იტვირთება

მიმდინარე წლის 4 ივლისს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, მისი ჩამოყალიბებისთანავე, 2021 წლის აპრილში დაიწყო ზრუნვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის აღდგენაზე, რომელშიც საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა 80 პროცენტზე მეტია თავმოყრილი. ამისთვის, პირველ რიგში, დაკვეთილ იქნა სიღრმისეული დასკვნა მუზეუმის ძირითადი შენობის მდგრადობაზე (კონსტრუქციული, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა).

პარალელურად, განცხადების მიხედვით, UNESCO-სთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, მათ მაისის ბოლოს საქართველოში შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტები (ჭედური და ფერწერული ხატების რესტავრატორები და ექსპონატთა გადაადგილების სპეციალისტები) მოავლინეს, რომელთაც მუზეუმის ოქროს ფონდის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატების მდგომარეობა შეისწავლეს, კერძოდ: ხახულის ღვთისმშობლის ხატის, ანჩის ხატის, აწყურის ღვთისმშობლის ხატის, წილკნის ღვთისმშობლის ხატის, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის, ზარზმის ფერისცვალების ხატის, კაცხის მაცხოვრის ხატის.

UNESCO-ს ექსპერტიზის თანახმად, ყველა შესწავლილი ხატის (როგორც ფერწერული, ისე ჭედური) საყრდენი ხე დაზიანებულია და არ არის გამორიცხული, ხის დაზიანების პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობდეს. ამასთან, სხვადასხვაგვარად არის დაზიანებული ხატების ფერწერული და ჭედური ნაწილებიც. აქედან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზოგიერთი ხატის გადაადგილება მხოლოდ დასკვნაში მითითებული მეთოდით, ხოლო დანარჩენი ხატების გადაადგილება მხოლოდ ხის დროებითი გამაგრების შემდეგ არის შესაძლებელი.

ამის გარდა, მიმდინარე წლის ივლისში კულტურის სამინისტროს დაკვეთით, მუზეუმის შენობის ავარიულობის შეფასების მიზნით ექსპერტიზა შპს „ კარიატიდამ“ განახორციელა.

საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საფუძველზე, შემდეგი დეტალები გამოიკვეთა:

• მუზეუმის ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური პროცესები (მეწყერი, კასტი და სხვ.) არ აღინიშნება, თუმცა ტერიტორიაზე გავრცელებული სეისმური თვისებების მიხედვით III კატეგორიის გრუნტების მძლავრი საფარი და გრუნტის წყლების მაღალი დონე არახელსაყრელ ფაქტორს წარმოადგენს;

• შენობას არც სართულშუა გადახურვის არც სახურავის დონეზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები;

• მუზეუმის შენობა დაბალი ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების მქონე თიხნარზე და კულტურულ ფენაზე არის დაფუძნებული. აღნიშნული ტერიტორია გრუნტისა და ტექნოგენური წყლების დიდი ოდენობით შემოდინებით ხასიათდება, რის შედეგადაც შენობის საძირკვლის ჯდომა ხდება;

• საძირკვლის დიდი ჯდომითი დეფორმაციის შედეგად დაიბზარა შენობის მზიდი კედლები, დაზიანდა ღიობები, შენობის სარდაფში არსებული აგურის თაღები და კამარები.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის დასკვნის მიხედვით, შენობის მზიდი კონსტრუქციების დაზიანებები IV ხარისხისაა. კერძოდ:

• ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება, სავარაუდოდ, არ იქნება რენტაბელური;

• ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციის დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება;

• შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი.

რეკომენდაციის სახით დასკვნაში აღნიშნულია, რომ შენობის ნომინალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, შეიცვალოს შენობის დაფუძნების სქემა. შენობა მთელი ფართით დაფუძნებული უნდა იყოს მონოლითური რკინაბეტონის გობისებური საძირკვლის ფილებით, რომლებიც არსებულ ლენტურ საძირკვლებთან და კედლებთან იქნება დაკავშირებული; უნდა შეიცვალოს დაზიანებული სართულშუა გადახურვის ფილები; აუცილებელი შენობის ირგვლივ მოეწყოს წყალამრიდი სისტემები, რათა ფუძე-გრუნტის გაწყლოვანება აღიკვეთოს.

აღნიშნული დასკვნის და რეკომენდაციის მიუხედავად, ექსპერტიზის კვლევაში შენიშვნის სახით წერია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, გუდიაშვილის ქუჩის მხარეს შენობის არსებული ნაწილის გაძლიერება და გამაგრება ძალიან დიდ ტექნიკურ სიძნელეებთან და დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული და შესაძლებელია, არ იყოს რენტაბელური, თუმცა შესაძლებელი იქნება; რაც შეეხება შენობის ნაწილს პუშკინის ქუჩის გასწვრივ, სადაც განვითარებულია შენობის მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, შენობის არსებული ნაწილის შენარჩუნება გაძლიერება შეუძლებელია. დასკვნის ავტორების აზრით, სავარაუდოდ, უკეთესი იქნება შენობის ამ ნაწილის დაშლა და იგივე მასალით გადაწყობა.

დასკვნის გასაჯაროების შემდეგ, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმი 15 ივლისს დაამტკიცა. მუზეუმის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა და მუზეუმში დაცული უნიკალური ფონდების გადასარჩენად ევაკუაციის სამოქმედო გეგმა შემუშავდა.

სამოქმედო გეგმა 2021 წლის 5 აგვისტოდან 2022 წლის 5 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს და ამ ხნის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დეტალურად არის გაწერილი. გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის 5 აგვისტომდე მუზეუმის საჭიროებაზე მორგებული დროებითი სივრცე მოძიებული, ხოლო 2020 წლის 5 თებერვალს მუზეუმის ავარიული შენობა სრულად დაცლილი უნდა იყოს.

კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, ხომ არ იგეგმება მუზეუმის შენობის დემონტაჟი. აღნიშნული მოსაზრების გავრცელებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ სამინისტროს განცხადებაში არაფერია ნათქვამი შენობის შესაძლო რესტავრაციაზე და მხოლოდ მუზეუმის შენობის დაზიანებებზე კეთდება აპელირება.

მოგვიანებით, სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კულტურის სამინისტრო სამოქმედო გეგმის მიხედვით აპირებს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების გადარჩენას და არა მუზეუმის დემონტაჟს. თუმცა აღნიშნულ განცხადებაშიც მუზეუმის შემდგომ ბედზე ან რესტავრაციის გეგმაზე საუბარი არ არის.

ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა სამოქალაქო აქტივისტ, „თბილისის ჰამქრის“ ხელმძღვანელ ცირა ელისაშვილს ვთხოვეთ.

„თავის დროზე ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ პანორამა თბილისის მშენებლობის დროს, ხელოვნების მუზეუმის საძირკველი გასკდა, მაგრამ ეს ვერ გადავამოწმეთ, რადგან არავინ არ შეგვიშვებდა ადგილზე. თბილისში არის ხუთი შენობა, რომელსაც ეროვნული კატეგორია აქვს მინიჭებული და ამ ხუთში ერთი, არის ხელოვნების მუზეუმის შენობა. დასკვნაში არ წერია, რომ შენობა უნდა დაინგრეს, დასკვნაში წერია, რომ „გამაგრება ძალიან დიდ ტექნიკურ სიძნელეებთან და დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული და შესაძლებელია, არ იყოს რენტაბელური, თუმცა შესაძლებელი იქნება“. ვინ დათვალა ფულადი თვალსაზრისით ეს შენობა იმსახურებს, თუ - არა გამაგრებას. თუ კულტურის მინისტრმა გაბედა ამ შენობის ხელისხლება, ჩვენ სარჩელს შევიტანთ სასამართლოში კულტურის მინისტრის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს კანონს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, კონკრეტულად მე-17 და 31-ე მუხლი. მემკვიდრეობა არ იზომება მონეტარული პრინციპით, მემკვიდრეობა არის ის, რისი ვალდებულებაც გვაქვს გადავცეთ მომავალ თაობებს“,- განაცხადა ცირა ელისაშვილმა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში.

ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით აზრი დარგის სხვა სპეციალისტებმაც დააფიქსირეს.

ნიკა ვაჩეიშვილი (ყოფილი კულტურის მინისტრი) საკუთარ facebook-გვერდზე წერს:

„ხელოვნების მუზეუმის პრობლემები მრავალმხრივია. ერთი ხელის მოსმით მათი გადაჭრა შეუძლებელი იყო და არის. ამიტომაც წლები დასჭირდა ყველაფრის დეტალურად გაანალიზებას, შეფასებას, ძველი შენობის შენარჩუნების და მუზეუმის ინფრასტრუქტურული განვითარების კონცეფციისა და პროექტირების ეტაპებს. ვაზიარებ ხელოვნების მუზეუმის შენობის შენარჩუნების, მნიშვნელოვანი სამუზეუმო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას, რომელზეც ეროვნული მუზეუმი მუშაობდა კულტურის სამინისტროსთან და დონორ ორგანიზაციებთან წლების მანძილზე.

მისი ავტორი ცნობილი ფრანგი სამუზეუმო არქიტექტურის (და არამარტო) ჯგუფია.

ყველა საკითხი მასში ასახულია, ძეგლის შენარჩუნება-გამაგრებისა და ადაპტაციის ჩათვლით.

ეს ხედვაა ახლა გვერდით გადადებული, ვითომც არც არსებობს. არადა საბედნიეროდ უდიდესი სამუშაოა გაწეული. ესაა ის გზა, რომელიც საგანძურსაც გადაარჩენს და ამ შენობასაც შეგვინარჩუნებს“.

თამარა ამაშუკელი (ხელოვნებათმცოდნე) : „ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ შენობის აღდგენა არარენტაბელურია! არარენტაბელური შეიძლება იყოს ავტოფარეხის აღდგენა, ან ბოსლის რესტავრაცია და ისიც, იმ შემთხვევაში თუ მას არ აქვს თქვენთვის არამატერიალური ღირებულება. რენტაბელური სიტყვა, რბილად რომ ვთქვათ, არის სრულიად უადგილო ერის საგანძურთან მიმართებაში, დიახ! მუზეუმის შენობა არის ერის, თბილისი საგანძური! ჰოდა, ჩემო ერის საგანძურის “დამცველებო”, “ქართველობის დარაჯნო”, ბევრი ლამაზი პროგრამების “შემქმნელებო”, ლამაზი სფიჩების მთქმელნო რა არის ამ ქვეყნისთვის რენტაბელური და არარენტაბელური ამას ხვალ ისტორია, დღეს კი დარგის ის სპეციალისტები გადაწყვეტენ ვისთვისაც ძეგლთა დაცვა რენტაბელურია, სიტყვა არარენტაბელური კი ძეგლებთან მიმართებაში არარელევანტური! თქვენი მოვალეობა კი არის ის რომ დაიცვათ და შეინარჩუნოთ საქართველოს მოძრავი და უძრავი კულტურული მემკვიდრეობა!!! იაფი გამოსავალი კი არ უნდა მოძებნოთ, არამედ მომავალ თაობას გადასცეთ ის რაც წინაპრებმა შექმნეს და ჩვენამდე მოიტანეს“.

ჩვენი მხრივ, შეჯამების სახით ვიტყვით, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობას ჩატარებული კვლევის დასკვნის მიხედვით, სერიოზული დაზიანებები აქვს. თუმცა დასკვნაში შენობის დემონტაჟზე საუბარი არ არის, აღნიშნულია, რომ „გამაგრება ძალიან დიდ ტექნიკურ სიძნელეებთან და დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული და შესაძლებელია, არ იყოს რენტაბელური, თუმცა შესაძლებელი იქნება“.

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ჩვენ არ შევდივართ კონსპირაციულ მსჯელობაში, შენობის შესაძლო დემონტაჟი ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს. ცირა ელისაშვილს დავესესხებით, კულტურული მემკვიდრეობა მონეტარული პრინციპით არ იზომება, კულტურული მემკვიდრეობა, მისი რესტავრაციისთვის საჭირო თანხების მიუხედავად, უნდა დავიცვათ.

დღევანდელი მუზეუმის შენობა 1830-იან წლების ბოლოს იაკობ ზუბალაშვილს აუგია, არქიტექტორები კი შვეიცარიელი ჯუზეპე და ჯოვანი ბერნარდაჩები იყვნენ. სხვადასხვა დროს შენობაში სასულიერო სემინარია (1840 წლიდან) და რამდენიმე სასტუმრო იყო განთავსებული. 1930 -იან წლებში შენობაში სასტუმრო დაიხურა და ის სახელმწიფოს გადაეცა. ამის შემდეგ შენობამ პროფილი რამდენჯერმე შეიცვალა. ხელოვნების მუზეუმი აღნიშნულ შენობაში 1952 წლიდან ფუნქციონირებს.

შესაბამისად, ხელოვნების მუზეუმის შენობა ორი საუკუნეა, რაც დედაქალაქში დგას და ქართველი ხალხის კუთვნილებაა. კულტურის სამინისტროს და მისი მინისტრის უშუალო და უპირველესი მოვალეობა კი მისი შენარჩუნება და არა შენობის რესტავრაციის რენტაბელურობაზე მსჯელობაა.

ჩვენ ხელოვნების მუზეუმის შემდგომ ბედს თვალს მივადევნებთ და მკითხველს შესაბამის ინფორმაციას მივაწვდით.


მსგავსი სიახლეები

3306 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი