ლევან მურუსიძე: პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვა გამოხატვის თავისუფლება არ არის
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ლევან მურუსიძის განცხადებას ვერდიქტით არ აფასებს.
რეზიუმე: 2018 წელს, „აიისას“ დამფუძნებელმა ანი გაჩეჩილაძემ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქართულმა სასამართლომ პრეზერვატივების ზოგიერთი შეფუთვის გამო, მწარმოებელი 500 ლარით დააჯარიმა. საუბარია პროდუქტზე დატანილ წარწერაზე „ჩამოვკრავდი მაგრამ ნათლისღებაა,“ „ძლევაი საკვირველი“ და გამოსახულება - დიდგორის ბრძოლა; ასევე, წარწერა „სამეფო კარი თამარში“ და თამარ მეფის გამოსახულება და პროდუქტზე დატანილი ვიზუალი - ქალის მარცხენა ხელის გამოსახულება პრეზერვატივით.
ორივე ინსტანციის, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ, სადაც საქმეს ლევან მურუსიძე განიხილავდა, დაადგინა, რომ ზემოხსენებული წარწერებისა და გამოსახულებების სექსუალური ხასიათის პროდუქტთან ერთად წარმოჩენა საჯარო მორალს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ წარმოდგენებს ხელყოფდა.
მოგვიანებით, ლევან მურუსიძემ კიდევ განმარტა, რომ პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვა, გამოხატვის თავისუფლება არ არის. მის განცხადებას ფაქტ-მეტრი ვერდიქტით არ შეაფასებს, თუმცა აღსანიშნავი ფაქტია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მურუსიძის/ეროვნული სასამართლოებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს მხრიდან ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა.
როგორც დღეს, 22 ივლისს გახდა ცნობილი, „აიისამ“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.
ანალიზი
2018 წლის აპრილში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ოქმის თანახმად, ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ ფეისბუქ გვერდზე, ასევე „აიისა“-ს ბრენდით წარმოებულ პროდუქტზე არაეთიკური რეკლამა იქნა განთავსებული, რითაც რეკლამის წარმოების და გავრცელების წესი დაირღვა. კერძოდ, საუბარია პროდუქტზე დატანილ წარწერაზე „ჩამოვკრავდი მაგრამ ნათლისღებაა,“ „ძლევაი საკვირველი“ და გამოსახულება - დიდგორის ბრძოლა; ასევე, წარწერა „სამეფო კარი თამარში“ და თამარ მეფის გამოსახულება და პროდუქტზე დატანილი ვიზუალი - ქალის მარცხენა ხელის გამოსახულება პრეზერვატივით.
მოგვიანებით, აღნიშნული წარწერებისა და ვიზუალის არაეთიკურობაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის არგუმენტაცია, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა და ი/მ „ანი გაჩეჩილაძე“, როგორც სამართალდამრღვევი, 500 ლარით დაჯარიმდა. ორივე ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, პროდუქციის ნაწილზე დატანილი წარწერების მიზანი, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების მიმართ შეურაცხმყოფელი პათეტიკის წარმოდგენა და აშკარა, პირდაპირი და განზრახ დაცინვა იყო.
სააპელაციო სასამართლოში „აიისას“ საქმის განმხილველი მოსამართლე, ლევან მურუსიძე აღნიშნავდა, რომ პრეზერვატივზე თამარ მეფის ან დავით აღმაშენებლის გამოსახვა, გამოხატვის თავისუფლება არ არის.
ამის შემდეგ, „აიისას“ დამფუძნებელმა ანი გაჩეჩილაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რამდენადაც მიიჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას ჰქონდა ადგილი. გაჩეჩილაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“(GDI) იცავდა.
დღეს, 22 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ „აიისამ“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. საქმეზე სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.
სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, აშკარა გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით.
„სასამართლო ხაზგასმით იმეორებს, რომ პლურალისტური, დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც ირჩევს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა იყოს ტოლერანტული, შეეგუოს სხვათა მიერ მისი რელიგიური მრწამსის უარყოფას და მისი რწმენის საწინააღმდეგო დოქტრინების გავრცელებასაც კი“, - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
აღსანიშნავია, რომ „აიისას საქმე“ მეოთხეა მოსამართლე ლევან მურუსიძესთან მოხვედრილი იმ გახმაურებული საქმეებიდან, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ლევან მურუსიძის სახელს უკავშირდება სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის, გიორგი მიქიაშვილის საქმეები. გარდა ამისა, მურუსიძის სახელს უკავშირდება ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმეც, რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველო გაამტყუნა.
მიუხედავად წინა ხელისუფლების პერიოდში მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებებისა (რაც ხშირად ხდება ამჟამინდელი ხელისუფლებისგან მისი წინამორბედის კრიტიკის საფუძველი), ლევან მურუსიძე ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდში, 2018 წელს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დაინიშნა და თავს სასამართლოს ლიდერად მიიჩნევს.
შენიშვნა:
ფაქტ-მეტრის მთავარი რედაქტორი, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე, აღნიშნული სტატიის მომზადებისა და რედაქტირების პროცესში მონაწილეობას არ იღებდა, ვინაიდან მას ჰქონდა პირადი ინტერესთა კონფლიქტი მოცემულ საქმეზე.