„ალტ-ინფო“ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 11 ივლისს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზი უცნობია. შსს-მ საქმის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ლექსო ლაშქარავას, რამდენიმე დღის წინ - 5 ივლისს, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისის დარბევისას ძალადობრივი ჯგუფის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ლაშქარავას დაუდგინდა ტვინის შერყევა და სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული. მას შესაბამისი ოპერაციაც ჩაუტარდა.

აღნიშნულ მოვლენას, ულტრამემარჯვენე პრორუსულმა პლატფორმამ „ალტ-ინფომ“, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო, სპეციალური ეთერი მიუძღვნა. გადაცემაში წამყვანებმა რამდენჯერმე გააჟღერეს საკუთარი პოზიცია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების უკან ე.წ. „ლიბერალური ძალა“ დგას, რომელსაც ამ ტრაგედიით საზოგადოების გრძნობებით მანიპულირება და სახელმწიფოს გადატრიალების გამოწვევა სურს. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, შოთა მარტინენკო ამბობს: „არსებობს ძალიან დიდი ეჭვი იმაზე, რომ აქ ჩვეულებრივი, მიზანმიმართული ნაბიჯები გადაიდგა საკრალური მსხვერპლი რო მიეღოთ ამათ და არაა გამორიცხული და დიდი შანსია იმისა, რომ ჩვეულებრივ იმოქმედეს იმისთვის, რომ ეს ადამიანი დაღუპულიყო და შემდეგ, ამაზე აეწიათ ისტერიკა“. მისივე თქმით, „სახეზე არ არის მძიმე დაზიანებები, თვითონაც (ლექსო ლაშქარავა) ამბობს, ეს არ არის აშკარად იმ ხარისხის დაზიანებები, რომ ფატალურობა გამოიწვიოს და 5 დღეში ამ დაზიანებების მიღებიდან ადამიანი რომ გარდაიცვლება, თან ყველანაირი შემოწმება რო ჩაუტარდა საავადმყოფოში, ეგ იწვევს ძალიან დიდ ეჭვს, ძალიან მცირე შანსია მაგის, რომ ეს უბრალოდ, შემთხვევით მოხდეს ძალიან დიდ ეჭვს იწვევს იმისა, რომ ლიბერალურმა სისტემამ, დასავლეთმა, რომელიც არის სრულ პანიკაში, რაღაცა უნდა მოეხერხებინა და გაწირეს, შეწირეს საკრალური მსხვერპლი. ამის შანსი არის ძალიან დიდი“.

ანალოგიურ მტკიცებას ავითარებეს გადაცემის მეორე წამყვანი, ირაკლი მარტინენკოც. მისი განცხადებით, „(ე.წ. „ლიბერალურმა ძალებმა“), სავარაუდოდ, ეს ადამიანი მოკლეს. ახლა უნდა გაირკვეს რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ სავარაუდოდ, იმათი რეაქციები, როგორი გახარებულებიც ისინი არიან ამ ყველაფრით, ეს ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ სავარაუდოდ შეწირეს მსხვერპლი და ამ შეწირულ მსხვერპლს გამოიყენებენ პოლიტიკურად“.

ამასთან, წამყვანებმა მინიშნებები გააკეთეს ლექსო ლაშქარავას მოწამვლაზეც. შოთა მარტინენკო საზოგადოების ნაწილის მხრიდან ექსპერტიზის მიმართ გაცხადებულ უნდობლობაზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ „ლექსო ლაშქარავა გუშინ გადაცემაში იყო და ამბობდა ნორმალურად ვგრძნობ თავსო და უცებ, მოულოდნელად, 5 დღეში ხდება ადამიანის გარდაცვალება და პასუხად ექსპერტიზა რო ინიშნება ამაზე ისტერიკას აწყობენ და გვარამია რას ყვირის იცით? გვარამია ყვირის, რომ ახლა ნარკოტიკული ნიშნები რომ ამოვარდესო, ეგ არაფერს არ ნიშნავსო, ანუ თვითონ ამას ყვირის, წინდაწინ ლაპარაკობს ამას ... უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანის მოწამვლას, რამე ნივთიერების შეპარებას არაფერი არ უნდა, მით უმეტეს, თუ იმ წრეში ტრიალებ. შეიძლება, ჩვენი მოწამვლა მათთვის რთული იყოს იმიტომ, რომ საერთოდ შეხებაში არ ვართ. მარა შენ რო იმ წრეში ტრიალებ და რო გენდობა და მისი გუნდის ნაწილი ხარ, მანდ მოწამვლა არაფერი პრობლემა არაა“. მიუხედავად იმისა, რომ 45 წუთიან გადაცემაში რამდენჯერმე ახსენეს, რომ მათი პოზიცია შეფასებითი იყო და კონკრეტული არგუმენტები არ გააჩნდათ, ლექსო ლაშქარავას დაღუპვაში ლიბერალური ძალების დადანაშაულება გადაცემის მთავარ სათქმელს წარმოადგენდა. წინადადებების ამგვარი წყობის მიუხედავად, გადაცემის წამყვანები კონსპირაციულ თეორიებს ისე ავრცელებდნენ, როგორც ფაქტებს და ცდილობდნენ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის, მის ცხედარის ექსპერტიზა უტარდება. შესაბამისად, „ალტ-ინფოს“ მიერ გაჟღერებული მტკიცებები, რომ ლექსო ლაშქარავა ე.წ. „ლიბერალურმა ძალებმა“ მოკლეს და ამ ტრაგედიით ცდილობენ სახელმწიფო არეულობის გამოწვევას, კონსპირაციის თეორიას წარმოადგენს.

კონსპირაციის გასამყარებლად გადაცემის მონაწილეები პარალელს ავლებენ ჯორჯ ფლოიდის საქმესთან. ჯორჯ ფლოიდი აშშ-ში პოლიციის მიერ მოკლული ადამიანია, რომლის სიკვდილსაც რასიზმის წინააღმდეგ გამოსვლები მოჰყვა. გადაცემის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ფლოიდი მოკლა არა პოლიციელმა, არამედ ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა. საყურადღებოა, რომ გულის უკმარისობა, სწორედ პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტებამ და არაადამიანაურმა მოპყრობამ გამოიწვია. ამასთან, 2021 წლის მაისში მინესოტის სასამართლომ 4 პოლიციელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

---------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.