იტვირთება

სოციალურ ქსელში ჰენრი კისინჯერის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 17 ივლისს, Facebook-მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ სოციალურ ქსელში ჰენრი კისინჯერის გაყალბებული ციტატა გაავრცელა. ციტატის თანახმად, ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თითქოს განაცხადა, რომ „მოსახლეობის რაოდენობის შემცირება უნდა იყოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი მესამე მსოფლიოს მიმართ, ვინაიდან ამერიკის ეკონომიკა საჭიროებს ფართო და მზარდი რაოდენობის მინერალებს საზღვარგარეთიდან, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან“. დათო სალუქვაძის პოსტს ჰენრი კისინჯერის სურათი და ინგლისურენოვანი თარგმანი ახლავს, რომელიც AZ QUOTES-დან არის აღებული.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ციტატა გაყალბებულია. კერძოდ, ციტატის პირველი ნაწილი, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის ამოცანად მოსახლეობის შემცირებას ისახავს მიზნად, ოფიციალურ ღია წყაროებსა და ინტერნეტსივრცეში არ იძებნება, ხოლო ციტატის მეორე ნაწილი, სადაც ამერიკის ეკონომიკის საჭიროებებზეა საუბარი, ნამდვილად კისინჯერს ეკუთვნის და ეს სიტყვები 1974 წელს გამოქვეყნებული National Security Study Memorandum-დან არის აღებული.

ციტატა იმ სახით, რომლითაც Facebook-სა თუ AZ QUETOS-ზე არის მოცემული, ღია ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება. თუმცა, ციტატის მეორე ნაწილი (The U.S. economy will require large and increasing amounts of minerals from abroad, especially from less developed countries) National Security Study Memorandum (NSSM 200)-ში გვხვდება. NSSM 200 1974 წელს შექმნილი დოკუმენტია, რომელიც 1980 წელს გასაჯაროვდა და მისი ავტორი, იმ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერია. NSSM 200 მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების გამოწვევების ანალიზისა და დემოგრაფიულ პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისგან შედგება. ერთ-ერთ ქვეთავში („მინერალები და საწვავი“- minerals and fuel) სოციალურ ქსელში მოცემული ციტატის ნაწილი გვხვდება:

„რაც არ უნდა გაკეთდეს მიწოდების შეფერხების საწინააღმდეგოდ და საშინაო ალტერნატივების გასავითარებლად, აშშ-ს ეკონომიკას საზღვარგარეთიდან დასჭირდება მინერალების ფართო და მზარდი რაოდენობა, განსაკუთრებით, ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან. ეს ფაქტი მომწოდებელი ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მიმართ ამერიკის ინტერესს აძლიერებს, სადაც შობადობის შემცირებული მაჩვენებლის მეშვეობით, დემოგრაფიული წნეხის შესუსტებას ამგვარი სტაბილურობის გაზრდა შეუძლია, რაც დემოგრაფიულ პოლიტიკას რესურსების მიწოდებისა და ამერიკის ეკონომიკური ინტერესებისთვის რელევანტურს ხდის“.

მიუხედავად ამისა, მთელი თავის განმავლობაში, სადაც კისინჯერი ბუნებრივ რესურსებსა და აშშ-ს ეკონომიკაზე საუბრობს, კისინჯერი არსად ამბობს, რომ ამერიკის პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ე.წ. „მესამე მსოფლიოს ქვეყნებში“ მოსახლეობის შემცირება უნდა იყოს. მეტიც, ბუნებრივი რესურსებით მომარაგების კონტექსტში საუბრის დროსაც, კისინჯერი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ზრდა გლობალურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას არ შეამცირებს, თუმცა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დროთა განმავლობაში, სტაბილურობის შესანარჩუნებლად როგორც რესურსების, ისე დემოგრაფიული პოლიტიკის დაგეგმვას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ზრდას მოკლევადიან პერიოდში სოციალური წესრიგის დარღვევა, საკვების დეფიციტისა და შიმშილობის გამოწვევა შეუძლია, რაც ბუნებრივია, შემდგომში ბუნებრივი რესურსების მიწოდებაზეც მოახდენს გარკვეულ გავლენას. შესაბამისად, რადგანაც აშშ-ს ინტერესების ობიექტში აღნიშნული ბუნებრივი რესურსები ექცევა, მისთვის ამ ქვეყნებში არსებული დემოგრაფიული პოლიტიკაც მნიშვნელოვანია.

ამრიგად, NSSM 200-ში კისინჯერის პოლიტიკურ რეკომენდაციას „დეპოპულაციის“ შესახებ არსად ვხვდებით. კისინჯერი უბრალოდ განმარტავს, რომ მოსახლეობის უკონტროლო ზრდამ შესაძლოა, ბუნებრივი რესურსებით მომარაგების შეფერხება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნებისთვის ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ კისინჯერი არანაირი ფორმით მოსახლეობის რაოდენობის ხელოვნურ შემცირებაზე (დეპოპულაციაზე) არ საუბრობს. კისინჯერი ყურადღებას შობადობის მაღალ მაჩვენებელზე ამახვილებს. „შობადობის ბუმი“ დამახასიათებელია ღარიბი, ნაკლებად განვითარებული, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მოუწესრიგებელი სისტემის მქონე სახელმწიფოებისთვის. მსგავს პირობებში „შობადობის ბუმი“ დემოგრაფიული წნეხის წარმოქმნას განაპირობებს, რაც კონკრეტული ქვეყნის სტაბილურობაზე უარყოფითად აისახება. კისინჯერი საუბრობს, რომ აშშ-სთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ბუნებრივი რესურსებით ვაჭრობს და დემოგრაფიული პოლიტიკის მნიშვნელობაზე სწორედ ამ კონტექსტში საუბრობს. შესაბამისად, მტკიცება, რომ აშშ-ს პოლიტიკის საგარეო პრიორიტეტი რომელიმე სახელმწიფოს მოსახლეობის ხელოვნური შემცირებაა, სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ისახავს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3297 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი