იტვირთება

გიორგი ჯამდელიანი: სასულიერო პირების მიერ ძალადობა წახალისებული არ იყო

ვერდიქტი: „ფაქტ–მეტრის“ დასკვნით, გიორგი ჯამდელიანის განცხადება არის ტყუილი

რეზიუმე: 5 ივლისს „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მობილიზებულ ჯგუფებს დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მოუწოდა: „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის“. ამავე შინაარსის განცხადება მეუფე იოანე გამრეკელმაც გააკეთა: „ძველი აღთქმის ეკლესიაშიც ასეთი იყო ნათქვამი ღვთის მიერ, რომ ასეთი მოქმედი გაყვანილ იქნას გარეთ ბანაკიდან და ქვებით ჩაიქოლოსო. ახალი აღთქმის ეკლესიაც უერთდება ამას“... ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, გიორგი ჯამდელიანის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი

5 ივლისს, “Tbilisi Pride”-ის მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ორმოცდაცამეტ ჟურნალისტს სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მათი ტექნიკა დააზიანეს და ღიად ემუქრებოდნენ. იმავე დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა, მიმდინარე პროცესების ფონზე, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რა დროსაც განაცხადა: „სასულიერი პირების მიერ ძალადობა წახალისებული არ იყო“.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

იმავე დღეს, სანამ ამ კომენტარს გააკეთებდა, თბილისის ცენტრალურ გამზირზე „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე ვრცელდებოდა. სასულიერო პირები და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები სოციალურ ქსელებში მოწოდებებს ავრცელებდნენ და იმუქრებოდნენ, რომ “Tbilisi Pride”-ს ღონისძიების ჩატარების საშუალებას არ მისცემდნენ. „ღირსების მარშის“ დაწყებამდე, მათ აღნიშნული ტერიტორია დაიკავეს, იქ განთავსებული კარვები დაარბიეს და მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული ქმედებები დაიწყეს. პროცესების მიმდინარეობისას, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა რუსთაველზე სიტყვით გამოსვლის დროს ჰომოფობიურად განწყობილ საზოგადოებას პირდაპირ მოუწოდა: „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის“.

9 ივლისს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი ამბობს: „უმჯობესი იყო მეთქვა - იბრძოლეთ დავითობისთვის, გორგასლობისთვის...“

11 ივლისს „მთავარმა არხმა“ გადაცემა „Post Factum“-ის ეთერში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ქუთაისისა და გელათის მიტროპოლიტი და საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი მეუფე იოანე გამრეკელი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს და საზოგადოებას მიმართავს: „ძველი აღთქმის ეკლესიაშიც ასეთი იყო ნათქვამი ღვთის მიერ, რომ ასეთი მოქმედი გაყვანილ იქნას გარეთ ბანაკიდან და ქვებით ჩაიქოლოსო. ახალი აღთქმის ეკლესიაც უერთდება ამას...“

მანამდე, იოანე გამრეკელი ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს დაემუქრა: „შენ უკვე მოგხვდა ერთხელ და კიდევ მოგხვდება, თუ არ გაჩერდები“.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის განცხადება, რომ ძალადობა სასულიერი პირების მიერ არ იყო წახალისებული, არის ტყუილი.

აღსანიშნავია, რომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ორმოცდათხუთმეტ ადამიანზე იძალადეს. აქედან - ორმოცდაცამეტი, მედიის წარმომადგენელია. სიძულვილის ჯგუფების მიერ „სირცხვილიას“ ოფისის დარბევის გადაღების დროს სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

ხელისუფლება მომხდარ დაპირისპირებაში ოპოზიციას ადანაშაულებს და ეკლესიისა და საკუთარ პასუხისმგებლობას გამორიცხავს. თუმცა „ღირსების მარშის“ დაწყებამდე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა, რომ დაგეგმილი მარში არ უნდა ჩატარებულიყო, საზოგადოების ნაწილმა სწორედ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წამახალისებელ განცხადებად აღიქვა.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს და ვადა 12 ივლისის 12.00-სთ-მდე მისცეს. ვადის ამოწურვის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მომხდარში დამნაშავე ოპოზიციური ძალები არიან, ხოლო ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე გაჟღერებულ განცხადებებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური უწოდა.

ამასთან, „აიფაქტმა“, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, 5 ივლისის მოვლენებში სხვადასხვა ფორმით მონაწილე 26 სასულიერო პირი გამოავლინა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3306 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი