2012 წელს საქონლის ექსპორტი შეადგენდა 2.4 მლრდ დოლარს, ეს მაჩვენებელი 2020 წელს იყო 3.3 მლრდ დოლარი.

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს საქონლის ექსპორტი შეადგენდა 2.4 მლრდ დოლარს, ეს მაჩვენებელი 2020 წელს იყო 3.3 მლრდ დოლარი. 

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე:

საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 2020 წელს საქონლის ექსპორტმა 3.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარით აღემატება. პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვები რეალობას შეესაბამება. თუმცა, დროით დინამიკაში, რელევანტურია ეკონომიკური მაჩვენებლების მშპ-თან ფარდობითი მაჩვენებლის ანალიზი. 2012 წელს, ექსპორტი მშპ-ს 14.4%-ს შეადგენდა, ხოლო 2019-2020 წლებისთვის, ექსპორტის მაჩვენებელმა მშპ-ს 21%-ს მიაღწია.

საგარეო ვაჭრობაზე საუბრისას, განხილული უნდა იქნას სავაჭრო დეფიციტიც, რაც ზოგადად, საგარეო ვაჭრობის წარმატების ერთგვარ ინდიკატორს წარმოადგენს. 2020 წელს, სავაჭრო დეფიციტი 2012 წლის მაჩვენებელს თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარით ჩამოუვარდებოდა, თუმცა, აღნიშნული, ძირითადად პანდემიურ შეზღუდვებთან დაკავშირებულ იმპორტის კლებასთან იყო დაკავშირებული. 2019 წელს, ვაჭრობის დეფიციტი 2012 წლის მაჩვენებელს 40 მლნ აშშ დოლარით აღემატებოდა, თუმცა დეფიციტის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი შემცირებული იყო, რაც დადებითი ფაქტია. 2012 წელთან შედარებით უფრო ღრმა სავაჭრო დეფიციტი მხოლოდ 2016 წლისთვის დაფიქსირდა, საერთო ჯამში კი, 2012-2019 წლებში დეფიციტის დინამიკა მერყეობდა. შესაბამისად, მთლიანობაში, საგარეო ვაჭრობაში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციის შესახებ საუბარი, ცალკე აღებული ექსპორტის დინამიკისგან განსხვავებით, რთულია.

ანალიზი:

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „2012 წელს საქონლის ექსპორტი შეადგენდა 2.4 მლრდ დოლარს, ეს მაჩვენებელი 2020 წელს იყო 3.3 მლრდ დოლარი. ჩვენი ამოცანაა უახლოეს წლებში ექსპორტი გახდეს 5 მლრდ დოლარი“.

ინფორმაციას საგარეო ვაჭრობის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 2020 წელს საქონლის ექსპორტმა 3.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარით აღემატება. პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვები რეალობას შეესაბამება. თუმცა, დროით დინამიკაში, რელევანტურია ეკონომიკური მაჩვენებლების ფარდობითი მაჩვენებლის ანალიზი, კერძოდ, კი საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. 2012 წელს, ექსპორტი მშპ-ს 14.4%-ს შეადგენდა, ხოლო 2019-2020 წლებისთვის, ექსპორტის მაჩვენებელმა მშპ-ს 21%-ს მიაღწია, რაც ნიშნავს რომ ექსპორტის წილი მშპ-ში იზრდებოდა. შესაბამისად, პრემიერ მინისტრის აქცენტი დადებით დინამიკასთან დაკავშირებით რეალობას შეესაბამება. გაიზარდა ადგილობრივი წარმოების ექსპორტის წილი მშპ-სთან და მთლიან ექსპორტთან შედარებითაც, რაც ბუნებრივია, დადებით მოვლენას წარმოადგენს.

გრაფიკი 1: საგარეო ვაჭრობის დინამიკა 2012-2020 წლებში, მლნ აშშ დოლარი

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 

საგარეო ვაჭრობაზე საუბრისას, განხილული უნდა იქნას სავაჭრო სალდოც, რაც იმპორტდამოკიდებულების ერთგვარ ინდიკატორს წარმოადგენს. ექსპორტის ზრდასთან ერთად, ბოლო წლებში იმპორტიც იზრდებოდა, რაც რიგ წლებში საგარეო ვაჭრობის დისბალანსს ზრდიდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის კლებისა და ვალუტის გადინების ფაქტორებად გვევლინებოდა. 2020 წელს, სავაჭრო დეფიციტი 2012 წლის მაჩვენებელს თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარით ჩამოუვარდებოდა, თუმცა, აღნიშნული, ძირითადად პანდემიურ შეზღუდვებთან დაკავშირებულ იმპორტის კლებასთან იყო დაკავშირებული. 2019 წელს, ვაჭრობის დეფიციტი 2012 წლის მაჩვენებელს 40 მლნ აშშ დოლარით აღემატებოდა, თუმცა დეფიციტის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი შემცირებული იყო, რაც დადებითი ფაქტია. 2012 წელთან შედარებით უფრო ღრმა სავაჭრო დეფიციტი მხოლოდ 2016 წლისთვის დაფიქსირდა, საერთო ჯამში კი, 2012-2019 წლებში დეფიციტის დინამიკა მერყეობდა. შესაბამისად, მთლიანობაში, გამოკვეთილი დადებითი ტენდენციის შესახებ საუბარი რთულია.

გრაფიკი 2: ვაჭრობის დეფიციტი 2012-2020 წლებში, მლნ აშშ დოლარი

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური