იტვირთება

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 21 ივლისს პროტესტის ფონზე დაიწყო. ადგილობრივი ჟურნალისტები წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს გარდაცვლილი კოლეგის, ალექსანდრე ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ და ხელისუფლებას 5 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღებას სთხოვდნენ. სხდომათა დარბაზში შეკრებილებს საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა კოლეგებს და სხდომის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი ჟურნალისტის ხსოვნას. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისთვის მომხდარი ძალადობის ფაქტები მიუღებელია და ყველა დამნაშავე, შესაბამისი უწყებების მხრიდან, უნდა დაისაჯოს.

გორის მუნიციპალიტეტს არჩევნებამდე კიდევ 3 სხდომის ჩატარება მოუწევს. თუმცა რა ვითარებაში მოუწევს საკრებულოს სხდომის მართვა მის ხელმძღვანელობას, პოლიტიკურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული. ბოლო პერიოდში საკრებულოს პროტესტის ნიშნად ოპოზიციონერი დეპუტატები ტოვებენ და არჩევნებზე თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის ძირეულ ცვლილებებს ვარაუდობენ, რასაც მმართველი გუნდის ადგილობრივი წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.

როგორ იმუშავა საკრებულომ გასული 4 წლის განმავლობაში, რა მოლოდინები აქვთ გორში „ქართული ოცნების“ წევრებს და ვის მიიჩნევენ, გახარიას გუნდის პოლიტიკურ ველზე გამოჩენის ფონზე, მთავარ კონკურენტად. ამ და სხვა საკითხებზე „ფაქტ-მეტრის“ კითხვებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე პასუხობს.

- ბატონო დავით, ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, როგორ მიმდინარეობს სამზადისი „ქართული ოცნების“ გორის ოფისში და რა მოლოდინები გაქვთ შედეგებთან დაკავშირებით?

- მუშაობა დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით, არ ჩამოვყალიბებულვართ ვინ, სად, როგორ უნდა იყოს. როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო სისტემაც შეიცვალა. თუ ამჟამინდელ საკრებულოში 40 წევრია, ახლა იქნება 36, მათ შორის 24 - პროპორციული, ნაცვლად 15-ისა. დანარჩენი 12 იქნება მაჟორიტარი, აქედან 3 მათგანი იქნება უშუალოდ ქალაქში, 9 კი სოფლად, ადმინისტრაციული ერთეულების გაერთიანების ხარჯზე. არც მერზე, არც მაჟორიტარებზე, არც სიის პირველ ნომერზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს და მსჯელობა ისევ მიმდინარეობს.

- საკრებულოს ერთმა წევრმა უკვე დატოვა „ოცნება“ და გახარიას გუნდს შეუერთდა, გიორგი ხოჯევანიშვილიც ამბობდაა, რომ 2020 წლის არჩევნებზე მან, როგორც კანდიდატმა უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე პარტიამ, თქვენი აზრით, როგორ აისახება არჩევნების შედეგებზე ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა გიორგი გახარიას გუნდის სახით, ექნება თუ არა ამ ფონზე ისევ უპირატესობა მმართველ გუნდს?

- საკმაოდ სერიოზული თანამდებობები ეკავა იმ გუნდს, რომელიც დღეს გორში პარტია „საქართველოსთვის“ წარმოადგენს. ვფიქრობ, იქნება საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა. ეგენი ნამდვილად ვერ მიიღებენ ოპოზიციურ ხმებს, ნაციონალების განშტოებებისას. ძირითადად ალბათ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იქნება მათი მხარდამჭერი. სერიოზული ცვლილებები მოხდა უკვე ძალოვან სტრუქტურებში და ალბათ ის გავლენები ისევ ვეღარ იმუშავებს, როგორც ადრე იყო.

იცით, რომ გორის ოფისს ახალი აღმასრულებელი მდივანი ჰყავს. თამაზ შიოშვილი არის საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი. ჩვენ ჯერ კიდევ ერთად მოვდივართ 2009 წლიდან, შემდეგ მოხდა პოლიტიკური გაყრა, როდესაც „თავისუფალი დემოკრატები“ გავიდნენ ცალკე. სიმართლე გითხრათ, თამაზს მაშინ გული წყდებოდა, რომ ერთად აღარ გვიწევდა საქმიანობა პოლიტიკურ ფრონტზე, თუმცა ახლა მიიღო ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება, რომ ისევ დაებრუნებინა გუნდში. არსებობს გარკვეული სეგმენტი, რომელიც 2012 წელს ჩვენთან ერთად იბრძოდა და შემდეგ გარკვეული საკითხების გამო განაწყენდა, ჩამოშორდა „ქართულ ოცნებას“. აი, სწორედ ამ სეგმენტის ჩართვისთვის იმუშავებს თამაზ შიოშვილი. მას აქვს ხედვა, როგორც უნდა დავიბრუნოთ ეს ხალხი. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს, რატომაც ვარ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნება“ ისევ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე.

- პირადად თქვენ სად წარმოგიდგენიათ თავი არჩევნების შემდეგ? უკვე მეოთხე მოწვევის საკრებულოში ხართ და აქედან 2-ში საკრებულოს თავმჯდომარე იყავით. კომფორტულია თქვენთვის ეს სფერო?

- კომფორტული არის ის ადგილი, სადაც მიდიხარ, ისვენებ. გაქვს საშუალება, რომ შენ თავს ეკუთვნი. ამ შემთხვევაში, ასე არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო გამოწვევა, რომელიც უნდა მიმეღო. ამ ეტაპზე, ჯანმრთელობას არ ვუჩივი, ვფიქრობ, ჩემი ხედვა შეესაბამება „ქართული ოცნების“ ძირითად ხედვას. მაქვს სურვილი, ისევ ვიდგე მათ გვერდით. მაღლიდან უფრო სხვანაირად ჩანს და ალბათ თვითონ გადაწყვეტენ, რა დავალება მისცენ რაზმაძეს. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეობას, ეს თემა ჩემთვის უფრო მარტივია, ვიდრე მაგალითად ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთ ხელმძღვანელად რომ დამნიშნონ. საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. მე-4 მოწვევაში ვარ. ამ მოწვევაში საკმაოდ სერიოზული გუნდი შეიკრიბა. საკანონმდებლო მუშაობაც ძალიან სერიოზული მიდიოდა. დანარჩენი უკვე ლიდერებზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტენ, სად წარმოუდგენიათ რომ ვიყო.

- უფლებამოსილების ამოწურვამდე ცოტა დრო რჩება, რა მთავარი საკითხები გახსენდებათ ამ დრომდე, რასაც კენჭი უყარეთ და მუნიციპალიტეტისთვის რა მთავარი პრობლემები გადაწყვიტეთ საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში?

- ჩვენ რამდენიმე ქუჩას გადავარქვით სახელი, იცით რომ ამას მხოლოდ მუნიციპალიტეტი ვერ წყვეტს და ერთ-ერთ სამინისტროსთან კოორდინაციით მოხერხდა და შინდისის გმირების გზატკეცილი გაკეთდა. ჩვენ ასევე გვაქვს განხორციელებული პროექტები ბიუჯეტში, რომელიც წამოსულია მოსახლეობიდან, ასევე სადგურის დასახლების ერთი ნაწილი, ელექტროფიკაციას რომ ვეძახით ქალაქს ეკუთვნის, თუმცა არ გააჩნდა ქალაქისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურა, კანალიზაცია, სკვერები და ა.შ.. ჩვენ ეს ყველაფერი მოვაწესრიგეთ. ამასთანავე, ერთ-ერთი ინიციატივა იყო წინა მოწვევიდან და ჩვენ გავაგრძელეთ, სამოქალაქო ბიუჯეტირება, როდესაც მოსახლეობა თვითონ წყვეტს. საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა ქალაქის და სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში. ეს არის ძირითადად მოედნები, სკვერები, ტრენაჟორები და ა.შ. ფაქტიურად ის საკითხები, რაც დაყენებული იყო მოსახლეობის მიერ და ასევე ყველა ის დაპირება, რაც წინასაარჩევნოდ იყო გაცემული, რა თქმა უნდა, მერთან ერთად ძირითადად შესრულებულია.

- ბოლო წლებში პანდემიის მიუხედავად ბიუჯეტის პრიორიტეტები არ იცვლება: ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება და განათლება, რაიმე კვლევა ტარდება მოქალაქეთა საჭიროებებზე თუ როგორ ხდება ამ პრიორიტეტების განსაზღვრა?

- ცალკე არსებობს მერიაში პრიორიტეტების ჯგუფი, რომელიც უშუალოდ ამ საკითხებზე მუშაობს. პრიორიტეტები დგება იმის მიხედვით, რაც იმ მომენტშია აქტუალური. მაგალითად, სასმელი წყალი, კანალიზაცია, სარწყავი სისტემები. ამასთანავე სოფელში მისასვლელი გზები, რომელიც აუცილებელია რომ მიხვიდე. მაგალითად, ჩემი მაჟორიტარული ოლქის ნაწილი შედგება სამი ცნობილი უბნისგან, ჭალა-სადგური-წყაროსუბანი, ხშირად მიწევს მათთან შეხვედრა, თვეში რამდენჯერმე. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, სხვადასხვაა, სადგურის დასახლებაში, სადაც ქუჩები მოწესრიგდა იქ უკვე სკვერებზე კეთდება აქცენტი, ტრენაჟორებზე, მაგრამ ჭალასა და წყაროსუბანში სულ სხვა საკითხებია. იქ გვაქვს თანადაფინანსების პროექტები, თითქმის ყველა ბინა ითხოვს უკვე ამ პროგრამაში ჩართვას, ჩვენ ეს საკითხი იმ დონეზე დავიყვანეთ, რომ 90%-ს მუნიციპალიტეტი აფინანსებს, 10% მოსახლეობიდან მოდის, იმ 10%-შიც სოც-დაუცველებს ისევ მუნიციპალიტეტი აფინანსებს და ფაქტიურად, რამდენიმე ბინა უკვე ვიცი, სადაც ეზო მოეწყო, სადარბაზოები მოპირკეთდა, სახურავები გაკეთდა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ძირითადი სფერო ინფრასტრუქტურაა.

- ა(ა)იპ-ების დაფინანსებაზე რას გვეტყვით, 46- მილიონიანი ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითქმის ნახევარი მუნიციპალურ ორგანიზაციებს ხმარდება. რამდენად ადეკვატურად მიგაჩნია ის ფაქტი, რომ ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წელს 135 000 ლარი აქვს ბიუჯეტი, კულტურის სააგენტოს კი 2 მლნ 410 ათასი?

- ჯერ ჩემს აზრს გეტყვით და მერე საკრებულოსი, რა თქმა უნდა, ერთი აზრი გვაქვს ყველას, მაგრამ გეტყვით, რომ მე მაინც მანკიერ მხარედ მიმაჩნია ეს გადაბერილი სააგენტოები. ჯანდაცვა, სოციალური სფერო, კულტურა, სპორტი, ეს ყველაფერი არის მეორადი. ესეც ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, მათ უნდა მოაგვარონ ეს საკითხები, თუმცა განათლება, კულტურა და სპორტი 18 წლამდე, ასე ვთქვათ საწყის ეტაპზე უნდა ჰქონდეს ისევ მუნიციპალიტეტს. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, შეიძლება ვერც გამიგონ რასაც ეხლა ვიტყვი, მაგრამ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, როცა გორის „დილას“ ბიუჯეტი ინახავდა. იყო მომენტები, 20-25-მილიონიანი ბიუჯეტიდან, 2 მილიონით ერთ რაღაც სფეროს ვაფინანსებდით. ეს საკითხი მოსაწესრიგებელია საკანონმდებლო დონეზე. ერთი მუნიციპალიტეტი ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ვაუჩერული სისტემა, რომელიც არსებობს სკოლებში, ანალოგიური უნდა იყოს სკოლამდელ აღზრდაშიც. რადგან ვფიქრობ, რომ ეს კონკურენციას გააჩენს. ახლა 9 მილიონამდეა ასული სკოლამდელი აღზრდის მომსახურება, აქ ხელფასებიც შედის და ყველაფერი, როცა 2012 წელს გახდა უფასო მე მახსოვს, რომ მაშინ სადღაც 400 ათასი ჰყოფნიდა, თუმცა ახლა მოთხოვნაც გაიზარდა, პირობები გაუმჯობესდა, ბაღების რაოდენობაც, მენიუც და ვფიქრობ ამ თემაში ეს ვაუჩერული სისტემა ბიუჯეტში სასიკეთო ცვლილებებს შეიტანდა.

- ამჟამინდელ საკრებულოში 40 წევრია და მათ შორის 33 კაცი. რას იტყვით ქალთა ჩართულობაზე, გაამართლებს, თუ - არა უახლოეს წლებში კვოტირების სისტემა?

- არიან ქალები, რომლებზეც არის ძალიან დიდი მოთხოვნა საკანონმდებლო ხელისუფლება იქნება ეს თუ აღმასრულებელში, თუმცა ასე ძალად გააქტიურება კვოტირებით, არ ვიცი. შეიძლება გაამართლოს, მე მაგალითად იმის მომხრეც ვარ, გაცილებით მეტიც ქალი იყოს, ახლა იქნება სიაში ყოველი მესამე ქალი, მომხრეც ვარ, ყოველი მეორეც იყოს, თუმცა კომპეტენტური უნდა იყოს.

- ისევ საარჩევნო მოლოდინებზე გკითხავთ. გახარიას გუნდის გამოჩენის ფონზე, ვის მიიჩნევთ კონკრეტულად გორში „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად?

- მე თავშივე ხაზი გავუსვი, რომ არ მომეწონა იმ ახალი პარტიის დაფუძნება, რომელსაც საფუძველი „ქართულ ოცნებაში“ აქვს და აქედან მოდის, ისინი ფიქრობენ, რომ საკმაოდ კარგ შედეგს აჩვენებენ, მაგრამ ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ დომინანტი ოპოზიციური პარტია ამ არჩევნებზეც ალბათ ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.

- ვიდრე საუბარს დავასრულებთ, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ყველაფერმა ამომრჩეველზე?

- მოდი ვთქვათ, რომ არა ვარ „ოცნების“ წევრი და ასე შევაფასებ ნეიტრალური პოზიციიდან. რა მოსაწონი იყო იმ ჟურნალისტების ქმედებები რაც მათ აკეთეს, - „გამოგიყვანთ სახლიდან და ზედ შეგდგებით“ - ეს რა ლაპარაკია?! მე მაგალითად ასეთი განცხადება ხუმრობითაც არ გამიკეთებია. ისევ ნეიტრალური პოზიციიდან გეტყვით, რომ მე მაგალითად, ასეთ პოლიტიკოსებს ხმას არ მივცემ. მე ვფიქრობ, მათ უკვე ფსიქიკური პრობლემები აქვთ. ყველას გვიჭირს, ყველას ნევროზი აქვს, მაგრამ როგორ შეიძლება, ესეთი რაღაცეები აკეთო, საკანონმდებლო ორგანოში მაგიდაზე ახვიდე და ცირკი მოაწყო. საქმის კეთებას ყვირილი და ლანძღვა არ უხდება, საქმის კეთებას უნდა - საქმის კეთება. ვფიქრობ რომ „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება 43%-ის აღება და მეტსაც აიღებს, დანარჩენს გადაინაწილებენ დანარჩენები, მათ შორის, დომინანტი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რაღაც პროცენტებს სხვებიც დადებენ, თუმცა ეს არაფერს შეცვლის.


მსგავსი სიახლეები

3306 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი