც დღემდე ჩამოყალიბდა - 39%

3. მეტწილად სკეპტიკურად ვარ განწყობილი ევროკავშირის მიმართ, თუმცა რადიკალური რეფორმის გატარების შემთხვევაში, შესაძლოა აზრი შევიცვალო - 35%

4. ვეწინააღმდეგები ზოგადად ევროკავშირის იდეას - 9%

5. არ ვიცი - 2%

წყარო: European Parliament Eurobarometer Spring 2021

შესაბამისად, როგორც ვხედავთ, „საქართველო და მსოფლიო“ აღნიშნულ კითხვაზე პასუხს სრული კონტექსტით არ წარმოადგენს და ისეთ სურათს ქმნის, თითქოს ქვეყანაში მხოლოდ მოსახლეობის 15 პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირს, მაშინ, როდესაც, რეალურად, საერთო ჯამში ევროგაერთიანების მომხრე 54 პროცენტია (სრულად 15% და მეტწილად 39%).

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს და მსოფლიოს“ მიერ მოხსენიებული Daily Exspress-ის სტატიაში, კვლევის შედეგები საფრანგეთის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენი შესაძლო გამარჯვებასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ აპრილში Le Journal du Dimanche-ში გამოქვეყნებული Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლე პენის რეიტინგი შედარებით გაზრდილი იყო, ექსპერტების თქმით, პირველი ტურის გადალახვის მიუხედავად, მეორე ტურში ის მაინც დამარცხდება. დაახლოებით იგივე შედეგები დადო Le Monde-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც. ასევე, ხაზგასასმელია, რომ საფრანგეთში ბოლოს გამართული რეგიონული არჩევნების მეორე ტურმა ცხადყო, რომ მარინ ლე პენის პარტიის მხარდაჭერა არც თუ ისე ძლიერია, რადგან მან ვერც ერთ რეგიონში ვერ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, ისიც რომ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი და მისი პარტია „ეროვნული ერთობა“, უწინ „ნაციონალური ფრონტი“, FREXIT-ის ანუ საფრანგეთის მიერ ევროკავშირის დატოვების მომხრე იყო, თუმცა 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წაგებისა და პარტიის რებრენდინგის ფონზე ლე პენის და მისი პარტიის ხედვები შეიცვალა. ისინი ძველებურად ფიქრობენ, რომ ევროკავშირს ცვლილებები სჭირდება და ის „სახელმწიფოების ალიანსად“ უნდა გარდაიქმნას, მაგრამ ამჯერად მისი დატოვების სურვილს არ გამოთქვამენ, მითუმეტეს Brexit-ის ფონზე, რომელიც 3 წელიწადს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ Eurobarometer-ის მონაცემებით, მოქალაქეების გაწყობები ევროკავშირის იმ ფორმის მიმართ, რომლითაც დღეს არსებობს, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით მხოლოდ 1%-ით არის შემცირებული, ამასთან ზოგადად ევროკავშირის იდეის მომხრეების რაოდენობა კი ევროპის მასშტაბით 4%-ით არის გაზრდილი (გვ.83).

ამრიგად, „საქართველოს და მსოფლიოს“ სტატია, რომ თითქოს საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ევროგაერთიანების მომხრე მხოლოდ 15 პროცენტია, მანიპულაციურია. აღნიშნული კი მოსახლეობაში დასავლური ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში - კონკრეტულად, ევროკავშირის მიმართ, ნეგატიური განწყობების გაღვივებას და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

-------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3306 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი