იტვირთება

დეზინფორმაცია: ავიაკომპანიები ვაქცინირებულ მგზავრებს ფრენისგან თავის შეკავებას სთხოვენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ჯგუფ „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ პოსტი გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც ესპანეთსა და რუსეთში ავიაკომპანიები აცრილებს რეკომენდაციას აძლევენ, თვითმფრინავებით არ იმოგზაურონ - ვაქცინით გამოწვეული თრომბის საშიშროების გამო. პოსტს თან ვიდეოსიუჟეტიც ახლავს. რეალურად, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

აღნიშნული დეზინფორმაცია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და მას არაერთი ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა გამოეხმაურა (FactCheck.org, FullFact, PolitiFact, AAP FactCheck, Lead Stories, Reuters Fact Check, AFP FactCheck).

კერძოდ, Sky News Australia-ს წამყვანი და ყოფილი ავსტრალიელი სენატორი კორი ბერნარდი ამბობს: „ ესპანეთსა და რუსეთში ავიაკომპანიები ვაქცინირებულ ადამიანებს აფრთხილებენ, რომ თრომბის რისკის გამო, არ იმოგზაურონ. დიახ, თქვენ სწორედ გაიგეთ, ეს ხანგრძლივ ფრენასთან დაკავშირებული ცნობილი რისკია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ რისკს COVID-19 ვაქცინის პოტენციურ თრომბოზთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ამძაფრებს“. ამასთან, სიუჟეტში გერმანულენოვანი UNCUT NEWS-ის ვებგვერდიდან აღებული სქრინშოტია მოცემული: „ავიაკომპანიები თრომბის პრობლემას ეხმაურებიან და ვაქცინირებულებისთვის რეკომენდაციას გასცემენ, რომ არ იმოგზაურონ“.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად UNCUT-NEWS-ზე აღნიშნულ სტატიას შემდეგი სათაურით ვხვდებით- „Medien in Spanien und Russland: Fluggesellschaften gehen das Problem der Blutgerinnsel an und empfehlen geimpften Personen, nicht zu reisen“ (ქართულად- მედია ესპანეთსა და რუსეთში: ავიაკომპანიები ეხმიანებიან თრომბის პრობლემას და რეკომენდაციას აძლევენ ვაქცინირებულებს, რომ არ იმოგზაურონ).

სავარაუდოდ, UNCUT-NEWS-ის სტატია მედიებში რუსულ osnmedia.ru-სა და ესპანურ mpr21.info-ს გულისხმობს. კერძოდ, რუსულ ავიაკომპანიებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია სავარაუდოდ osnmedia.ru-ზე 31 მაისს გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდება, რომლის თანახმადაც „ვაქცინირებულ ადამიანებს შესაძლოა ფრენა აეკრძალოთ“. თუმცა, კონკრეტულად არც ამ სტატიაში არის აღნიშნული, რომ მსგავსი შეზღუდვის დაწესება იგეგმება, მასში მხოლოდ ერთ-ერთი ექიმის მიერ გამოთქმული ვარაუდი არის მოცემული.

სათაური- „არა სარგებელი, არამედ შეზღუდვები: COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინირებულ ადამიანებს შესაძლოა ავიაფრენები აეკრძალოთ“

რაც შეეხება ესპანურ ავიაკომპანიებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას, ის სავარაუდოდ, ესპანურ mpr21.info-ზე გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდება. აღნიშნულ სტატიაში, რუსულისგან განსხვავებით, მოცემულია მტკიცება, რომ „მსოფლიოში მთავარი ავიაკომპანიები განიხილავენ, მიზანშეწონილია, თუ - არა ვაქცინირებული მომხმარებლების დაშვება“. თუმცა, მსგავსი ინფორმაციის სინამდვილე არსად დადასტურებულა.

სათაური- „ავიაკომპანიები თრომბის პრობლემას ვაქცინირებული ადამიანებისთვის მოგზაურობისგან თავშეკავების რეკომენდაციით ცდილობენ“

არცერთ საავიაციო კომპანიას ვაქცინირებული მგზავრებისთვის თვითმფრინავით ფრენისგან თავის შეკავების რეკომენდაცია არ გაუცია. ამასთან, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (International Air Transport Association- IATA) სპიკერმა, კალიოპი ლაზარიმ, FactCheck.org-თან გაგზავნილ ელექტრონულ წერილში აღნიშნა, რომ ორგანიზაცია რაიმე სახის ინფორმაციას, ავიაკომპანიების მიერ ვაქცინირებული მგზავრებისთვის თრომბის რისკის გამო ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით, არ ფლობდა. პირიქით, მან განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ვაქცინირებული ადამიანების შეზღუდვების გარეშე მოგზაურობას.

საერთაშორისო ავიახაზების ჯგუფის (International Airlines Group), რომელშიც ესპანეთის ორი უმსხვილესი ავიაკომპანია Iberia და Vueling შედის, სპიკერმა AFP-FactCheck-თან საუბარში განაცხადა, რომ Sky News Australia-ის ეთერში გასული სიუჟეტი ყალბია - „ჩვენ მგზავრებისთვის, რომლებიც ვაქცინირებულები არიან, მსგავს რეკომენდაციას არ გავცემთ“. ხოლო რუსეთის უდიდესმა ავიაკომპანია Aeroflot-მა მაისში მასობრივი ვაქცინაციის მხარდასაჭერი პროგრამაც კი წამოიწყო, რომელიც ერთგულ ვაქცინირებულ მომხმარებლებს 2021 წლის 31 დეკემბრამდე უფასო ფრენებს სთავაზობდა. Aeroflot-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ პოლუბოიარინოვმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა საჰაერო მიმოსვლის სრულყოფილი აღდგენისა და მათი მგზავრების კომფორტისთვის შეტანილი წვლილია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპის ავიახაზებმაც, რომელიც ევროპის საჰაერო ტრანსპორტის 70%-ს წარმოადგენს, AFP-FactCheck-თან საუბარში 3 ივნისს განაცხადა, რომ ვაქცინირებული თუ არავაქცინირებული მგზავრებისთვის რაიმე მსგავსი შეზღუდვის დაწესების შესახებ ავიაკომპანიებს შორის დისკუსია არ მიმდინარეობს.


ხანგრძლივ ფრენებს, ვაქცინაციასა და თრომბს შორის კავშირი

რაც შეეხება მტკიცებას, რომ თითქოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ ფრენის დროს თრომბოზის განვითარების რისკები იზრდება, ყალბია. ზოგადად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან, გარკვეული ტიპის თრომბოზის განვითარების შემთხვევები AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ით ვაქცინაციის შემდეგ დაფიქსირდა. ვაქცინაციასთან დაკავშირებულ თრომბებს შესაბამისად, ვაქცინით გამოწვეულ იმუნურ თრომბოზულ თრომბოციტოპენიად (Vaccine-Induced Immune Thrombotic Thrombocytopenia VITT) მოიხსენიებენ.

რაც შეეხება უშუალოდ ფრენასთან დაკავშირებულ თრომბის შემთხვევებს, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, სისხლის შედედება, ცნობილი როგორც ღრმა ვენების თრომბოზი (DVT), შესაძლოა განვითარდეს მაშინ, როდესაც ადამიანი დიდი ხნით არის უძრავ მდგომარეობაში ხანგრძლივი ფრენის დროს. თუმცა, როგორც IATA-ს სამედიცინო მრჩეველი, დევიდ ფოველი ამბობს, COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებული თრომბის შემთხვევები (VITT) და ფრენასთან დაკავშირებული თრომბოზი (DVT), ერთმანეთისგან განსხვავდება. როგორც წესი, ხანგრძლივ მგზავრობასთან დაკავშირებულ თრომბოზს სხვა წინმსწრები რისკ-ფაქტორები უძღვის, როგორებიცაა: მაგალითად ორსულობა, გარკვეული სახის სიმსივნეები, ჭარბი წონა, ვარიკოზული ვენები და გულსისხლძარღვთა სისტემის დარღვევები. შესაბამისად, კოვიდვაქცინაციას ხანგრძლივ ფრენასთან თუ სხვა ტიპის მგზავრობასთან დაკავშირებულ თრომბოზის განვითარების რისკებთან, არავითარი კავშირი არ გააჩნია.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3164 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი