იტვირთება

გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შესახებ მანიპულაციას ავრცელებს

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 14 ივლისს პრორუსულმა გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით - „ევროკავშირის რეგულატორის განცხადებით, Phaizer-ი და Moderna სახიფათოა გულისთვის“. სტატია რუსულ გამოცემა Iz.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვითაა მომზადებული, სადაც ნათქვამია, რომ BioNTech/Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებს მიოკარდიტი და პერიკარდიტი შეუძლია გამოიწვიოს. საქართველო და მსოფლიოს მიერ გავრცელებული მასალის მიხედვით, BioNTech/Pfizer-ით აცრის შემდეგ მიოკარდიტის 145 და პერიკარდიტის 138 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო Moderna-თი ვაქცინაციის შემდეგ ამავე დაავადებების 19-19 შემთხვევა დაფიქსირდა.

მართალია, სტატიაში მოყვანილი რიცხვები მიოკარდიტისა და პერიკარდიტის შემთხვევების შესახებ სიმართლეს შეესაბამება, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სტატიასა და მის სათაურში მანიპულაციურადაა მოცემული. კერძოდ, არც სტატიასა და არც სათაურში არაა აღნიშნული, რომ ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო ი-რნმ ვაქცინებსა და გულის დაავადებების ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი დაადგინა. გარდა ამისა, სტატიაში არაა მოცემული ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის Pfizer და Moderna ვაქცინა გაკეთდა საერთო ჯამში, რაც მკითხველს არ აძლევს სრულყოფილ სურათს იმის შესახებ, თუ გულის დაავადებები. ვაქცინირებულ ადამიანების რა წილზე მოდის.

სინამდვილეში, EMA ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში დაფიქსირებული გულის დაავადების შემთხვევებს იკვლევდა. 2021 წლის 31 მაისისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე Pfizer-ის ვაქცინის 177 მილიონი დოზა, ხოლო Moderna-ს ვაქცინის 20 მილიონი დოზა გაკეთდა. მათგან Pfizer-ით ვაქცინირებულ პირებში გულის დაავადების მხოლოდ 283 (145 მიოკარდიტი, 138 პერიკარდიტი), ხოლო Moderna-თი ვაქცინირებულებში 38 (19 მიოკარდიტი 19 პერიკარდიტი) შემთხვევა დაფიქსირდა,

აღნიშნული მონაცემები ნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პირებში გულის დაავადებების შემთხვევები ძალიან იშვიათია. კონკრეტულად, გულის დაავადებები Pfizer-ით აცრილების 0.00016%-ში, ხოლო Moderna-თი აცრილების 0.00019%-ში გამოვლინდა, რაც Pfizer-ით ვაქცინირებულ 1 მილიონ ადამიანზე გულის დაავადების 1.6 შემთხვევას, Moderna-თი ვაქცინირებულ 1 მილიონ ადამიანზე კი გულის დაავადების 1.9 შემთხვევას უდრის.

„საქართველო და მსოფლიოს“ წყარო - Iz.ru, თავის მხრივ, საინფორმაციო სააგენტო Politico-ს ეყრდნობა. თუმცა Politico-ს სტატიაში ნათქვამია, რომ EMA-მ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებსა და გულის დაავადებების ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი დაადგინა. მასში ასევე მოცემულია ორივე ვაქცინით აცრილთა საერთო რაოდენობა, რაც მკითხველს გულის დაავადებებისა და ვაქცინების შესაძლო კავშირის შესახებ სრულ სურათს აწვდის:

ამრიგად, „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატია და მისი სათაური მანიპულაციურია.

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3308 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი